ენდი მარი 2023 წელს აქტიურ სეზონს გეგმავს

ენდი მარი 2023 წელს აქტიურ სეზონს გეგმავს | Setanta Sports

ვეტერანი ბრიტანელის თქმით, მომდევნო სეზონში ის არაერთ ტურნირზე აპირებს გამოსვლას, მათ შორის თიხის საფარზეც.

მიმდინარე წელს ენდი მარიმ თიხის ტურნირების უმრავლესობა გამოტოვა, ვინაიდან მენჯის ოპერაციის გადატანის შემდეგ ამ საფარზე მისთვის განსაკუთრებული დატვირთვა მოდის. თუმცა, როგორც ჩანს, მიუხედავად ამისა, 35 წლის მოთამაშე ახალი სეზონისთვის განსხვავებულ მიდგომას გეგმავს.

„ვაპირებ 2023 წელს აქტიურად ვიყო ტურში. დავიწყებ ავსტრალიით, სადაც ყოველთვის დიდ სიამოვნებას ვიღებ. ავსტრალიის ღია პირველობამდე რამდენიმე ტურნირზე ვითამაშებ. შემდეგ კვლავ ჰარდის სეზონს გავაგრძელებ, შემდეგ იმედია შევძლებ გადასვლას თიხაზეც, შემდეგ კი დავბრუნდები ბრიტანეთში ბალახის ტურნირებისთვის“, – ამბობს მარი.

ენდი მარისთვის წლევანდელი წელი წარმატებული გამოდგა. სეზონის განმავლობაში მან 86 საფეხურით წაიწია წინ და საბოლოოდ, წელი 50-ეულში დაასრულა. მიუხედავად მძიმე ფიზიკური კონდიციებისა, ბრიტანელი კვლავ საოცრად მოტივირებულია და კარიერის შეწყვეტა არ სურს.

„მე კვლავაც კონცენტრირებული ვარ ჩოგბურთის თამაშსა და მატჩების მოგებაზე. კმაყოფილი ვარ წლევანდელი პროგრესით, თუმცა დეტალები ჯერ კიდევ გასაუმჯობესებელია. დეკემბერში გავაგრძელებ თავდაუზოგავად მუშაობას და იმედი მაქვს, მომდევნო წელს უფრო მეტი შეხვედრის მოგებას შევძლებ“.

ენდი მარის კარიერაში 46 ტურნირი აქვს მოგებული. ადრე მან სურვილი გამოთქვა, რომ ჩოგბურთიდან წასვლამდე 50 ტიტულის დაგროვება შეძლოს.

ავტორის შესახებ

მიიღე წვდომა ჩვენს პლატფორმაზე