სარჩევი
მერაბ დვალიშვილი და ქართველი კალათბურთელი | Setanta Sports
2023 იან 13, 22:04 შშ
1 წუთის საკითხავი

მერაბ დვალიშვილის ამერიკული ოცნება რომ შთამბეჭდავია, ამას დიდი საუბარი არ სჭირდება. ქართველი “მანქანა” 2012 წლიდან აშშ-ში იმ წარმატებისათვის ცხოვრობს, რასაც დღეს მსოფლიოში საუკეთესო მებრძოლის სტატუსი ჰქვია.

ამის ერთ-ერთი ბოლო დასტური კი წერილია, რომელიც ქართველმა მებრძოლმა გულშემატკივრისაგან, ახალგაზრდა კალათბურთელისაგან მიიღო.

აშშ-ში მოასპარეზე ქართველმა კალათბურთელმა, სანდრო კოკოჩაშვილმა მერაბ დვალიშვილს მოტივაციისათვის მადლობა გადაუხადა და გრძნობები გაუზიარა.

“მერაბ, შენმა ისტორიამ ძალიან დიდი მოტივაცია მომცა, დიდი ხნის წინ.

მე კალათბურთელი ვარ, ჩამოვედი ამერიკაში 17 წლის ასაკში, კარგად მიდიოდა ყველაფერი, კოვიდამდე. კოვიდმა ჩემი კალათბურთის მიღწევები დამიფარა და უნივერსიტეტებიდან შემოთავაზებებიც გამიუქმა.

ახლა ლუიზიანაში ვარ, ვვარჯიშობ, რომ გუნდში მოვხვდე, მაგრამ ჯერ მწვრთნელი გუნდში არ მსვამდა, რადგან ჩემი მიღწევებით არ იყო დაინტერესებული და გუნდში მენეჯერობა შემომთავაზა. ასე ვთქვათ, შავი სამუშაოს შესრულება.

რამდენიმე ხნის წინ დაინახა, რომ დარბაზში სულ ვვარჯიშობ, შედეგიც მაქვს და დარბაზშიც მძინავს, რათა გუნდელებს დავასწრო ვარჯიში და ახლა უკვე ნელ-ნელა, გუნდში დაწინაურებაზე მიდის საუბარი მომავალი წლისათვის.

შენ მე დიდი მოტივაცია მომეცი შენი ისტორიით და იმის უკვე მჯერა, რომ შენი მიზნისათვის თუ იშრომებ და თავი სულ აწეული გექნება, ბოლოში მაინც მიაღწევ”.

სანდრო კოკოჩაშვილი – კალათბურთელი

აღსანიშნავია, რომ ქართველი მებრძოლი ყოველთვის საუბრობს იმ წარმატების საიდუმლოზე, რომლითაც ის UFC-ის სუპერმსუბუქი წონის #2 მებრძოლი გახდა.

მერაბის ბრძოლის შემდგომი ინტერვიუ მარლონ მორაესთან გამარჯვების შემდეგ

რაც შეეხება დვალიშვილის უახლოეს გეგმებს – ჯერჯერობით, უცნობია, თუ ვინ იქნება მისი მომავალი მეტოქე. ამ ეტაპზე, ქართველს მოგებათა 8-ბრძოლიანი სერია აქვს და 5 წელია, რაც დაუმარცხებელია.