სარჩევი
დვალიშვილი vs იანი | Setanta Sports
2023 იან 18, 11:52 შ-მდე
1 წუთის საკითხავი

UFC-ის სუპერმსუბუქი წონის ქართველი მებრძოლის, მერაბ დვალიშვილის მომავალი მეტოქე რუსი პიოტრ იანი იქნება.

ინფორმაციას ამის შესახებ Las Vegas Review Journal ავრცელებს. ინფორმაცია Setanta Sports-ს მერაბ დვალიშვილმაც დაუდასტურა.

ქართველისა და რუსი მებრძოლების დაპირისპირება UFC Vegas 71-ის ჰედლაინერი იქნება და 12 მარტს, ლას ვეგასში, Virgin Hotels-ის თეატრში შედგება, სადაც ორთაბრძოლებს 4500-მდე მაყურებელი დაესწრება.

დვალიშვილი vs იანი – საქართველო vs რუსეთი

ცხადია, ორთაბრძოლა არ არის მხოლოდ ორი გამორჩეული სუპერმსუბუქწონოსანის დაპირისპირება, არამედ, საქართველო – რუსეთის წინააღმდეგ. ამის შესახებ უკვე საუბრობენ MMA-ს გულშემატკივრები. დაპირისპიერბას უდავოდ ყველაზე დიდი ინტერესი აქვს.

პიოტრ იანი ორმარცხიან სერიაზეა. 2022 წელს რუსმა მებრძოლმა ორჯერ იბრძოლა – პირველად, სატიტულო ბრძოლაში ალჯამეინ სტერლინგთან, ხოლო შემდეგ, შონ ო’მალისთან დამარცხდა.

რუსი მებრძოლისაგან განსხვავებით, მერაბ დვალიშვილს უკვე რვა ბრძოლაა ვერავინ აჩერებს და ბოლოს 2018 წელს, რიკი სიმონთან, მსაჯების შეცდომით დათმო ბრძოლა. ბოლო დაპირისპირებაში მერაბმა ლეგენდარული ჟოზე ალდო დაამარცხა.

საგულისხმოა, რომ ქართველი მებრძოლი რუსულ აგრესიასა და ოკუპაციაზე საუბარს არასდროს ერიდება და საერთაშორისო მედია საშუალებებთან მუდმივად აღნიშნავს, რომ საქართველოს 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ.

სად და როგორ ვუყუროთ დვალიშვილი-იანის ორთაბრძოლას

მერაბ დვალიშვილისა და პიოტრ იანის ორთაბრძოლის ლაივ ტრანსლაციას მაყურებელი setantasports.com -ზე იხილავს.

ასევე, UFC-ის ქართველი მებრძოლი Setanta Sports-ის საერთაშორისო პარტნიორი ათლეტი გახდა. ყველაზე რეიტინგულ ქართველ მებრძოლსა და რეგიონის ყველაზე მსხვილ მედიას შორის ხელშეკრულება სასტუმრო სტამბაში, გასულ წელს 30 აგვისტოს გაფორმდა.