დვალიშვილი vs იანი – საქართველო vs რუსეთი

დვალიშვილი - იანი - საქართველო vs რუსეთი | Setanta Sports

საქართველო vs რუსეთი – ეს ბრძოლა თავისუფლებისთვისაა და მისი მნიშვნელობა, მათ შორის, სპორტის ყველა სახეობის ბევრ წარმომადგენელს განსაკუთრებით კარგად ესმის და ესმოდა. ოქტოაგონზე მისი მორიგი სერია შედგება – დვალიშვილი vs იანი!

#UFCLasVegas-ის და კვირის მთავარი ბრძოლა UFC-ში სწორედ მერაბ დვალიშვილსა და პიოტრ იანს შორის შედგება.

“ეს მეტია ვიდრე რიგითი ბრძოლა”, – თქვა მერაბ დვალიშვილმა. UFC-ის ქართველი მებრძოლი, როგორც ოქტაგონზე ისე მის მიღმა მართებულად აფასებს ვითარებას და შესაბამის განცხადებებსაც აკეთებს.

რუსეთსა და საქართველოს შორის სპორტულ ასპარეზზე არაერთი გამორჩეული დაპირისპირება ყოფილა, რომელიც საქართველოს სასარგებლოდ დასრულებულა. ამ სტატიაში მათ ნაწილს გადავავლოთ თვალი.

საქართველო vs რუსეთი – ფეხბურთი

მანამ სანამ მალხაზ ასათიანი გოლი და ერის თვითგამორკვევის ტოლფასი გამარჯვება იქნებოდა იყო უეფას თასი და დინამო თბილისი.

დინამო თბილისი 2:1 მოსკოვის ტორპედო

1996-97 წლების სეზონში დინამო თბილისი 1/32-ფინალში მოსკოვის ტორპედოს შეხვდა.

ოკუპანტების დედაქალაქში პირველი მატჩი დინამომ მინიმალური უპირტესობით მოიგო. დავით ყიფიანის გუნდიდან გოლი გოჩა ჯამარაულმა გაიტანა.

საპასუხო მატჩი თბილისში, დინამო არენაზე გაიმართა და 1:1 დასრულდა. ვალენტინ ივანოვის გუნდს გოლი ბორის პაიჭაძეზეც ჯამარაულმა გაუტანა.

საქართველო 1:0 რუსეთი – ასათიანის გოლი

საქართველოსა და რუსეთს პირველი ოფიციალური შეხვედრა ერთმანეთის წინააღმდეგ 2002 წელს 12 ოქტომბერს ჰქონდათ. მაშინ, თბილისში სტადიონზე შუქი რამდენჯერმე ჩაქვრა. შესაბამისად, მატჩიც გადაიდო.

2003 წლის 30 აპრილს კი იმავე მიხეილ მესხზე საქართველოს ნაკრებმა ერთ-ერთი დაუვიწყარი გამარჯვება აჩუქა საქართველოს.

ივო შუშაკის ხელმძღვანელობით საქართველომ რუსეთს 1:0 მოუგო. გოლი მალხაზ ასათიანის ანგარიშზე იყო.

გამარჯვებას განსაკუთრებით დიდი ემოცია კი, ცხადია, იმიტომ ახლდა, რომ მეტოქე რუსეთი იყო – ჩრდილოელი დამპყრობელი მისი 250-წლოვანი, დღემდე უცვლელი, იმპერიალისტური მისწრაფებით.

თბილისის ლოკომოტივი – დინამო მოსკოვი

2020 წლის 17 სექტემბერს ლოკომოტივმა საქართველოს მიერ რუსეთის დაბრიყვების საქმეში მორიგი ფურცელი ჩადო.

პანდემიის გამო კვალიფიკაციის რაუნდები ერთ მატჩად ტარდებოდა. მიხეილ მესხი 2-ზე გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდმა ოკუპანტებს 2:1 მოუგო. გოლები ირაკლი სიხარულიძემ და მამია გავაშელიშვილმა გაიტანეს.

საქართველო vs რუსეთი – რაგბი

ყველაზე წარმომადგენლობითი და განგრძობითი სახე რუსეთის რბევას რაგბიში აქვს.

26 შეხვედრიდან ბორჯღალოსნებს 24 მოგებული აქვთ. რუსების აქტივში კი 1993 წელს დასაწყისში მიღწეული 1 გამარჯვებაა.

ბოლო გამარჯვება ტექნიკური ხასიათისაა. უკრაინაში ღია სამხედრო აგრესიის წამოწყების გამო რუსეთი რაგბი ევროპის გათამაშებიდან მოიკვეთა. 24 თებერვალს უკრაინის მთელ ტერიტორიაზე შეჭრის გამო 27 თებერვალს გასამართი მატჩი გაუქმდა და ოკუპანტებს მარცხი ჩაეთვალათ.

საქართველო vs რუსეთი – ჩოგბურთი

ცხადია, სტატიაში უკლებლივ ყველა ქართული გამარჯვება ასახული ვერ იქნება.

ასეთები ქართულ ჩოგბურთშიც იყო. ნიკოლოზ ბასილაშვილს ანდრეი რუბლიოვი და კარენ ხაჩანოვი ჰყავს დამარცხებული.

ანა ტატიშვილმა კი ჩარლსტონში რუს მარია კირილენკოს აჯობა.

საქართველო vs რუსეთი – ძიუდო

რაოდენობრივად რუსეთთან გამარჯვებების ყველაზე დიდი წილი ცხადია, ინდივიდუალურ სახეობებზე – თავისუფალ და ბერძნულ-რომაულ ჭიდაობასა და ძიუდოზე მოდის.

მათგან არაერთი დასამახსოვრებელი გამარჯვება ყოფილა. თუმცა ემოციური თვალსაზრისით ირაკლი ცირეკიძისა და ლაშა შავდათუაშვილის მოგებები იყო დასამახსოვრებელი.

ცირეკიძემ რუსი ივან პერშინი 2008 წლის 13 აგვისტოს დაამარცხა. ამ გამარჯვებას კი შესაბამისი ფრაზა “რუსი გაკრულია ბეჭებზე” მოჰყვა.

ცხადია, შავდათუაშვილსაც არაერთი რუსი დაუმარცხებია, თუმცა კარიერიაში ალბათ, ყველაზე ემოციური 2016 წლის ოლიამპიადაზე, რუსეთის სამხედრო აგრესიიდან 8 წლის თავზე დენის იარცევის დამარცხება იყო.

საქართველოს ძიუდოს ნაკრებს რუსეთი გუნდურშიც არაერთგზის დაუმარცხებია. 2014 წელს მონპელიეში ევროპის ჩემპიონატის ფინალში მოპოვებული გამარჯვება კი ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე ემოციური იყო.

საქართველო vs რუსეთი – პლაჟის ფრენბურთი

და საქა და რთველო და გეორ და გია თუ გახსოვთ?

2008 წლის ოლიმპიადაზე საქართველოს ღირსებას პლაჟის ფრენბურთში ნატურალიზებული ბრაზილიელები იცავდნენ. მამაკაცების წყვილმა ბრინჯაოს მედლებისთვისაც კი ითამაშა.

გოგონებმა კრისტინა სანტანამ და ანდრესა შაგასმა კი ჯგუფში რუსი წყვილი დაამარცხეს და ფლეიოფში მესამეადგილოსნების კვოტით გავიდნენ.

ცხადია, სპორტის ქართველი გულშემატკივრები მერაბ დვალიშვილისგან რუს სპორტსმენზე გამარჯვებას ელიან.

სად და როგორ ვუყუროთ დვალიშვილი vs იანის ბრძოლას

დვალიშვილი vs იანი 12 მარტს 00:05 საათიდან დაიწყება და მისი ხილვა setantasports.com-ზე ექკლუზიურად იქნება შესაძლებელი.

მარტის სიგიჟე და პრომოკოდი

setantasports.com-ზე მარტის სიგიჟე დაიწყო. პრომოკოდის MAD2023-ის გამოყენების შემთხვევაში, 700-ზე მეტ ლაივ ტრანსლაციაზე სრულიად უფასოდ მიიღებთ წვდომას.

ავტორის შესახებ
ირაკლი იმედაძე
ირაკლი იმედაძე
მე სპორტული ჟურნალისტი, სცენარისტი და ფეხბურთის კომენტატორი ვარ. ხუთი წელია, Setanta Sports-ისა და ჩემი გზები დაკავშირებულია. შეხედულება, უფრო მეტიც, აქსიომა, რომ სპორტი უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ ფიზიკური აქტივობა ან მსგავსი რამ, თავიდან ბოლომდე მრთავს ამ ინდუსტრიაში და ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი ხდება. ვარ საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, ახლო აღმოსავლეთის კონცენტრაციით. ვფიქრობ, ორიენტალისტიკა სპორტის ლაბირინთებში ორიენტირებაში ძალიან მეხმარება.

მიიღე წვდომა ჩვენს პლატფორმაზე