ზეიმობს მოგებული, ზეიმობს წაგებულიც

ЧС-2022. Аргентина та Польща у плей-оф | Setanta Sports

მესამე წრის მეორე დღე პირველზე საინტერესო და დაძაბული გამოდგა. მოლოდინი გამართლდა, დრამატიზმი ბოლო წუთებამდე შენარჩუნდა და ცოტა უცნაური სურათიც ვიხილეთ, – მოგებულიც ზეიმობდა და წაგებულიც.

C ჯგუფის გამსვლელები გამოვლინდნენ და უკვე ვიცით ვინც ელოდებათ მერვედფინალში. ჯერჯერობით ყველაფერი ლოგიკურად მიდის.

არგენტინა – პოლონეთი

არგენტინას აუცილებლად მოსაგები ჰქონდა, პოლონეთი კი სხვადასხვა ვარიანტებს განიხილავდა, ტაქტიკაც ამის შესაბამისი უნდა გვეხილა, საბოლოოდ ყველაზე მოსალოდნელი გეგმა აირჩიეს, გუნდმა დაცვიდან ითამაშა იმის იმედად რომ არგენტინას კონტრშეტევაზე გამოიჭერდა, თუმცა, პოლონეთს ბევრი არაფერი შეუქმნია. არგენტინა სრულ უპირატესობას ფლობდა და სამართლიანად მოიგო. პირველი ტაიმის ბოლო წუთებზე აბსოლუტურად გაუგებარი თერთმეტმეტრიანიც ვიხილეთ, რომელიც მესიმ ვერ გამოიყენა, სჩესნიმ რიგით მეორე თერთმეტმეტრიანი მოიგერია მიმდინარე ჩემპიონატზე.

განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს ის რომ მომენტი VAR-მა გადაამოწმა, მსაჯი მონიტორთან მივიდა, ყველაფერი დეტალურად გააანალიზა და მაინც პენალტი დანიშნა. იმის თქმაც რთულია მიიღებს თუ არა ამის გამო შენიშვნას.

მიუხედავად გაფუჭებული პენალტისა, ლიონელ მესის კარგი მატჩი ჰქონდა, ბევრი მომენტი შექმნა, გუნდის მთავარი მამოძრავებელი ძალა იყო და მოგებაშიც თავის წვლილი შეიტანა.

მეორე ტაიმის დასაწყისში მაკალისტერმა გაიტანა, ოცი წუთის შემდეგ კი ალვარესმა ანგარიში ორამდე გაზარდა, შანსი მიიღო და გამოიყენა, ძალიან კარგი გოლი გამოვიდა, რომელიც მყარად დაამკვიდრებს ძირითად შემადგენლობაში.

არგენტინამ 6 ქულას მოუყარა თავი და ჯგუფიდან პირველი ადგილით გავიდა. გუნდი უმატებს და ბადეც ისეთი აქვთ, რომ ნახევარფინალის კარგი პერსპექტივა ჩანს.

მექსიკა – საუდის არაბეთი

საუდის არაბეთმა ერთი სენსაციაც იმყოფინა. როცა სერიოზულად არავინ აღიქვა ეს უპირატესობად აქციეს, მომდევნო ტურებში მსგავსი რამ აღარ განმეორებულა, საუდის არაბეთს მიუდგნენ ისე, როგორც ანგარიშგასაწევ ძალას და სამ ქულაზე გაყინეს. ამის გამო ფეხბურთელებს უკვე მიღებულ ჯილდოს არავინ ჩამოართმევს.

მექსიკას უნდა მოეგო, რაც შეიძლება დიდი ანგარიშით. არგენტინაზე იყვნენ დამოკიდებულნი და არგენტინამ თავის საქმე გააკეთა, რაღაც მხრივ, მექსიკის საქმეც გააკეთა, – მატჩი მოიგო, მოიგო ორი ბურთის სხვაობით.

მექსიკამ საჩუქარი ვერ გამოიყენა, ჯერ მარტინმა გაიტანა, მერე კი ჩავესმა შეაგდო ულამაზესი ჯარიმა, ჩემპიონატის საუკეთესო გოლი, ჯერჯერობით. ბოლოს მთელი ძალით გადავიდნენ შეტევაზე, ერთის გატანის შემთხვევაში მექსიკა გავიდოდა შემდეგ ეტაპზე, მაგრამ აქეთ გაუშვეს გოლი.

მთელი პოლონეთი ელოდა პარალელური მატჩის დასრულებას, ჰოდა, ისე მოხდა, რომ ყველამ იზეიმა, მოგებულმა არგენტინამ და წაგებულმა პოლონეთმა. ოქროს ბურთის მფლობელმა მესიმ, და ბურთის გარეშე დარჩენილმა ლევანდოვსკიმ.

მერვედფინალში არგენტინა ავსტრალიის ნაკრებს შეხვდება, პოლონეთი – საფრანგეთს.

ავტორის შესახებ
არმაზ ახვლედიანი
არმაზ ახვლედიანი
მე ვარ Setanta Sports-ის ჟურნალისტი არმაზ ახვლედიანი. ამჟამად ვწერ ანალიტიკურ სტატიებს ფეხბურთზე, სოციო-ეკონომიკური და პოლიტიკური გავლენების შესახებ. გარდა ამისა, ვწერ ბლოგებსა და მიმოხილვებს. აქამდე პოლიტიკის, ლიტერატურისა და მოგზაურობის შესახებ ვწერდი ჟურნალ ლიბერალში, რადიო თავისუფლებაზე და National Geographic-ზე. ვარ ლიტერატურული ჟურნალის, "დარაჯის" ერთ-ერთი დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. ვარ ფსიქოლოგიისა და ტურიზმის ბაკალავრი და შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის მაგისტრი. ხშირად ვიყენებ ლიტერატურულ თეორიებს ბლოგების სტრუქტურის ასაგებად, ასევე, გამომიყენებია შედარებითი ანალიზი, ფეხბურთელებსა და ლიტერატურულ პერსონაჟებს შორის.

სარჩევი

ჩაყვინთვის სპორტში
ტოპ ლიგები
პრემიერ ლიგა
ბუნდესლიგა
ლა ლიგა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
მიჰყევით SETANTA-ს

მიიღე წვდომა ჩვენს პლატფორმაზე