საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა პრესკონფერენცია გამართა და ევროპის ჩემპიონატზე წამსვლელთა სია დაასახელა. სანიოლთან ერთად პრესკონფერენციაზე ისაუბრა ეროვნული ნაკრების მენეჯერმა, ალექსანდრე იაშვილმა.
ალექსანდრე იაშვილი – საოცარი შეგრძნებაა როცა ჩემპიონატისთვის ემზადები. მინდა აღვნიშნო რომ ერთიანობა იყო განმსაზღვრელი რამაც ეს წარმატება შესაძლებელი გახადა.
ვილი სანიოლი – ბოლოს როცა შევხვდით ყველა ბედნიერი ვიყავით, კვლავ მიხარია თქვენი ნახვა, ყველაფერი დღეს იწყება, ახლა კი 26 ფეხბურთელის განაცხადს გაგაცნობთ. საბოლოო განაცხადს 7 ივნისს წარვადგენთ უეფას მოთხოვნის შესაბამისად.
მეკარეები: მამარდაშვილი, ლორია, გუგეშაშვილი;
მცველები: კვირკველია, გველესიანი, კაშია, ტაბიძე, დვალი, ლოჩოშვილი, კაკაბაძე, გოჩოლეიშვილი;
ნახევარმცველები: ჩაკვეტაძე, მექვაბიშვილი, კანკავა, კიტეიშვილი, კვეკვესკირი, ქოჩორაშვილი, ალთუნაშვილი, შენგელია, წიტაიშვილი;
თავდამსხმელები: ზივზივაძე, ლობჟანიძე, მიქაუტაძე, ქვილითაია, კვარაცხელია, დავითაშვილი;
ალექსანდრე იაშვილი – სამწუხაროდ ვისთანაც შეთანხმებული ვიყავით რომ თბილისში გვეთამაშა ის თამაში აღარ გამოვიდა. მოგეხსენებათ ბევრი ფეხბურთელი აგრძელებს სეზონს, რამდენიმე დღე სჭირდებათ დასასვენებლად. აქიდან გამომდინარე გადავწყვიტეთ რომ გერმანიაში წავსულიყავით. საგურამოშიც საუკეთესო პირობებია, მაგრამ ახლა ასე გადავწყვიტეთ.
ძალიან გვსურდა ამხანაგური თბილისში გვეთამაშა და ქომაგს გაეცილებინა ნაკრები ევროზე, მაგრამ სამწუხაროდ ასე მოხდა. ავსტრიაში, გერმანიის მეზობლად აკლიმატიზაცია გაცილებით მარტივი იქნება.
ვილი სანიოლი – ორი თუ სამი თვის წინ ვსაუბრობდით რომ ევროპის ჩემპიონატი საოცნებო იყო ჩვენთვის, ახლა კი ჯგუფიდან გასვლაზე ვსაუბრობთ. დიდი პრივილეგიაა ასეთ ჩემპიონატზე თამაში. ასე ყველაზე რთული ჩემპიონატია მსოფლიოში. მოთხოვნები ძალიან მაღალია. ჩვენ ამაყნი ვართ რომ აქ თამაში გვიწევს, არ მსურს მოთხოვნის მინიმალური ზღვარი დავუსახო ჩემს ფეხბურთელებს, ეს წნეხს გაზრდის, რაც ისედაც არ გვაკლია. კონცენტრაცია არ მოგვაკლდება და ვფიქრობ თუ ფეხბურთელები ყველაფერს გაიღებენ მე მჯერა რომ ჯგუფიდან გავალთ. ამის პირობას არ ვიძლევი, მაგრამ ასე მჯერა.
პლეიოფების დროს ვნახეთ შენგელია, რომელმაც ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა, ასევე წიტაიშვილმაც, ამიტომ აზაროვი მიღმა დარჩა, ის ამ შემთხვევაში მესამე ვარიანტი იყო. გადაწყვეტილების მიღება ყოველთვის რთულია.
სიის მიღმა დარჩენილი ფეხბურთელები ბოლომდე მზად უნდა იყვნენ, თუ რაიმე გაუთვალისწინებელი მოხდა, 7 ივნისამდე იქნება დრო რომ განაცხადში ცვლილება შევიტანოთ.
ჩემი მისია აქ დავიწყე სამწელიწადნახევრის წინ, მიხარია რომ ფეხბურთელების განვითარებას ვადევნებ თვალყურს, ჩემთვის ფეხბურთი ბევრ რამეზე მეტყველებს – დისციპლინაზე, შრომის კულტურაზე. ის დღეები რაც მარტში ერთად გავატარეთ, ამის შემხედვარე ძალიან ბედნიერი ვიყავი, რადგან ბიჭები იდეალურად მოემზადნენ. კიტეიშვილი ახსენეთ, ბოლო ორ წელში მან ბევრი რამ შეცვალა ვარჯიშებზე, მხოლოდ ტალანტით ვერაფერს მიაღწევ, ჩვენი ფეხბურთელები ძალიან ბევრს მუშაობდნენ და დაიმსახურეს ევროპის ჩემპიონატზე თამაში.
გიორგი ლორიას პირველ შეხხვედრას დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვებს.
ამჟამად ჩავთვალე რომ ის ფეხბურთელები გამომეძახებინა, რომლებიც ჩემპიონატზე წასასვლელად მოიაზრებიან, ახლა რომ სხვა ფეხბურთელებისთვის შანსი მიგვეცა 7 ივნისამდე, და მერე საბოლოო განაცხადში ვერ მოხვედრილიყვნენ, ეს ძალიან მძიმე ასატანი იქნებოდა. ასეთი ამბავი ფეხბურთელებზე ძალიან მძიმედ მოქმედებს.
რაც შეეხება შენგელიას, მან ტრავმა მოირჩინა და ჩვენ მას ბოლომდე ვენდობით.
იაშვილი – რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია რომ ბოლო დროს ჩვენი ფეხბურთელები კარგ ფორმაში შევიდნენ. დარწმუნებული ვარ რომ ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრამ გაზარდა მათი მოტივაცია, წლების განმავლობაში რა სიმძიმესაც ვამატებდით, ახლა მოხსნილია. გვაქვს ამბიცია, გვაქვს მიზანი და მჯერა რომ წარმატებით ვითამაშებთ.
დარწმუნებული ვარ სხვადასხვა ქალაქებში მოხდება ორგანიზება იმისა რომ ქომაგმა ერთად უყუროს შეხვედრებს.
საქართველოს ნაკრების შკრება 28 მაისს დაიწყება.