სარჩევი

ხვალ, თბილისის დროით 21:00 ზე ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონზე ერთა ლიგის ნახევარფინალი გაიმართება. საქართველოს ნაკრები ლუქსემბურგის ნაკრებს უმასპინძლებს. მატჩის წინ ვილი სანიოლმა და ოთარ კიტეიშვილმა ისაუბრეს.

ვილი სანიოლი: სულისკვეთება ყოველთვის მნიშვნელოვანია, ხვალინდელ შეხვედრაში ყველა ფოკუსირებული უნდა იყოს ჩემს მიერ მიცემულ დავალებებზე. ჩვენ გვყავს ფეხბურთელები, რომლებსაც მაღალ დონეზე შეუძლიათ თამაში. ჩვენ გონივრული თამაში გვმართებს, რა თქმა უნდა, საბრძოლო განწყობაც, როგორც ბრძანეთ.

მოტივაცია არ გვაკლია, თუ ამ ყველაფერს გონივრულ, ჭკვიანურ თამაშსაც დავუმატებთ, წარმატებას აუცილებლად მივაღწევთ.

ვილი სანიოლი: რამდენიმე ფეხბურთელი ორშაბათს ჩამოვიდა, ეს მცირე დროა თამაშამდე, მაგრამ ამას მიჩვეულები ვართ. ახალი ამაში არაფერია. ასეთი მატჩისთვის ბევრი არაფერი იცვლება, მათ შორის, არც ტაქტიკა. ფეხბურთელები ყველაფრისთვის მზად არიან, ეს მათთვის უკვე რუტინაა.

ოთარ კიტეიშვილი: ერთმანეთის ნახვა ძალიან გვიხარია, მატჩს მოუთმენლად ველით. ყველა ფეხბურთელისთის კარიერის ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრაა. ეს შემართება და განწყობა ძალიან დაგვეხმარება. ვემზადებით იმ განწყობით რომ ოცნება ავიხდინოთ.

ვილი სანიოლი: ლუქსემბურგის ნაკრების ბევრი შეხვედრა ვნახეთ, დეტალურად შევისწავლეთ მათი თამაში. დიდი შეცდომა იქნება თუ სათანადოდ ვერ შევაფასებთ მათ, ეს ძალიან კარგი გუნდია. ამ შეხვედრაში ყველაფერი უნდა გავიღოთ, თუ გვსურს, რომ საწადელს მივაღწიოთ.

ოთარ კიტეიშვილი: ბოლო დროს ლუქსემბურგი კარგად თამაშობს, სულ რამდენიმე დღეა შევიკრიბეთ და ტაქტიკაზე დღეს ვიმუშავებთ. მოედაზე მაქსიმუმი უნდა გავიღოთ, ყველამ საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია უნდა აჩვენოს ხვალინდელ შეხვედრაში.

ვილი სანიოლი: ჯაბა ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურაა გუნდისთვის და ახალგაზრდა ფეხბურთელებისთის, ეს ძალიან გამოცდილი მოთამაშეა. შემადგენლობაზე მხოლოდ ის შემიძლია ვთქვა რომ კვარაცხელია არ იქნება მოედანზე.

ოთარ კიტეიშვილი: ჩვენთვის ჯაბა არის მისაბაძი ადამიანი, თავისი ხასიათისა და ჟინის გამო. ეს განსაკუთღებული ძალაა და ამას ყველა ფეხბურთელი გრძნობს.

ვილი სანიოლი: შემადგენლობით ძალიან კმაყოფილი ვარ, ასეთი თამაშის წინ მნიშვნელოვანია რომ ფეხბურთელები ჯანმრთელად იყვნენ, ამ მხრივ ყველაფერი კარგად არის, კარგი პერიოდი აქვთ მიქაუტაძესა და ზივზივაძეს, დაგვიბრუნდა ქოჩორაშვილიც. ქომაგებისგან დიდ მხარდაჭერას ველით.

ოთარ კიტეიშვილი: ყველამ იცის როგორ ველით ამ შეხვედრას. ფეხბურთი მთელ ქვეყანას აერთიანებს და დიდი მადლობა მინდა ქომაგებს გადავუხადო მხარდაჭერისთვის, რომელსაც ყოველთვის ვგრძნობთ. ვხედავთ ამ სამზადისს და ეს გვახარებს, ერთიანობა მოედანზეც უნდა გადავიტანოთ.

პასუხისმგებლობას ყველა ვგრძნობთ, ფეხბურთს ეს წნეხი ყოველთვის თან ახლავს, როდესაც თამაში ახლოვდება წნეხი მატულობს, მაგრამ ვფიქრობ კარგად ვემზადებით როგორც გუნდურად, ისე ინდივიდუალურად. ასე რომ, ამ თამაშისთვის ფსიქოლოგიურად მზად ვართ.

ვილი სანიოლი: დიახ, მეც აღელვებული ვარ, ფეხბურთელების მსგავსად, მათ ფოკუსირებას ვთხოვ და იმავე მმართებს მეც. ფეხბურთელი ხარ თუ მწვრთნელი, ყოველთვის გჭირდება გამოწვევები, ამჟამად ჩემთვის მნიშვნელოვანია რომ პოზიტიურად განვეწყოთ.

ვილი სანიოლი: ამაზე ბევრი საუბარია თუ ვინ არის ფავორიტი, ეს პრესას აინტერესებს, მაგრამ მწვრთნელებისა და ფეხბურთელებისთვის ეს ბევრს არაფერს ცვლის, ჩვენ ვიცით რომ ყველაფერი მოედანზე წყდება და ერთ მომენტს ბევრი რამის განსაზღვრა შეუძლია.