სარჩევი
ვილი სანიოლის პრესკონფერენცია მონღოლეთთან მატჩამდე | Setanta Sports
2023 მარ 24, 21:55 შშ
3 წუთის საკითხავი

2023 წლის პირველ თამაშამდე ვილი სანიოლმა პრესკონფერენცია გამართა. მონღოლეთთან ამხანაგურ მატჩამდე ვილი სანიოლმა ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.

სანიოლი მონღოლეთის შესახებ

“მონღოლეთი სხვა კონტინენტიდანაა. შესაბამისად, მათზე ბევრი რამ არაა ცნობილი, თუმცა რამდენიმე თამაშს ვუყურე. ამის მიხედვით ვემზადებით მატჩისთვის.

ჩვენ გვყავს მოთამაშეები, ვინც ბევრი ითამაშა ნაკრებში, ზოგს დიდი დრო არ მისცემია. შანსს ყველას თანაბრად მივცემ.

ყველა ჩვენს მოთამაშეს საქმისადმი შესაბამისი მიდგომა აქვს. გვსურს, დისციპლინის მაქსიმალური დონე და გამარჯვება!”

სანიოლი გიორგი მიქაუტაძეზე

“დიახ, გიორგიზე ვისაუბრე და ის კარგად მიხვდა, რას ვგულისხმობდი. ახლა დროა, ნაკრებს დიდი სარგებელი მოუტანოს. გეთანხმებით, ის არაა ტიპური 9 ნომერი, თუმცა მას გააჩნია თავდამსხმელის დიდებული უნარები. შესაძლოა ის იქ მარტო არ იყოს და ითამაშოს კვარასთან, ბუდუსთან და ვოლკოვთან ერთად. მისგან უახლოეს მატჩებში კარგ თამაშს ველით”.

სანიოლი ხვიჩა კვარაცხელიაზე

“არ ვფიქრობ, რომ ხვიჩას პროგრესი ვინმესთვის შეუმჩნეველი დარჩა. ის დიდებულ ლიგაში თამაშობს, დიდებული თანაგუნდელები ჰყავს, უმაგრესი მწვრთნელით.

ყოველდღე უკეთესი ხდება. იმაზე უკეთესი, ვიდრე ალბათ ამას ველოდით. თქვენ წინ ყოველთვის ვსაუბრობთ: ხვიჩა, ხვიჩა, ხვიჩა, ხვიჩა. ეს უხერხულია.

ხვიჩას გარდა საქართველოს ნაკრებს კიდევ მრავალი კარგი ფეხბურთელი ჰყავს. თუ გავალთ ევროპის ჩემპიონატზე, საქართველო ხვიჩასთან ერთად ითამაშებს და იქ მხოლოდ კვარაცხელია არ იქნება.

მახსოვს პერიოდი, როცა ხალხი მასზე ნაწყენი იყო, რომ ნაკრების პერიოდში ხშირად ჰქონდა ტრავმები. ახლა ის საქართველოში გმირია. მისი მიდგომები სამაგალითოა ყველასთვის, ბოლო 2 წელში არაფერი შეცვლილა”.

სანიოლი საქართველოს ნაკრების მეკარეებზე

“ლუკა გუგეშაშვილი რამდენიმე თვის წინ გამოვიძახეთ ნაკრებში პირველად. მისი ბოლოდროინდელი პროგრესი ყარაბაღში გვაძლევდა საშუალებას, გამოგვეძახებინა საქართველოს ნაკრებში და გვიხარია, რომ ჩვენთან ერთადაა.

წინა თვეებთან შედარებით, ბოლო 3-4 დღეში სულ სხვა ლუკა გუგეშაშვილი ვნახე ნაკრებში. ძალიან კმაყოფილი ვარ მისით. თუ ასე გაგარძელებს, ის მიიღებს შანსს. მონღოლეთთან ითამაშებს გიორგი ლორია და იქნება კაპიტანი”.

სანიოლი ბათუმის ატმოსფეროზე

“ბათუმში რამდენჯერმე ვითამაშეთ. დასაწყისში უგულშემატკივროდ, კოვიდშეზღუდვების გამო. შვედეთთან საოცარი ატმოსფერო იყო. ნაკრების ბოლოდროინდელი შედეგები მაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ ქომაგი მოვა და საოცარ მხარდაჭერას გვაჩვენებს”.

სანიოლი გაბრიელ სიგუაზე

“გაბრიელი ძალიან ახალგაზრდა ფეხბურთელია, მას დიდი მომავალი აქვს, მათ შორის ნაკრებშიც.

თავდაპირველად, თავშეკავებული იყო და ეს ლოგიკურია, რადგან პირველადაა შეკრებაზე და გუნდელების ნაწილს არ იცნობს. მას ვესაუბრე, ავუხსენი რისი გაუმჯობესება შეუძლია უახლოეს მომავალში.

მესამე მეკარის გარდა ყველა მიიღებს გარკვეულ დროს უახლოეს ორ მატჩში. სიგუას შემთხვევაშიც ასე იქნება. ზუსტად ვერ გეტყვით, რამდენი ხნით, მაგრამ აუცილებლად ითამაშებს და მისთვის ეს საამაყო იქნება.”

საქართველოსა და მონღოლეთის ამხანაგური შეხვედრა 25 მარტს ბათუმში, 18:00 საათიდან დაიწყება.