მხარდასაჭერი მატჩი არაჩვეულებრივი იდეა იყო, ამაყი ვარ, რომ საქართველოს წარმოვადგენ – არველაძე

შოთა არველაძე Game4Ukraine-ზე | Setanta Sports

“ჩვენ საკუთარ თავზე გვაქვს გამოვლილი, რა უბედური ომიც მიდის და რა დღეშიც არის უკრაინა. ამ თამაშის ორგანიზება არაჩვეულებრივი იდეაა და ამაყი ვარ, რომ ლონდონში საქართველოს წარმოვადგენ” – ამბობს შოთა არველაძე Setanta Sports-თან საუბარში, რომელიც უკრაინის მხარდასაჭერ, საფეხბურთო მატჩს, Game4Ukraine-ს ეხება.

Setanta Sports-ი Game4Ukraine-ის ერთ-ერთი მხარდამჭერია და გულშემატკივარს საშუალებას აძლევს, 5 აგვისტოს, სტემფორდ ბრიჯზე, მსოფლიო ფეხბურთისა და შოუბიზნესის ვარსკვლავების მონაწილეობით გასამართ საფეხბურთო მატჩს, ევროპისა და აზიის 10 ქვეყანაში უყუროს.

ამ მომენტისთვის, შოთა არველაძე ერთადერთი ქართველია, რომელიც აღნიშნულ ღონისძიებაზეა მიწვეული და ის უკრაინის ნაკრების მოქმედი კაპიტნის, ოლექსანდრ ზინჩენკოს ყვითელ გუნდში ითამაშებს.

ლონდონის არსენალის ფეხბურთელის გუნდი უკრაინის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირის, ანდრეი შევჩენკოს ლურჯ გუნდს დაუპირისპირდება.

შოთა არველაძე Game4Ukraine-ის შესახებ

“არ მიკვირს, როცა Setanta Sports-ი არის სივრცე და არხი, სადაც ასეთი თამაშები გადმოიცემა. მიხარია, რომ თქვენი კომპანია ამ ღონისძიების მონაწილე და მხარდამჭერია და გულშემატკივარს ამ მატჩის ხილვა Setanta Sports-ზე შეუძლია. დარწმუნებული ვარ, გულშემატკივარი ამ მატჩის და ღონისძიების მიმდინარეობისას არაერთ ლამაზ კადრს იხილავს” – თქვა ეროვნული ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირმა.

არველაძის თქმით, ის რაც დღეს უკრაინაში ხდება საქართველომ წლების უკან გამოიარა. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ამჯერად უკრაინელი ხალხისთვის საფეხბურთო სამყარო ერთიანდება.

“ამ მატჩის ორგანიზება მნიშვნელოვანი იყო იმ კუთხით, რომ ყველას გაეგო და მთელ მსოფლიოს ენახა, როგორ შეიძლება ეს ყველაფერი ფეხბურთის საშუალებით გაერთიანდეს.

ეს საღამო მშვიდობისკენაა მომართული და ამაყი ვარ, რომ მეც მიწვეული ვარ, წარმოვადგენ ჩემს ქვეყანას და წარმოუდგენლად დიდ ფეხბურთელებთან ერთად ვითამაშებ. ზოგიერთი მათგანი ასაკით პატარაა, ზოგიერთი უფროსი, ნაწილთან მითამაშია, ნაწილთან არა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, მათთან ერთად არაჩვეულებრივ საღამოს გავატარებ. მთავარია, რომ მსოფლიოში ყოველთვის იყოს მშვიდობა და არ იყოს ომი” – ამბობს არველაძე.

შოთა არველაძე ოლექსანდრ ზინჩენკოს ყვითელ გუნდში პატრიკ ვიეირასთან, ჟერარ პიკესთან, რობერ პირესთან, დევიდ ჯეიმსთან და არაერთ გამორჩეულ ფეხბურთელთან ერთად იასპარეზებს. ზინჩენკოს გუნდის მთავარი მწვრთნელი ლეგენდარული ფრანგი, არსენ ვენგერი იქნება.

მოწინააღმდეგე, ლურჯ გუნდში, შევჩენკოსთან ერთად მიკაელ ესიენი, ფაბიო კანავარო, კლარენს ზეედორფი, მიხაილო მუდრიკი, სამუელ ეტოო, ჯანფრანკო ძოლა და არაერთი ვარსკვლავი ითამაშებს. შევჩენკოს გუნდის მწვრთნელი ემა ჰაიესი იქნება, რომელიც ჩელსის ქალთა გუნდის ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელია.

5 აგვისტოს გასამართ ღონისძიებას ლონდონის ჩელსის საშინაო მოედანი უმასპინძლებს. საფეხბურთო მატჩის გარდა ღონისძიებაში სხვადასხვა ტიპის კულტურული და მუსიკალური აქტივობაც დაგეგმილია. 4 საათიან ლაივ ღონისძიებაზე გულშემატკივარს, მთელი მსოფლიოდან, უკრაინისთვის შემოწირულობის გაკეთება შეუძლია.

Game4Ukraine-ის მიზანი

საქველმოქმედო მატჩის მიზანი, რუსეთის აგრესიის შედეგად, ჩერნიჰივის რეგიონში დანგრეული საჯარო სკოლების რეაბილიტაციისთვის თანხების მოძიებაა. მატჩიდან, სატელევიზიო უფლებებიდან და ტრანსლაციის პერიოდში, ონლაინ რეჟიმში შემოსული თანხები მლიანად United24-ის ფონდში გადაირიცხება.

გულშემატკივარი Game4Ukraine-ის მატჩს Setanta Sports-ის სატელევიზიო არხსა და setantasports.com-ის OTT პლატფორმაზე უფასოდ იხილავს.

ავტორის შესახებ
ირაკლი იმედაძე
ირაკლი იმედაძე
მე სპორტული ჟურნალისტი, სცენარისტი და ფეხბურთის კომენტატორი ვარ. ხუთი წელია, Setanta Sports-ისა და ჩემი გზები დაკავშირებულია. შეხედულება, უფრო მეტიც, აქსიომა, რომ სპორტი უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ ფიზიკური აქტივობა ან მსგავსი რამ, თავიდან ბოლომდე მრთავს ამ ინდუსტრიაში და ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი ხდება. ვარ საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, ახლო აღმოსავლეთის კონცენტრაციით. ვფიქრობ, ორიენტალისტიკა სპორტის ლაბირინთებში ორიენტირებაში ძალიან მეხმარება.

სარჩევი

ჩაყვინთვის სპორტში
ტოპ ლიგები
პრემიერ ლიგა
ბუნდესლიგა
ლა ლიგა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
მიჰყევით SETANTA-ს

მიიღე წვდომა ჩვენს პლატფორმაზე