სარჩევი
გილერმო ოჩოა და რობერტ ლევანდოვსკი
2022 ნოე 23, 04:43 შ-მდე
2 წუთის საკითხავი

არგენტინა – საუდის არაბეთის მატჩის შემდეგ კიდევ უფრო დიდი ინტრიგა შეიძინა პოლონეთისა და მექსიკის დაპირისპირებამ, რადგან, ორივე გუნდს კარგი შანსი მიეცა პირველი ადგილისკენ დიდი ნაბიჯი გადაედგა. თავის მხრივ, არგენტინელები იმ ანგარიშს ქომაგობდნენ, რაც საბოლოოდ დაფიქსირდა, – 0:0. ანგარიში ლოგიკურია, მიუხედავად იმისა, რომ პოლონეთს 100%-იანი შანსი ჰქონდა, მექსიკას არა. თან ეს შანსი მათ ლიდერსა და კაპიტანს, რობერტ ლევანდოვსკის მიეცა, მის წინ გილერმო ოჩოა აღიმართა.

რამდენიმე თვით ადრე დაიწყო ძალიან სახალისო გზავნილის გავრცელება, სოციალურ ქსელში ყველგან შეხვდებოდით, გნებავთ ქართულ და გნებავთ უცხოურ გვერდებზე, – „სულ მცირე დრო დარჩა მსოფლიოს საუკეთესო მეკარის დასაბრუნებლად!“ – ამ ხუმრობანარევი გზავნილის შინაარსი ყველასათვის გასაგებია, გილერმო ოჩოა მსოფლიო ჩემპიონატებზე ზღაპრულ თამაშს აჩვენებს, ახლა მეხუთე მუნდიალს ატარებს და წინა ორი ფანტასტიკური იყო. 2006 წლისა და 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატები სათადარიგო სკამზე გაატარა, 2014 წლისა და 2018 წლის მუნდიალებზე შესანიშნავი იყო, ისეთ დონეზე ითამაშა, უმალ მოექცა გრანდების ყურადღების ქვეშ, მაგრამ რად გინდა, ოჩოა მხოლოდ მუნდიალზეა უმაღლესი დონის მეკარე, მუნდიალის შემდეგ კი მისი მაგია ქრება.

დაინიშნა თერთმეტმეტრიანი მექსიკელთა კარში, მატჩის კულმინაცია, თავიდანვე ჩანდა, რომ ერთი გოლის თამაში იყო, ვინც გაიტანდა ის მოიგებდა, ორი მთავარი ვარსკვლავი წარსდგა ერთმანეთის პირისპირ, – ოჩოა და ლევანდოვსკი.

ვერ ვიტყვი, რომ ცუდად დაარტყა, თუმცა, არც კარგად დაურტყამს. უფრო ცუდიც გვინახავს და ბევრად კარგიც, მთავარი ის არის, რომ მთელი მსოფლიოს მოლოდინი იყო იდენტური, ყველა ელოდა, რომ ოჩოა ისევ გამოიჩენდა თავს, ისევ გახდებოდა ეროვნული გმირი. პირველად მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში კაპიტანმა კაპიტანს აუღო თერთმეტმეტრიანი.

ერთი რთული ბურთი სჩესნიმაც მოიგერია. მეკარეების წყალობით გუნდებმა კუთვნილი ქულა მიიღეს, ჯგუფში აბსოლუტურად ყველას აქვს პირველი ადგილის დაკავების შანსი, საუდის არაბეთმა ტაქტიკურად იდეალურად ითამაშა, ფიზიკურად ძალიან კარგად არიან მომზადებულნი, ძალიან ხისტი გუნდია და ყველა ხვდება, რომ მათთან თამაში მარტივი არ იქნება.

ჯგუფში გვყავს სამხრეთ ამერიკის, ცენტრალური ამერიკის, ახლო აღმოსავლეთისა და აღმოსავლეთ ევროპის წარმომადგენელი. უკვე ძალიან საინტერესოა.

მომდევნო ტურში არგენტინა მექსიკას დაუპირისპირდება.

პოლონეთი საუდის არაბეთს.

მატჩები 26 ნოემბერს შედგება.