ტოპ ლიგებში – ქართველები ერთმანეთის პირისპირ

ბოლო წლებში იშვიათი ამბავია ქართველი ქართველს ძლიერ საფეხბურთო ლიგაში გადაეყაროს. შაბათს გველის ერთი ასეთი მატჩი, კვერნაძის ფროზინონე კვარაცხელიას ნაპოლის დაუხვდება.

ქართველი მაყურებელი სეზონის უკეთეს დასაწყისს ვერც ინატრებდა. ერთი მხრივ, დღეებს ვითვლით როდის დაიწყებს ხვიჩა ახალ სეზონს, მეორე მხრივ, გეგუჩაძის დაწუნებული კვერნაძის ნახვაც გვაინტერესებს. კვერნაძე ეცდება იტალიელებს ანახოს, რომ მასაც შეუძლია ფეხბურთის თამაში.

ადრე ქართულ ფეხბურთს თვითმყოფადობა გააჩნდა. როცა ვინმე საქართველოსა და ფეხბურთს ერთად ახსენებდა, იქვე იტყოდნენ ორ სიტყვას ტექნიკაზე, ელეგანტურობაზე, კრეატიულობაზე და ა.შ.

ჰოდა, ბრუნდება ეგ დრო. აბრუნებენ ეს ბიჭები, თორემ, თავისით რა დააბრუნებდა?!

მოდი, გადავხედოთ რამდენჯერ და სად გადაკვეთილან ტოპ ლიგებში მოთამაშე ქართველები, თან ისე რომ ერთდროულად ყოფილიყვნენ მოედანზე.

ფინკეს ბიჭები – კობიაშვილი vs იაშვილი

გაჭირდება ვინმემ იაშვილისა და კობიაშვილის რეკორდი გააუმჯობესოს. გაჭირდება იმიტომ, რომ დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე სტაბილურ ფეხბურთელებზე ვსაუბრობთ. ამ სტაბილურობას თავიანთი შრომისმოყვარეობითა და პროფესიონალიზმით მიაღწიეს.

ტრანსფერმარკეტის ცნობით, სულ ათჯერ ითამაშეს ერთმანეთის პირისპირ, 8-ჯერ ბუნდესლიგაში, ერთხელ გერმანიის თასზე, ერთხელ კი გერმანიის ლიგის თასზე, (ტარდებოდა 1997 წლიდან 2007 წლამდე).

კობიაშვილი vs იაშვილი | Setanta Sports
ალექსანდრე იაშვილი და ლევან კობიაშვილი

უპირატესობა, რა თქმა უნდა, ლევანს აქვს. მას შემდეგ რაც ფრაიბურგი დატოვა, უკეთეს კლუბში გააგრძელა კარიერა, შესაბამისად, მისი გუნდი უფრო ხშირად იგებდა.

  • კობიაშვილს იაშვილთან 6 მოგება, 2 ფრე და 2 მარცხი აქვს;
  • იაშვილის ორი მოგებიდან ორივე ფრაიბურგის შემადგენლობაში, შალკეს წინააღმდეგ მოდის. ერთი ბუნდესლიგაში, ერთიც გერმანიის თასზე;
  • ხუთჯერ გადაიკვეთნენ შალკესა და ფრაიბურგის დაპირისპირებაში;
  • სამჯერ კარლსრუესა და შალკეს;
  • ორჯერ კარლსრუესა და ჰერტას;
  • ჩატარებული 10 მატჩიდან იაშვილის ანგარიშზე სამი გოლია. კობიაშვილს არ გაუტანია;

ცქიტიშვილი vs კობიაშვილი

ლევან ცქიტიშვილსა და ლევან კობიაშვილს ერთმანეთის პირისპირ მხოლოდ ერთ ბუნდესლიგურ მატჩში აქვთ ნათამაშები. ზუსტად იმ შეხვედრაში, რომელიც ფრაიბურგმა შალკეს მოუგო. 2003/04 წლების სეზონში იაშვილიც და ცქიტიშვილიც ფრაიბურგის ძირითადში იყვნენ, ისევე როგორც კობიაშვილი შალკეში.

აი, იაშვილსა და ცქიტიშვილს ერთმანეთის პირისპირ ასეთ დონეზე არასდროს უთამაშიათ.

მუშკეტერები vs არჩილ არველაძე

არჩილმა ვერ დატოვა გერმანიაში ისეთი სახელი როგორიც ზემოთ ნახსენებმა ხალხმა. გასაგებ მიზეზთა გამო. აჩის მთელი კარიერა ტრავმებს ებრძოდა. გერმანია მისთვის ცუდი გაჩერება აღმოჩნდა. ნიდერლანდებში და თურქეთში თავისი სიტყვა თქვა, გერმანიაში კი ფაქტობრივად არაფერია გასახსენებელი.

2000/2001 წლების სეზონში არველაძის კიოლნი ფინკეს მუშკეტერებს შეხვდა. ისე მოხდა, რომ ბუნდესლიგურ შეხვედრაში ოთხი ქართველი ერთდროულად იყო მოედანზე. თანაც ორჯერ, ერთი სეზონის მანძილზე.

პირველი მატჩი 0:0 დასრულდა, მეორე კი ფრაიბურგმა 1:0 მოიგო, 87-ე წუთზე კობიაშვილმა პენალტი ზუსტად შეასრულა.

გიორგი ქინქლაძე vs თემურ ქეცბაია

მხოლოდ ერთხელ, 1999/00 წლების სეზონში ითამაშეს ერთმანეთის პირისპირ. ორი ქართველი პრემიერ ლიგაში, ერთი დერბიში, მეორე ნიუკასლში. ორივე ძირითად შემადგენლობაში, ორივეს შეეძლო გატანა, მაგრამ მატჩი 0:0 დასრულდა.

მიუხედავად იმისა, რომ თემური ასაკით უფროსია, იმ დროისთვის ქინქლაძეს გაცილებით კარგად იცნობდნენ, ფაქტობრივად მის მეორე დაბადებას ადევნებდნენ თვალყურს, ქეცბაიას კი უჭირდა ნიუკასლში ფეხის მოკიდება, რადგან მსოფლიო ვარსკვლავებთან უწევდა კონკურენცია.

გიო ქმნიდა შედევრს, მაგრამ არ გავიდა. სამწუხაროდ. რომ გასულიყო იმდენჯერვე გექნებოდათ ნანახი, რამდენჯერაც საუთჰემპტონის კარში გატანილი გოლი.

ჯერ ხარიხას მოხვდა, მერე შეი გივენს..

აკეთებდა იმას, რაც მხოლოდ ნაკრებში გამოსდიოდა, აკეთებდა იმას, რაც გააკეთა უელსთან, ტუნისთან, ისრაელთან, უყვარდა საჯარიმოს მისადგომებიდან ასე დარტყმა, მეკარისთვის ბურთის რბილად თავზე გადაგდება, წარმოდგენაც მიჭირს რამდენჯერ ექნება ქინქლაძეს მარადონას გოლი ნანახი ცვერნა ზვეზდას კარში, ეჭვი მაქვს, რომ მისი შთაგონება სწორედ ეს გოლი გახდა და მას მერე ბავშვობიდან მოყოლებული ვარჯიშობდა ასეთ დარტყმაზე, ჰოდა, შედეგიც რამდენჯერმე ვნახეთ.

თემურსაც ჰქონდა შანსი, ჩვეულად, წამებში დაამუშავა ბურთი და შორიდან გაისროლა, მის შემთხვევაში მეკარემ იმარჯვა.

რანაირად აცდით?

არ მეგონა, მაგრამ ასეა. ერთდროულად, მოედანზე ერთმანეთის პირისპირ, სერია ა-ს, ან, იტალიის თასზე არასდროს ყოფილან კახი კალაძე და ლევან მჭედლიძე.

ტყუპები – არჩილი vs შოთა

ერედივიზიონს ტოპ ლიგას არ მიათვლიან, მაგრამ ამის გამოტოვება არ შეიძლება. თანაც, მაშინდელი ერედივიზიონი ბევრად მაღალი დონის ჩემპიონატი იყო, ვიდრე ახლანდელი. აბა, წარმოიდგინეთ ახლა რომ ხდებოდეს ასეთი რამ, ქართველი ტყუპები რომ ერთმანეთის პირისპირ თამაშობდნენ ერედივიზიონში, რა ამბავი იქნებოდა? სოციალურ ქსელში, სეტანტაზე? ჯეო თიმზე?

ოთხჯერ ითამაშეს. ორი სეზონი – 1997/98, 1998/99 – ოთხი თამაში.

არჩილი vs შოთა არველაძე - ბრედა - აიაქსის წინაამღდეგ | Setanta Sports

უპირატესობა, რა თქმა უნდა, შოთას აქვს. აიაქსმა ბრედას სამი მატჩი მოუგო და ერთი ფრედ დაასრულა. სამაგიეროდ, გოლები აქვთ თანაბრად, ამ ოთხ შეხვედრაში ორივემ ერთი გოლი შეაგდო.

გოგაც იყო მანდ.. – გახოკიძე vs შოთა არველაძე

ოღონდ არა აიაქსი vs პსვ, არამედ ალკმაარსა და ტვენტეში გადაეყარნენ ერთმანეთს შოთა არველაძე და გოგა გახოკიძე. რადგან გავრიეთ ამ სიაში ნიდერლანდები, მაშინ ესეც უნდა ითქვას.

2005/06 წლების სეზონში მოხდა ეს ამბავი, ვან გაალის ალკმაარმა 3:1 მოიგო.

დემეტრაძე vs არველაძე

შოთას აიაქსთან ვერა, მაგრამ არჩილის ბრედასთან მოუწია თამაში გიორგი დემეტრაძეს. ბევრს აღარც ახსოვს, რომ ფეინოორდში თამაშობდა.

დემეტრაძის ფეინოორდმა 3:1 მოიგო. გიორგის მხოლოდ 4 წუთი დაუთმეს. ბრედას შემადგენლობაში ის ერთი გოლი სწორედ არჩილ არველაძემ გაიტანა.

ლოჩოშვილი vs კვარაცხელია

წინა სეზონში შედგა და ვეღარ შედგება ეს დუელი, რადგან ლოჩოშვილის კრემონეზე სერია ბ-ში დაქვეითდა. გასულ სეზონში ერთი მატჩი ვიხილეთ, ორივემ 90 წუთი გაატარა მინდორზე, ნაპოლიმ 4:1 მოიგო, კვარამ იფრინა, ლოჩომ კი ვერაფერი გააწყო.

იმედია კრემონეზე მალე დაუბრნდება სერია ა-ს, ან, თავად მაინც დაბრუნდება სხვა გუნდის მაისურით.

ეს არის და ეს, სხვა ქართული დუელი მე ვერ გავიხსენე და არა მგონია ვინმე გამომრჩენოდა.

ავტორის შესახებ
არმაზ ახვლედიანი
არმაზ ახვლედიანი
მე ვარ Setanta Sports-ის ჟურნალისტი არმაზ ახვლედიანი. ამჟამად ვწერ ანალიტიკურ სტატიებს ფეხბურთზე, სოციო-ეკონომიკური და პოლიტიკური გავლენების შესახებ. გარდა ამისა, ვწერ ბლოგებსა და მიმოხილვებს. აქამდე პოლიტიკის, ლიტერატურისა და მოგზაურობის შესახებ ვწერდი ჟურნალ ლიბერალში, რადიო თავისუფლებაზე და National Geographic-ზე. ვარ ლიტერატურული ჟურნალის, "დარაჯის" ერთ-ერთი დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. ვარ ფსიქოლოგიისა და ტურიზმის ბაკალავრი და შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის მაგისტრი. ხშირად ვიყენებ ლიტერატურულ თეორიებს ბლოგების სტრუქტურის ასაგებად, ასევე, გამომიყენებია შედარებითი ანალიზი, ფეხბურთელებსა და ლიტერატურულ პერსონაჟებს შორის.

სარჩევი

ჩაყვინთვის სპორტში
ტოპ ლიგები
პრემიერ ლიგა
ბუნდესლიგა
ლა ლიგა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
მიჰყევით SETANTA-ს

მიიღე წვდომა ჩვენს პლატფორმაზე