სომხეთი vs საქართველო მატჩის დღე. ერევანში 3 000-მდე ქართველ გულშემატკივარს ველით. პლეი ოფის პირველი შეხვედრა სომხეთის დედაქალაქში 21:00 საათიდან დაიწყება. ლაივ ტექსტს კი სტადიონიდან ამ სტატიაში იხილავთ.
*მასალა განახლებადია
ერევანი მატჩის დღეს
ქალაქი მაინცდამაინც ფეხბურთით არ ცხოვრობს. ამას ალბათ, სომხეთის ნაკრების არასახარბიელო შედეგები უფრო განაპირობებს. მატჩის სტადიონის 2 კმ-იან რადიუსში საფეხბურთო განწყობას ქართველი ქომაგები თუ ქმნიან. ზოგიერთმა მასპინძელმა არც კი იცოდა, რომ დღეს ფეხბურთია.
მატჩი 14000-იან ვაზგენ სარგსიანის სახელობის სტადიონზეა, ნაცვლად რაზდანისა, რომელიც ბევრად ტევადია. სომხეთის ეროვნული სტადიონი შემოგარენში, მიტოვებული, ძველი ნაგებობის განცდას უფრო ტოვებს. ეს კი იმ უთანხმოებისა და ინტერსების გადანაწილების შედეგია, რომლის გამოც ბოლო პერიოდია ნაკრები იქ ვერ თამაშობს.
ქუჩაში კვარაცხელია ყველამ იცის. მისი გვარის სწორი არტიკულირებაც არავის უჭირს. პრინციპში, მეზობლებისგან ესეც იყო მოსალოდნელი. უხარიათ, რომ ის დღევანდელ მატჩში არ ითამაშებს, თუმცა საქართველოს ნაკრების პროგრესზე ყველა ინფორმირებულია.
სასურველ ან მოსალოდნელ შედეგად კი დიპლომატიით გაჯერებულ პასუხებს ვიღებ, – დაე, მეგობრობამ გაიმარჯვოსო. ზოგიერთი სომხეთის ნაკრების გამარჯვებაშიც დარწმუნებულია, თუმცა მათ უმეტესობას იქვე ეტყობა, რომ ეს უფრო მათი სურვილია, ვიდრე საფეხბურთო და ლოგიკური ფაქტორებით გაჯერებული მოლოდინი.
სომხეთი vs საქართველო – პრესკონფერენციები
სომხებმა საქართველოს ნაკრების მიმართ თბილი სიტყვები არ დაიშურეს. ახალ მთავარ მწვრთნელ ჯონ ვანტ სხიპთან ერთად მედიის შეკითხვებს ვარაზდატ აროიანმაც უპასუხა.
გამოცდილმა ცენტრალურმა მცველმა საქართველოს ევროპის ჩემპიონატზე გასვლა და იქ წარმატებული თამაში მიულოცა. წყვილში ფავორიტადაც დაასახელა, თუმცა დასძინა, რომ გამარჯვებისთვის მისი გუნდი ყველაფერს გააკეთებს.
რაც შეეხება ჯონ ვანტ სხიპს, რომელსაც საქართველოს წინააღმდეგ საბერძნეთით თამაშის გამოცდილება გააჩნია, ჯვაროსნების წარმატებულ მატჩებსა და გუნდის ბოლოდროინდელ წინსვლას გაუსვა ხაზი.
ამასთან, მიქაუტაძისთვის შემჭიდროვებულ, მიცემულ სათამაშო დროსა და უჩვეულო პოზიციაზე ასეთი განმარტება გააკეთა. “გუნდში ბრობი და ჩუბა აკპომი დამხვდნენ, ისინი დიდებულად თამაშობდნენ. ჟორჟს კი დროს ვაძლევდი, თუმცა მისთვის უჩვეულო პოზიციაზე. მიხარია, რომ მიქაუტაძე თავის ჩვეულ ფორმაში დაბრუნდა და ასეთ დონეს აჩვენებს ლიონში.”
რაც შეეხება საქართველოს ნაკრებს, მედიასთან ვილი სანიოლმა და ოთარ კიტეიშვილმა ისაუბრეს. კიტეიშვილი საქართველოს ნაკრების ისტორიაში გახდება 27 ახალი კაპიტანი.
“ეს დერბია და ასეთი ტიპის თამაშებში ფავორიტი არ არსებობს. ორივე გუნდისთვის რთული მატჩი იქნება, თუმცა მეტოქის მოედანზე ვთამაშობთ და სომხეთს გულშემატკივრების დიდი მხარდაჭერა ექნება. მიუხედავად ამისა, ჩემი ფეხბურთელები მზად არიან ბრძოლისთვის და კარგი ფეხბურთის სათამაშოდ.
ბოლო წლებში ძირითადად ერთი ტაქტიკით ვთამაშობდით, რამაც დიდ წარმატებამდე მიგვიყვანა, თუმცა ფეხბურთი წინ მიდის და მუდმივად ცვლილებებს მოითხოვს. ყოველთვის სიახლეა საჭირო. ასე რომ, უახლოეს მომავალში გარკვეულ ცვლილებებს უნდა ველოდოთ.
ხვიჩა კვარაცხელიას გარეშე რთულია იგივე სტილით ითამაშო, რადგან განსაკუთრებული ფეხბურთელია. თუმცა, ვინც არ უნდა იყოს მოედანზე, ჩემთვის მთავარია როგორ გამოიყურება მთლიანი გუნდი. როგორ თამაშობს ბურთით და ბურთის გარეშე. სწორედ ეს არის მთავარი და არა მოთამაშეთა სახელები. შესაძლოა, ოქტომბერსა და ნოემბერში გვაკლდა ჩვენი გუნდური სულისკვეთება და დისციპლინა, რაც ახლა უნდა გამოვასწოროთ. ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემთვის მატჩის სასტარტო წუთები იქნება, რადგან ბოლო მატჩებში სწორედ ამ პერიოდში არ ვიყავით სათანადო დონეზე.
ერთა ლიგის 2022 წლის გათამაშებიდან მოყოლებული ჩვენი გულშემატკივრების მხარდაჭერა გასვლით მატჩებში განსაკუთრებულად იგრძნობა. მაგალითად ბულგარეთში, გაცილებით მეტნი იყვნენ, ვიდრე ადგილობრივი გულშემატკივრები და ეს საოცარი მხარდაჭერა იყო. ჩვენ ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს ერთმანეთთან. მათი მხარდაჭერა გვჭირდება უკეთ სათამაშოდ. ისინი ჩვენგან ყოველთვის მეტს ითხოვენ და იმსახურებენ ამას. ბედნიერი ვარ, რომ ხვალ კიდევ ერთხელ ვნახავთ მათ და ისევ ისე ვიგრძნობთ მათ მხარდაჭერას, როგორც ეს ხშირად ყოფილა ბოლო წლების განმავლობაში”.
ვილი სანიოლი
“სომხეთის ნაკრები თავს გუნდურად დაიცავს და ეცდებიან სწრაფი კონტრშეტევებით შემოგვიტიონ. თუმცა, სახლში თამაშობენ, გულშემატკივრების მხარდაჭერა ექნებათ და, შესაძლოა, განსხვავებული სტილითაც ითამაშონ. ამიტომ, ჩვენ თავზე ვკონცენტრირდებით. ვცდილობთ მაქსიმალურად მოვემზადოთ და ვაჩვენოთ ჩვენი საუკეთესო ფეხბურთი.
კაპიტნობა საპასუხისმგებლო როლია, თუმცა როდესაც საქმე ნაკრებს ეხება, ყველას განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს. ამ გუნდის კაპიტნობა ჩემთვის ძალიან დიდი პატივია. კლუბშიც ხშირად ვყოფილვარ კაპიტანი, მაგრამ სანაკრებო დონეზე ეს განსაკუთრებული მომენტია და მეტად საპასუხისმგებლოა. ამისთვის მზად ვარ და მადლობა მთავარ მწვრთნელს ნდობისთვის. იმედია წარმატებული აღმოჩნდება ჩემი პირველი თამაში კაპიტნის რანგში. რთულია შეცვალო ისეთი კაპიტანი, როგორიც გურამ კაშიაა, მაგრამ ვეცდები, რომ ყველაფერი გავაკეთო ამისთვის”.
ოთარ კიტეიშვილი
მატჩის დღე – დილა
მატჩის დღეს ერევანში კარგი ამინდია. საღამოს წვიმაა მოსალოდნელი, თუმცა არა ისეთი ძლიერი და ხანგრძლივი, როგორიც გუშინ იყო. შესაბამისად, ქომაგების მსვლელობაში მონაწილეებმა ეს უნდა გაითვალისწინონ.
თუკი ვინმე ახლა მოდის საქართველოდან, ერევნამდე როგორც სევანის, ასევე მეორე გზის გამოვლის შემთხვევაში, თოვლი და უღელტეხილები შეგხვდებათ, ამიტომ ავტომობილის შესაბამისი აღჭურვა გმართებთ.
ქალაქს რაც შეეხება, ერევანში პირველად ვარ და ვეცდები პირველი შთაბეჭდილება მოკლედ გაგიზიაროთ.
სომხეთის დედაქალაქის არქიტექტურა უმეტესად, სომხური ქვის დამახასიათებელ ფერშია. ეს ქალაქის პეიზაჟებს ყველაზე ესთეტიკურად არ აქცევს, თუმცა სანაცვლოდ სომხებს სივრცე აქვთ საუცხოოდ ათვისებული.
ქალაქის ცენტრსა, თუ გარეუბანში, თბილისის მსგავსი გაცხოველებული განაშენიანება არაა, კორპუსი კორპუსზე არაა მიბჯენილი და საფეხმავლო გზებიც ბევრად მოწესრიგებულია.
ხალხს რაც შეეხება, ამ 24 საათში მათთან კომუნიკაცია იმის საფიქრალად და სათქმელად საკმარისია, რომ აქაურები ჩვენსავით სტუმართმოყვარეები არიან.
ქალაქის ცხოვრების რიტმი და ტემპერამენტი კი თბილისისას წააგავს. ავტომობილების ხშირი სიგნალი, დარღვევა და საჭესთან ემოციები ორ კავკასიელ ხალხს ნამდვილად გვაერთიანებს.
სომხეთი vs საქართველო მატჩის დღე – განრიგი
18:00 საათი – ქომაგების მსვლელობა რესპუბლიკის მოედნიდან ვაზგენ სარგსიანის მოედნისკენ.
21:00 საათი – სომხეთი vs საქართველო მატჩის სტარტი
ჩვენს პლატფორმაზე ფასდაკლების მისაღებად შეგიძლიათ, პრომო კოდები NEWS25 ან YEAR25 გამოიყენოთ.
NEWS25 – ერთთვიან გამოწერაზე – 30%
YEAR25 – ერთწლიან გამოწერაზე – 30%
პროცესი ამ ორი ბანერიდან სასურველზე ხელის დაჭერითაც შეგიძლიათ დაიწყოთ.
ამასთან, ძველი პრომო კოდები – NEWS24 და YEAR24 კვლავ აქტიურია.
პროცესი სასურველ ბანერზე ხელის დაჭერითაც შეგიძლიათ დაიწყოთ.