ლონდონის ჩელსიმ გრემ პოტერის მხარდასაჭერად 100 მილიონი მიზეზი დაგვისახელა. ჟოაუ ფელიქსის იჯარის შემდეგ უფრო დიდი ლუკმის ჯერი მოვიდა.
ჩელსი პრემიერ ლიგაში ლიდერებს ვერ სჯობნის, სამაგიეროდ, ლურჯებმა მეზობლები სატრანსფერო ბაზარზე დაამარცხეს. მათ არსენალს მიხაილო მუდრიკი თვალწინ ააცალეს.
მუდრიკი თავისი თაობის გამორჩეული ფეხბურთელია და დიდი მომავალი აქვს, სატრანსფერო ფასი ყველაფერზე მეტყველებს. ჩელსი ჯერ 70 მილიონ ევროს გადაიხდის, მოგვიანებით კი 30 მილიონ ევროსაც წაამატებს.
ჩელსის ხელმძღვანელების მიმართ საყვედურიც გაისმა, ჟოაუს ტრანსფერისა და მუდრიკთან მოლაპარაკებების შემდეგ. თუმცა, კრიტიკა სპეციალისტებისგან ისმის და არა გულშემატკივრისგან. ფანებს, რა თქმა უნდა, მოსწონთ ახალი ტრანსფერები.
სპეციალისტები კი მიიჩნევენ, რომ ჩელსი პანიკურ გადაწყვეტილებებს იღებს, რომელსაც კიდევ უფრო მეტად შეუძლია სიტუაცია გაართულოს.
არადა, ფაქტია, რომ არისტოკრატებს შემტევები სჭირდებათ, ერთი მხრივ ტრავმებით არის ეს გამოწვეული, მეორე მხრივ კი ვინც თამაშობს დიდი შედეგიანობით ვერ გამოირჩევა.
როგორც The Athletic წერს, გრემ პოტერის მოთხოვნა იყო მუდრიკის ხელში ჩაგდება, ამით კი შეგვიძლია დავასკვნათ, რომ პოტერს მინიმუმ სეზონის ბოლომდე ენდობიან.
შახტარის ტვიტერის გვერდზე დადასტურდა, რომ გუნდები შეთანხმებასთან ახლოს არიან.
მუდრიკისთვის ბრძოლაში ფავორიტი არსენალი იყო, არც თავად ფეხბურთელი მალავდა სიმპათიებს, მაგრამ ჩელსიმ უფრო დიდი თანხა დადო შეხვედრაზე და უფრო სწრაფადაც იმოქმედა.
ერთ-ერთ ძველ ინტერვიუში მუდრიკი აღნიშნავდა, რომ მისთვის მთავარი ჩემპიონთა ლიგაზე თამაში იყო, როგორც ჩანს რაღაც შეიცვალა, ან იმედი აქვს, რომ ჩელსის თავად გაიყვანს ოთხეულში.