Setanta Sports-ი ახალი გამოცდილების დამკვიდრებას მორიგ სფეროში გეგმავს. რეგიონის ყველაზე დიდ მედიასა და კიბერ სპორტის ორგანიზაცია მონასპას შორის თანამშრომლობა იწყება. ეს კი საკუთარ თავში მაყურებლისთვის მრავალმხრივ ახალ გამოცდილებას ნიშნავს.
E-sports-ის ქართულ გუნდთან თანამშრომლობა საინფორმაციო კამპანიებს, ჩვენების ახალ მიმართულებასა და მეტ ინტერაქციას მოიცავს. Setanta Sports-ის გუნდი ამ სწრაფად მზარდი ინდუსტრიის გამორჩეულ, ქართულ გუნდთან თანამშრომლობითა და მისი განვითარების შესაძლებლობით მოხარულია.
მონასპას წარმატება – ქართველები უმაღლეს ლიგაში
სულ ახლახანს კიბერ სპორტის ქართულმა გუნდმა Dota Pro Circuit Division I-ის საგზური მოიპოვა. მონასპა ევროპის 8 საუკეთესო გუნდს შორისაა! ეს კი დაახლოებით ისეთივე მიღწევაა, ქართულმა გუნდმა ჩემპიონთა ლიგის ფლეიოფში რომ ითამაშოს.
რა არის მონასპა, ვინ არიან მისი წევრები, როგორ მოვიდნენ აქამდე და როგორი გეგმები აქვთ. ამ კითხვებზე setantapsorts.com-ი კიბერ გუნდის დამფუძნებლებს, დავით აგაჯანოვს და მამუკა კიკაბიძეს ესაუბრა.
ჰოდა, მეც თქვენს მოთმინებას ბოროტად აღარ გამოვიყენებ, X-ს დავაჭიროთ და პირდაპირ ინტერვიუზე დავ-skip-ოთ.
რა არის მონასპა
გესმის მონასპა და თუ ფაქტობრივ ინფორმაციას არ ფლობ, ინტუიცია მაინც გკარნახობს, რომ პარალელი შუა საუკუნეების საქართველოსთან უნდა ეძიო, ან ვეფხისტყაოსნის შენეულ მეხსიერებას გადახედო ან რამე მსგავსი.
საუბარი რესპოდენტებთან ორგანიზაციის იდენტობაზე დავიწყეთ.
„მონასპა არის პირველი ქართული კიბერსპორტული ორგანიზაცია, რომელიც დაარსდა 2019 წლის ივნისში. მონასპას მიზანი კიბერსპორტის სხვადასხვა დისციპლინებში, მსოფლიოს მასშტაბით, საქართველოს სახელით მაღალ დონეზე ასპარეზობაა. ეს მიზანი გუნდში შექმნის დღიდან დავისახეთ“.
მონასპა დავით აღმაშენებლის მიერ ჩამოყალიბებული ელიტარული სამეფო გვარდია იყო. 5000 მეომრისგან, უმეტესად, უცხოელთა და ქართველ დიდგვაროვანთაგან, შემდგარი არმია მეფის მცველ კორპუსს წარმოადგენდა.
სახელდებას უდიდესი მნიშვნელობა, რომ აქვს, ჯერ კიდევ ბიბლიური დროიდან, ამის შეხსენებით არ მოგაცდენთ, თუმცა ცხადია, ამ სახელის არჩევის მიზეზებზე ჩვენს რესპოდენტებს ვკითხე.
„გვინდოდა რომ სახელი ყოფილიყო ქართული. გვსურდა, ის განცდა ჰქონოდა სახელს რაც სპარსელების ‘უკვდავებს’, რომაელების ‘პრეტორიანელებს’ და ბიზანტიელების ‘ვარანგიანებს’ ჰქონდათ. ანუ ყოფილიყო ყველაზე ბრძოლისუნარიანი და შიშისმომგვრელი დანაყოფი.
გვსურდა, ასობით ათასი ლაივ მაყურებლის თანდასწრებით ამ ისტორიული თემისა და სახელის უცხოელებთან გარჩევა და მოყოლა. ასეთი რამ კი არაერთხელ მოხდა, რაც ვფიქრობთ მნიშვნელოვანია. ამ კუთხით, პატარა history lesson ჩავუტარეთ მსოფლიოს.
ჩვენი მიზანია, რომ ჩვენმა მონასპამ ისეთივე წარმატებას მიაღწიოს, როგორც მონასპამ დავით აღმაშენებლის დროს“.
მონასპა თამაშით პროფესიონალიზმამდე
დიალოგის მომდევნო გაჩერება ქართული ორგანიზაციის გეიმერების ყოველდღიურობა იყო. საქართველოში თამაშის პროფესიონალური აღქმა არც თუ ისე დიდ დროს ითვლის, ამაში კი მონასპას წვლილი, სხვა ქართველ კიბერ სპორტსმენებთან ერთად საკმაოდ დიდია.
„ჩვენ დავიწყეთ ქართული ხუთეულით დოტასა და ქაუნთერის დისციპლინაში, რამაც საკმაო წარმატება მოგვიტანა ქართულ ასპარეზზე, მაგრამ ეს შედეგი ჩვენთვის არ იყო საკმარისი.
გლობალური ასპარეზზე წარმატების მისაღწევად უცხოელი მოთამაშეებიც დავიმატეთ.
რაც შეეხება დროის ფაქტორს, ამ ეტაპზე, ეს ყველა ჩვენგანის ძირითადი და ერთადერთი სამსახურია და, რა თქმა უნდა, მაქსიმალურ დროსა და რესურსს ვდებთ ამაში.
რაც შეეხება მიდგომის სერიოზულობას,შეჯიბრების პერიოდში, ჩვენ ვუშვებთ მოთამაშეებს ევროპის სხვა და სხვა ლოკაციაზე მდებარე esports facility-ებში, სადაც აქვთ საშუალება ერთად იყვნენ კომფორტულ, სრულადაღჭურვილ გარემოში და მწრთვნელისა და სპორტული ფსიქოლოგის დახმარებით გააუმჯობესონ პერფორმანსი“.
მონასპა – საქართველოს სახელით ასპარეზობა
რამდენად შლის კიბერ სივრცე პოლიტიკური რუკის საზღვრებს. რამდენად მნიშვნელოვანია მონასპისთვის საქართველოს სახელით ასპარეზობა – ცხადია, ამ კითხვებზე პასუხის მოსმენა თქვენ მსგავსად მეც ძალიან მაინტერესებდა.
„როგორც, მოგეხსენებათ ჩვენ ვიმყოფებით ევროპის ტოპ 8 გუნდში, რისთვისაც არცერთ ქართულ სპორტულ ორგანიზაციას არ მიუღწევია გუნდურ სახეობაში.
ვთამაშობთ ისეთი ორგანიზაციების წინააღმდეგ, როგორებიც ფეხბურთის პარალელი რომ გამოვიყენოთ, ალბათ რეალ მადრიდი, მანჩესტერ სიტი და ბაიერნი არიან.
ჯამში ამ გუნდებს აქვთ საკმაოდ დიდი რესურსი და ჩვენს დივიზიონში მოთამაშე გუნდების საერთო ღირებულება თითქმის მილიარდ დოლარს უახლოვდება.
რა თქმა უნდა, ევროპის უმაღლეს სცენაზე საქართველოს სახელით თამაში ძალიან მნიშვნელოვანია ქართული კიბერსპორტის განვითარებისთვის და საქართველოს ცნობადობისთვის, რადგან ჩვენ გამოვდივართ როგორც ქართული ორგანიზაცია.
ევროპის ტოპ 8 გუნდში შესვლით, დაახლოებით, ისეთი რაღაც შევძელით, ქართულმა გუნდმა ჩემპიონთა ლიგის ფლეიოფში რომ ითამაშოს“.
Setanta Sports-ი და მონასპა – მედია პარტნიორობა
მედია პარტნიორობა მონასპასთვის ახალი გამოცდილებაა. მაშინ, როდესაც სფეროს პროფესიონალურ დონეზე, თანაც წარმატებულად ითვისებ, კომუნიკაციისა და გულშემატკივართან ინტერაქციის სხვა დონის საჭიროება დგება.
„მედია პარტნიორის ყოლა მონასპას განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენი წარმატების შესახებ ხალხმაც უნდა გაიგოს.
Setanta Sports-თან თანამშრომლობა კერძოდ იმიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ მსგავსად არა მარტო ქართულ არამედ უცხოურ ბაზარზეც მოღვაწეობს.
ამავდროულად, ძალიან მნიშვენლოვანი ფაქტორი ისიც არის, რომ Setanta Sports-მა ჩვენი ირწმუნა და გაიაზრა რამდენად მასშტაბურია ეს სივრცე და რამდენად დიდი პოტენციალი აქვს მომავალში, როგორც ზოგადად კიბერსპორტს, ასევე, კერძოდ მონასპას.
მომავალში თანდათან თქვენს გუნდთან ერთად გულშემატკივრებსა და მაყურებელს საინტერესო სიახლეებსა და ახალ გამოცდილებას შევთავაზებთ, სხვადასხვა მიმართულებით“.
მონასპას ასპარეზობა DPC WEU Division I-ში დამაჯერებელი გამარჯვებით Division II-ის ჩემპიონებთან დაიწყო!
ქართული გუნდის მოწინააღმდეგე Ooredoo Thunders იყო.
აქ კი მატჩის გამორჩეული მომენტები შეგიძლიათ იხილოთ.
Setanta Sports-ი და მონასპა თანამშრომლობის ფარგლებში მთელ რიგ აქტივობას გეგმავენ. მიზანი, ერთის მხრივ, კიბერ სპორტის მიმართ ცნობადობისა და აღქმადობის გაზრდა, ხოლო მეორეს მხრივ, ამ სახეობის უკვე არსებული მაყურებლებისა და მოთამაშეებისთვის ახლებური გამოცდილების შეთავაზებაა.