თანამშრომლობა, რომელიც ფეხბურთის სიყვარულით დაიწყო – Setanta Sports ქალთა საფეხბურთო კლუბ “ელიტას” მედია პარტნიორი გახდა!
Setanta Sports-ში მიზნად დავისახეთ რეგიონში ქალთა ფეხბურთის პოპულარობის გაზრდა. ამ მიზნისკენ პირველი ნაბიჯი 2023 წლის FIFA-ს ქალთა მსოფლიო ჩემპიონატის ტრანსლირებით გადაიდგა. დღეს კი პატივი გვაქვს, Setanta Sports-ისა და FC Elite 2021-ის თანამშრომლობის შესახებ გიამბოთ.
“ელიტა” ქალთა საფეხბურთო გუნდია, რომელიც საქართველოს რანგით პირველ ლიგაში დაწინაურდა. მე-2 ლიგის წარმატებით დაძლევის შემდეგ, კლუბში კიდევ უფრო დიდი მიზნები აქვთ.
“ელიტა” Setanta Sports-ის მსგავსად მოცემულობის ცვლილებებზე, მათ დამკვიდრებასა და მუდმივ ზრდაზეა ორიენტირებული. ამ მისწრაფებებს ორივე მხარე ვიზიარებთ და ვთანხმდებით, რომ საერთო მიზანი და სიკეთე, ქალთა ფეხბურთის მიმართ საზოგადოების ინტერესის გაღვივებაა.
ეს სეზონი FC Elite 2021-ისთვის ქალთა უმაღლეს ლიგაში სადებიუტო იქნება, თუმცა ეს ხელს არ უშლის გუნდს, ჰქონდეს დიდი ამბიცია და მიზანი – გახდეს ქვეყნის ჩემპიონი.
გუნდის მიზნებისა და გეგმების შესახებ კლუბის თანამფლობელი ალექსანდრე შენგელია გაგვესაუბრა.
„გუნდის მიზანი, რა თქმა უნდა, ჩემპიონობაა და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ. მოლოდინები საკმაოდ რეალისტური გვაქვს. მიგვაჩნია, რომ თუკი გუნდი ვერ დაასრულებს სეზონს პირველ პოზიციაზე, ოთხეულში ადგილისთვის ვერავინ შეგვეცილება. თავდაჯერებულობები ვართ, რადგან გოგოები ძალიან მოწადინებულები არიან და აქვთ ამბიცია, რომ იყვნენ საუკეთესონი“, – ამბობს ალექსანდრე შენგელია.
იდეასთან ერთად, არანაკლებ საინტერესოა კლუბის პრინციპები, რაც ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით, მეგობრობაზე დგას.
„კლუბს გამოარჩევს განსაკუთრებულად დიდი სიყვარული ფეხბურთისადმი. ჩვენ გუნდი თითქმის არაფრისგან შევქმენით და მოვედით აქამდე – დღეს მეორე ლიგის ჩემპიონები ვართ. კლუბი სამეგობრო წრემ შევქმენით 2021 წელს. სტაფის ყველა წევრი ბავშვობის მეგობრები ვართ: იურისტი, ბუღალტერი და ფინანსური მრჩეველიც.
ამ გუნდმა ძალიან ბევრს გაუძლო, იყო ბევრი იმედგაცრუება, გულისწყვეტა, მაგრამ ერთად ყოფნით თბილისის ელიტა დღეს პირველ ლიგაში თამაშობს.”
კლუბის განვითარებისთვის საფუძველის ჩაყრა ახალი ტალანტების მოზიდვითა და სათამაშო სტილის გამრავალფეროვნებით იგეგმება.
„რაც შეეხება ჩვენს გეგმებს, გვაქვს სურვილი, გუნდი დავაკომპლექტოთ რამდენიმე ახალი ფეხბურთელით და გავამრავალფეროვნოთ სათამაშო სივრცე, რაც მოაიზრებს სხვადასხვა ტექნიკითა და სტილით გაჯერებულ თამაშს. გვინდა, რომ ჩვენი წარმატება იყოს ერთ-ერთი საწყისი წერტილი საქართველოში ქალთა ფეხბურთის განვითარებისთვის.
პოტენციურ ახალ მაყურებელსა და გულშემატკივარს ვეტყოდით, რომ ძალიან საინტერესო და დაძაბული სეზონი იწყება. ჩვენ კი შესაძლებლობების მაქსიმუმს გავიღებთ, რათა გაყურებინოთ სანახაობრივი და ამაღელვებელი ფეხბურთი.
მათ, ვინც ჩვენ გვერდით ამდენი წელია დგას, ვპირდებით, რომ იმედებს არ გავუცრუებთ და ვეცდებით სეზონის მიწურულს თასი ისევ ავწიოთ.”
2024 წლის სეზონს “ელიტა”, არც მეტი არც ნაკლები, “ლანჩხუთთან” გასვლითი მატჩით იწყებს. წყვილი უდავოდ საინტერესოა, მასპინძელი ჩემპიონთა ლიგაზე გასული და საქართველოს ტიტულოვანი კლუბია, ხოლო სტუმარი მე-2 ლიგის გამარჯვებული და ამბიციებით სავსე გუნდი, რომელსაც ბრძოლისუნარიანობა არ აკლია. მატჩი 9 მარტს, 15:00 საათზე გაიმართება.