მეოთხედფინალური მატჩის წინ ლიონელ სკალონიმ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. არგენტინის ნაკრები ნიდერლანდებს შეხვდება, სკალონი კი სანახაობრივ თამაშს პროგნოზირებს.
“ნიდერლანდებს კარგი გუნდი ჰყავთ, ერთად უტევენ და იცავენ თავს. მგონია, რომ კარგი მატჩი გველის წინ”.
სკალონის მოუწია საუბარი ფეხბურთელებზე, რომელთაც მცირე დაზიანება მიიღეს, არგენტინაში ნერვიულობდნენ, რომ მატჩში მონაწილეობას ანხელ დი მარია ვერ მიიღებდა.
“დე პაული და დი მარია მზად არიან. უკვე იცით, რომ გვყავს ფეხბურთელები, რომლებიც განცალკევებით ვარჯიშობენ, გადაწყვეტილებას თამაშის წინ მივიღებ, მათი ფორმით კმაყოფილი ვარ”.
კვლავინდებურად დაისვა კითხვა პაოლო დიბალაზე, რომელსაც მსოფლიო ჩემპიონატზე ჯერჯერობით არ უთამაშია. ჩნდება კითხვა, – თუ სკალონი მის როლს ვერ ხედავს მოედანზე, საერთოდ რა საჭირო იყო ახალგამოჯანმრთელებული დიბალას წაყვანა მუნდიალზე.
“მისი ვარჯიშით კმაყოფილი ვარ, ჯერ არ გვქონია მატჩი სადაც დიბალას მონაწილეობის საჭიროება დავინახე”.
ბოლოს კი ენცო ფერნანდესზეც ისაუბრა, რომელსაც შესამჩნევი პროგრესი აქვს.
“ენცოს დიდი მომავალი აქვს, სწორედ ამას ველოდით მისგან, ამ მოკლე პერიოდშიც კი დიდი პროგრესი განიცადა, მისით ძალიან კმაყოფილი ვარ”, – თქვა სკალონიმ.
არგენტინასა და ნიდერლანდებს მატჩის წინ უკვე ეცოდინებათ მომავალი მეტოქე.