საქართველო vs მონღოლეთი – რას ველით?

საქართველოს ეროვნული ნაკრები 25 მარტს მონღოლეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. მატჩის დაანონსებას მაშინვე მოჰყვა ბევრი კითხვა და ხუმრობა, – მაინც, რაში გვჭირდება მონღოლეთის ნაკრებთან თამაში?

ამჟამად მონღოლეთი ფიფას რეიტინგში 183-ე ადგილზე იმყოფება. საქართველოს ნაკრები კი 78-ეა. სამაგიეროდ, ქალთა ნაკრებთა რეიტინგში ვართ მეზობლები, საქართველოს ქალთა ნაკრები 128-ე ადგილზეა, მონღოლეთი 129-ეზე.

თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს უკვე ჰყავს მსოფლიო დონის ფეხბურთელი, და ჰყავს რამდენიმე ფეხბურთელი ტოპ ლიგებში, ბევრად უკეთესი მეტოქის შერჩევა იყო შესაძლებელი, მაგრამ, მონღოლეთი გვერგო.

შერჩევის პროცესი ძალიან საინტერესო იქნებოდა, მაგალითად, ვის მოუვიდა თავში, ან თვალში, მონღოლეთის ნაკრები? ვინ წამოაყენა ეს წინადადება – ხალხო, მონღოლეთთან ხომ არ გვეთამაშა?

ან, როგორ შეატყობინეს ეს ამბავი ვილი სანიოლს, – “ვილი, ნორვეგიამდე კარგად მოვემზადებით, მონღოლეთს ვეთამაშებით!”.

კარგი განწყობით

მოდი, იმ არგუმენტებსაც შევხედოთ, რომელიც წარმმართველი უნდა ყოფილიყო მეტოქის შერჩევისას. მაგალითად, აუცილებლად სახლში უნდა ჩაგვენიშნა ამხანაგური მატჩი, რადგან 3 დღეში ნორვეგიასთან თამაშია და მოგზაურობა ჩვენს გეგმებში არ შედის.

ყველა თავისი ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს, ამიტომ, ბევრი ნაკრები ნამდვილად არ მოიძებნება, რომელიც საქართველოში ჩამოსვლას და აქ თამაშს დათანხმდებოდა.

მეორე მოტივი განწყობას შეეხება. სამი დღით ადრე მნიშვნელოვანია, რომ ამაღლებული განწყობა შევინარჩუნოთ, შესაბამისად, უნდა მოგვეძებნა ის ნაკრები, რომელთანაც რეზერვით თამაშის მიუხედავად მაინც დიდი უპირატესობა გვექნება.

ვილი სანიოლი ის მწვრთნელია, რომელიც ამხანაგურ თამაშებს ყოველთვის ახალი ტაქტიკის მოსასინჯად იყენებს, მაგრამ ამჯერად ასეთი დიდი დატვირთვა მონღოლეთთან თამაშს არ უნდა ჰქონდეს. მაქსიმუმ ის ფეხბურთელები ნახოს საქმეში, რომლებიც ნაკრების ძირითადში ხშირად ვერ თამაშობენ.

არ არის გამორიცხული ჩაკვეტაძეც ვიხილოთ მონღოლეთთან, თუ გავითვალისწინებთ, რომ ნაკრები ვილის შერჩეულ 3-4-3-ს ძალიან კარგად მოერგო, ამ სქემაში კი ათიანის ადგილი არ არის. მარცხენა გარემარბის პოზიცია კი კვარაცხელიას ეკუთვნის.

როდესაც სანიოლმა ამ ტაქტიკის დანერგვა გადაწყვიტა, თავიდანვე გაჩნდა ეს დილემა – ჩაკვეტაძით, თუ მის გარეშე?

გიორგის უკვე სათამაშო პრაქტიკაც აქვს და ფორმაშიც შევიდა, ამიტომ, ახლა წესით და რიგით, ყველაზე გამოკვეთილი პასუხი უნდა მივიღოთ.

დანაკლისი

ნაკრებს ვარჯიშზე მიღებული ტრავმის გამო ანზორ მექვაბიშვილი გამოაკლდება. ამჯერად არ გამოუძახებიათ ლუკა ლოჩოშვილი და გურამ გიორბელიძე. დაგეგმილი ოპერაციის გამო არ იქნება დათი ხოჭოლავა.

სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებით გაჩნდა კითხვები. ხოჭოლავას არყოფნაში ლოჩოშვილის როლი თითქოს უნდა გაზრდილიყო, მაგრამ ახლა არც ერთი გვეყოლება და არც მეორე.

არადა, ნაკრებში არიან ფეხბურთელები, რომელთაც მუდმივი სათამაშო პრაქტიკა არ აქვთ. უბრალოდ, ვილი სხვებზე მეტად ენდობა.

ფორვარდის პოზიცია

მონღოლეთთან ბუდუც უნდა ვნახოთ და მიქაუტაძეც. საქმე ის არის, რომ ბუდუს ძალიან კარგი მატჩები ჰქონდა, მაგრამ ბოლო დროს უთამაშებელია. ჯერ ფეჰერვარში აერია საქმე, შემდეგ კარსლრუეში გადავიდა და ძალიან მცირე სათამაშო დრო ეძლევა. არადა, ნაკრების ძირითადის წევრი იყო.

რაც შეეხება მიქაუტაძეს, საპირისპირო მოცემულობა გვქონდა, ყოველთვის ძალიან კარგია კლუბში, მაგრამ ნაკრებში დიდი ხანია თავი არ გამოუჩენია და ისიც კი ათქმევინა მწვრთნელებს, მისგან გაცილებით მეტს ველოდითო.

აქაც არჩევანია გასაკეთებელი და არ არის ეს მარტივი ამბავი. მონღოლეთის ნაკრებთან კიდევ დააკვირდებიან ვინ როგორ ითამაშებს, ნორვეგიასთან კი არ არის გამორიცხული პირველ დილემას სწორედ ამ მოცემულობის პირობებში გაეცეს პასუხი. ვიხილოთ ერთად ჩაკვეტაძე და კვარაცხელია, ცრუ ცხრიანისა და მარცხენა გარემარბის პოზიციაზე, ადგილის გაცვლასაც მარტივად შეძლებენ და მეტოქისთვისაც დიდი თავის ტკივილი იქნება.

ერთი სიტყვით, მონღოლეთთნ უბრალო თამაში არ იქნება, რამდენიმე მნიშვნელოვან კითხვაზე უნდა მივიღოთ პასუხი, მერე კი დიდი მატჩის დროც მოვა.

დაკავშირებული სტატიები
ავტორის შესახებ
არმაზ ახვლედიანი
არმაზ ახვლედიანი
მე ვარ Setanta Sports-ის ჟურნალისტი არმაზ ახვლედიანი. ამჟამად ვწერ ანალიტიკურ სტატიებს ფეხბურთზე, სოციო-ეკონომიკური და პოლიტიკური გავლენების შესახებ. გარდა ამისა, ვწერ ბლოგებსა და მიმოხილვებს. აქამდე პოლიტიკის, ლიტერატურისა და მოგზაურობის შესახებ ვწერდი ჟურნალ ლიბერალში, რადიო თავისუფლებაზე და National Geographic-ზე. ვარ ლიტერატურული ჟურნალის, "დარაჯის" ერთ-ერთი დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. ვარ ფსიქოლოგიისა და ტურიზმის ბაკალავრი და შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის მაგისტრი. ხშირად ვიყენებ ლიტერატურულ თეორიებს ბლოგების სტრუქტურის ასაგებად, ასევე, გამომიყენებია შედარებითი ანალიზი, ფეხბურთელებსა და ლიტერატურულ პერსონაჟებს შორის.

სარჩევი

ჩაყვინთვის სპორტში
ტოპ ლიგები
პრემიერ ლიგა
ბუნდესლიგა
ლა ლიგა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
მიჰყევით SETANTA-ს

მიიღე წვდომა ჩვენს პლატფორმაზე