სარჩევი
საქართველო U21 - ბარათების დათვლამდე | Setanta Sports
2023 ივნ 27, 17:21 შშ
3 წუთის საკითხავი

რა შემთხვევაში გადის საქართველო U21 ჯგუფიდან და რომელი ადგილით? კითხვა აქტუალურია. მასზე პასუხისას რამდენიმე ვარიანტი არსებობს. განხილვა კი ყველაზე უჩვეულოთი დავიწყოთ.

რა შემთხვევაში გახდება ბარათების დათვლა საჭირო

ამ დროისთვის A ჯგუფს საქართველო U21 ლიდერობს. ჯგუფიდან გასვლის გასანაღდებლად, საქართველოს ფრეც ჰყოფნის. გამარჯვების შემთხვევაში კი საქართველო სასურველ პირველ ადგილს ინაღდებს.

არსებობს ალბათობა, რომ საქართველო U21-მა და ბელგიამ U21-მა ქულათა თანაბარი რაოდენობა დააგროვოს.

ამისთვის საჭიროა, რომ საქართველომ ნიდერლანდებთან ფრედ ითამაშოს, ბელგიამ კი პორტუგალიას ორბურთიანი სხვაობით მოუგოს.

მხოლოდ ეს ერთი დათქმით უნდა მოხდეს, თუკი საქართველო ნიდერლანდებთან 0-0-ს ითამაშებს, ბელგიამ ზუსტად 2-0 უნდა სძლიოს პორტუგალიას. თუკი დინამო არენაზე 1-1 დაფიქსირდება, მიხეილ მესხზე ბელგიამ 3-1 უნდა მოიგოს, აქეთ 2-2-ზე იქით – 4-2 და ა.შ.

ასეთ შემთხვევაში, საქართველოს და ბელგიას 5-5 ქულა ექნებათ. ურთიერშეხვედრაში ფრის გამო მომდევნო ელემენტი ბალანსი შემოდის.

აქაც იდენტური ბალანსი იქნება, მსგავსი იქნება გატანილი და გაშვებული ბურთებიც. ასევე ჯგუფში მოგებული მატჩების რაოდენობა.

ასეთ დროს კი დამატებით მაჩვენებლად დაითვლება ბარათები. ყვითელი ბარათი 1 ქულას უდრის, წითელი კი – 3-ს. ვისაც ნაკლები ქულა ექნება, უპირატესობაც მას მიენიჭება.

ამ დროისთვის ტურნირზე რამაზ სვანაძის გუნდს 7 ყვითელი ბარათი აქვს მიღებული, ბელგიას კი – 6. შესაბამისია ქულების რაოდენობაც და უპირატესობა ჟაკი მატიასენის გუნდს ექნება.

თუკი ბარათებითაც ვერ გამოვლინდა გამარჯვებული, მაშინ უპირატესობა ბელგიას მიენიჭება, რადგან ტურნირამდე მას უკეთესი განთესვა და კოეფიციენტი ჰქონდა.

საინტერესოა, რომ ბოლო ტურში საქართველო და ბელგია ერთმანეთს რომ შეხვედროდნენ და ქულები და დამატებითი მაჩვენებლები ზუსტად იდენტური ჰქონოდათ, ბარათები არ დაითვლებოდა. გამარჯვებულის გამოსავლენად 90 წუთის შემდეგ გუნდები პენალტებს შეასრულებდნენ. დამატებით მაჩვენებლებში ბარათებამდე უპირატესი სწორედ პენალტების სერია იქნებოდა.

საქართველო U21-მა რომ წააგოს ჯგუფიდან მაინც გავა?

წინა კომბინაციის ალბათობა საკმაოდ დაბალია. სამაგიეროდ, არსებობს შანსი, რომ რამაზ სვანაძის გუნდი მარცხის შემთხვევაშიც გავიდეს ჯგუფიდან.

ამისთვის საჭიროა, რომ პარალელურად მიმდინარე შეხვედრაში პორტუგალიამ ბელგიასთან უბრალოდ, არ წააგოს. ასეთ შემთხვევაში საქართველო სხვებისთვის მიუწვდომელი რჩება, თუმცა პირველზე ნიდერლანდები გავა და საქართველო ინგლისზე გავა ქუთაისში სათამაშო მეოთხედფინალში.

ამის მიზეზი კი ის არის, რომ საქართველო პორტუგალიას 3 ქულით უსწრებს და ურთიერთშეხვედრებში უპირატესობა აქვს. ქულების თანაბარი რაოდენობის დაგროვების შემთხვევაში კი გუნდებს შორის უპირატესობა ურთიერთშეხვედრებს ენიჭება.

ვის ხვდება საქართველო U21 ფლეიოფში

საქართველოს A ჯგუფი 1/4-ფინალში C ჯგუფზე გადის. A ჯგუფის პირველადგილოსანი C ჯგუფის მეორეადგილოსანს ხვდება, მეორე კი – პირველს. იქ პირველი ადგილი ინგლისს აქვს განაღდებული.

მეორე ადგილის შანსი კი ჩეხეთს, გერმანიასა და ისრაელს აქვთ. უპირატესობა ჩეხებს აქვთ, რომელთაც მეორე ადგილის დასაბევებლად ისრაელთან ფრეც ჰყოფნით.

გერმანიას ფლეიოფში გასასვლელად ინგლისთან მოგება და ჩეხეთის ფეხის დაცდენა სჭირდება. ოღონდ ისრაელმა ისე არ უნდა მოუგოს ჩეხეთს, რომ ბურთებით თავად გერმანიას აჯობოს. მოკლედ, გერმანიის შანსები საგრძნობლად მცირეა.

სად ითამაშებს საქართველო ფლეიოფში

A1 – B2 – მიხელ მესხზე უნდა გაიმართოს, A2 – B1 კი ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე.

თუმცა არსებობს უდიდესი ალბათობა, რომ თუკი საქართველო პირველ ადგილზე გავა, C ჯგუფის მეორეადგილოსანთან უმცროსი ჯვაროსნები დინამო არენაზე ითამაშებენ. მიზეზი სტადიონის ტევადობაა.

დინამო არენაზე ხომ 2-ჯერ მეტი გულშემატკივარი ეტევა.