საქართველო vs შოტლანდია – ურთიერთშეხვედრები/რა დაგვამახსოვრდა

20 ივნისს გლაზგოში შოტლანდიის ნაკრები საქართველოს ნაკრებს უმასპინძლებს. გუნდებს აქამდე ოთხჯერ უთამაშიათ. ორი მატჩი შოტლანდიელთა გამარჯვებით დასრულდა, ორიც ქართველებმა მოიგეს.

ქართველ ქომაგს უყვარს შოტლანდიასთან თამაში, (განსხვავებით ირლანდიისაგან) მათი არავის ეშინია, პოზიტიური გამოცდილება გვიმაგრებს ზურგს, საქართველოს ისტორიაში ორი ძალიან კარგი შეხვედრა სწორედ სქოთების წინააღმდეგ ჩავატარეთ.

მხოლოდ მოგებაში არ არის საქმე, ერთი თბილისური შეხვედრა საუკეთესო იყო კლაუს ტოპმიულერის ქართულ კარიერაში, მეორე კი საუკეთესო იყო კახა ცხადაძის ხელმძღვანელობით.

ჰოდა, გერმანელით დავიწყოთ.

2007 – გასახსენებელი ბევრია

პირველი მატჩი 2007 წლის 24 მარტს შედგა. მთავარი ინტრიგა შოთა არველაძის თამაში იყო ჰემპდენ პარკზე, გლაზგოში შოთას კარგად იცნობდნენ და რეინჯერსიდან ტკბილად ნამდვილად არ წასულა. თითქოს აღარ სჯეროდათ მისი, ტრავმების გამო ბევრი უცდებოდა და ალბათ ჩათვალეს, რომ მისი დრო წავიდა. შოთა სხვაგვარად თვლიდა და მიუხედავად იმისა, რომ დასამტკიცებელი აღარაფერი ჰქონდა, მაინც სხვა მოტივაციით გავიდა მოედანზე.

ეტყობოდა, იგრძნობოდა, ისიც იგრძნობა ხოლმე, როცა მთელმა სტადიონმა იცის რას წარმოადგენ, იცის შენი ფასი და კლასი. ესეც ალბათ დამატებით თავდაჯერებას გმატებს.

ანგარიში კრის ბოიდმა გახსნა თავური დარტყმით. ჩვენს ცენტრალურ მცველებს (ხიზანიშვილი, სალუქვაძე) ჩამოეძინათ.

მერე კი იმ გოლის ჯერი მოვიდა, რომელიც ბევრის აზრით საუკეთესოა შოთას სანაკრებო კარიერაში. ორი ფეხბურთელის ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე შედგა ეს სილამაზე. არ ვიცი, ალბათ გაიქვითნენ ჩვენი ფორვარდები, დანიის ნაკრებთან მომხდარი გაუგებრობის შემდეგ. მაშინ, 2:2 ზე, ძალიან კარგი მომენტი გვქონდა, მაგრამ დემეტრაძემ და არველაძემ ერთმანეთს ხელი შეუშალეს და ლეგენდის თანახმად დღემდე ვერ გაურკვევიათ რომელმა რომელს წაართვა შანსი.

შოტლანდიასთან გოლით კიდე ის ამბავიც წარსულში დატოვეს, იმდენად კარგი იყო ორივე, იმდენად ლამაზი გოლი გამოვიდა.

მეორე დღეს შოტლანდიელები წერდნენ შოთამ ზომიერად აღნიშნა, თავისი ცნობილი ნახტომი არ შეუსრულებია, ჩვენი პატივისცემითო. ბრუნის რა მოგახსენოთ, შესაძლოა, ბებერმა ძვლებმაც არ მისცა ამის საშუალება, აღნიშვნა კი მართლაც ზომიერი იყო, გაშალა ხელები და მომეჩვენა, რომ ასე ჩუმად აპირებდა ბოლომდე ყოფნას, მაგრამ ემოცია ვეღარ დაიტია და მაგრადაც დაიღრიალა.

კარგი იყო, გავიხარეთ.

თუმცა, წავაგეთ ტრადიციულად. როგორც ვაგებდით ხოლმე იმ შავ-ბნელ პერიოდში. წავაგეთ ბოლო წუთებზე. ჩვეული მტანჯველი და მაზოხისტური სიტყვაც ითქვა – “კარგად ვითამაშეთ, მაგრამ წავაგეთ”.

ასეც არ იყო საქმე. არ იყო კარგი თამაში. შესაძლოა, ჩვენმა ფეხბურთელებმა ასე ჩათვალეს, მაგრამ კარგი თამაში ნამდვილად არ ყოფილა, ერთი ის მომენტი იყო ლამაზი, ეგ იყო და ეგ.

ბოლო გოლი ისევ ცენტრალური ზონიდან გავიდა, მახსოვს ხიზანიშვილი ამბობდა ფეხი გავიჭიმე და მაგიტომ ვერ ვითამაშე ბურთზეო. ესეც რაღაც ქართული ამბავია, უფრო სწორად, ძველქართული ამბავი. ჰოდა, დავტოვოთ ეს გაჭიმვები წარსულში.

თბილისის მატჩი

მეორე მატჩი 17 ოქტომბერს შედგა. აქ უკვე ბევრი რამ ჩავლილია. გასვლის შანსი, რა თქმა უნდა, დაკარგულია. შოთა წასულია. გული დამწყდა, რადგან ძალიან მსურდა ახალგამოჩენილ ყენიასა და არველაძეს ერთად ეთამაშათ. მცირე ხნით მაინც. ეროვნული ნაკრები იყო ადგილი, სადაც საჭირო წუთი ყოველ ჯერზე გამოეპარათ, ვერასდროს ხვდებოდნენ ვინ როდის უნდა დაეწინაურებინათ და ვისზე როდის უნდა ეთქვათ უარი. ეს კი დიდი პრობლემაა, ზუსტი წუთის ხელიდან გაშვება ყველაფერს თავდაყირა აყენებს ხოლმე და მერე ამ ამბების დალაგება ძალიან ჭირს.

წავიდა არველაძე და გამოიძახეს ნაკრებში ლევან ყენია. ასე მოხდა. როცა შოთა იყო ნაკრებში პასის მიმცემი არავინ ჰყოლია, დაცვიდან წამოსული ასათიანი თუ მოამარაგებდა. ხოლო, როცა ყენია გამოჩნდა, უკვე გოლის შემგდები აღარ გვყავდა არავინ. აი, ასეთი უკუღმართი ხალხი ვართ.

არც იმას გამოვრიცხავ, შოთა რომ ციკლის ბოლომდე დარჩენილიყო იქნებ საერთოდ არ გამოეძახებინათ ახალგაზრდები. ეს ხომ ბუნებრივი პროცესი არასდროს ყოფილა წინა წლებში, ყოველთვის ერთი ხელის მოსმით ცვლიდნენ ყველაფერს.

ორ შოტლანდიურ მატჩს შორის იყო “ის ცნობილი არჩევნები”, ჰოდა, ასეთი გარემო შეიქმნა – ხალხი მაგრად ბრაზობს და ერთი სული აქვს ფეხბურთის მესვეურები შუაზე გაგლიჯოს. თუმცა, სტადიონზე მაინც მივიდნენ, იმიტომ, რომ ყენია იყო მოედანზე და იყო ლევან მჭედლიძეც, რომლისაც მაგრად გვეიმედებოდა, ალბათ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ეს ორი ვარსკვლავი ასე დაიტანჯებოდა, და ასე ნაადრევად ჩაქვრებოდა.

კვარაცხელიას თუ არ ჩავთვლით, არავინ მახსოვს ყენიაზე დიდი შთაბეჭდილება მოეხდინოს ეროვნულ ნაკრებში.

კარში იდგა 17 წლის გიორგი მაკარიძე. ეს მისი სადებიუტო შეხვედრა იყო. ერთხელ დაურტყეს შორიდან, ძალიან მშვიდად დაეუფლა ბურთს, არაპროფესიონალურად, მეკარისთვის შეუფერებლად, თითქოს ეზოში თამაშობსო, ამან მაყურებელი გაახალისა და სულ სხვა თავდაჯერებაც შემატა. შოტლანდიელებიც გვარიანად დააბნია, თითქოს არაფრად ჩააგდო მათი გარჯა.

გიორგის ამ სამი თინეიჯერიდან ყველაზე სტაბილური კარიერა გამოუვიდა, მაგრამ მაინც ვერ გაამართლა ის მოლოდინი, რაც მასთან მიმართებით ჰქონდათ.

საქართველომ მოიგო 2:0. მჭედლიძისა და სირაძის გოლებით.

2014 – ქეცბაიას ავტობუსი

ქეცბაია უყვართ და პატივს სცემენ, თუმცა, იშვიათად მინახავს ადამიანი მისი ფორმაციის ნაკრები ჰყვარებოდეს. საშინელი სანახავი იყო, ხარისხიც და შედეგიც თანაბრად ცუდი გამოდიოდა.

2014 წლის 11 ოქტომბერს შედგა ეს მატჩი, აიბროქსზე. ჩადგა ჩვენი ნაკრები 5 მცველით და დაემატა ამ ხუთს კიდევ სამი საყრდენი!

მხოლოდ ორი შემტევი გვყავდა, – ყაზაიშვილი და გელაშვილი. მახსოვს, გელაშვილი ბევრს დარბოდა, იმდენს დარბოდა რამდენიც თემურმა მოთხოვა, თუმცა, ეს ფეხბურთია და არა ორდროშობანა, ხანდახან, მართლა სასაცილო იყო მაშინდელი ნაკრების მდგომარეობა.

აბა, ორი შემტევით რა უნდა გვექნა?!

მეორე ტაიმის დასაწყისში ოქრიაშვილი გამოვიდა მოედანზე, მაგრამ ვერც სამი შემტევია დიდი შეღავათი, მაშინ, როცა ამ სამ შემტევს სამი საყრდენი უმაგრებს ზურგს.

ერთადერთი გოლი 28-ე წუთზე გავიდა. ბოლოს აკაკი ხუბუტიას მოხვდა ბურთი და ავტოგოლი ჩაეთვალა. გასატანი გვქონდა, თუმცა, ვერ შევუტიეთ. არც ეგ არის გასაკვირი.

2015 – ცხადაძის სადებიუტო მოგება

უბრალოდ შემადგენლობას რომ გადახედოთ უკვე ნათელი გახდება ბევრი რამ. არც ანომალიური შეხედულება აქვს, არც ექსპერიმენტს ჰგავს. მოედანზე ერთი ფორვარდი, ორი გარემარბი და ერთი გამთამაშებელი გვყავს. პლუს ნაკრებში დაბრუნებული ნავალოვსკი, რომელიც ყოველთვის შემტევი განაპირა მცველი იყო და “ვინგ ბექზეც” მშვენივრად თამაშობდა.

თავის მხრივ, ნაკრებში დაძაბულობა ყველას მოეხსნა, დაგვიწერია ამის შესახებ, როცა ახალი მწვრთნელი მოდის, ახალი იმედებიც მოჰყვება და ეს განახლება თავის დროზე პოზიტიურ როლს თამაშობდა ხოლმე.

საუკეთესო მატჩი იყო კახა ცხადაძის შესრულებით. ამბობენ, გერმანიასთან უკეთესი იყო, მიუხედავად იმისა, რომ წავაგეთო, მაგრამ არც ეგრეა საქმე. საერთოდ, ამ პერიოდს ბევრი მითიც მოჰყვება და მოდი, დემითოლოგიზაციას მივყოთ ხელი.

პირველ რიგში, აღვნიშნოთ ის, რომ ჩვენს ჯგუფში თამაშობდა გერმანიის ნაკრები, რომელშიც მსოფლიო ჩემპიონობის შემდეგ ცვლილებების დრო დადგა. არ იყო ეს გუნდი დაუმარცხებელი. მაგალითად, ირლანდიამ გერმანიასთან 4 ქულა აიღო! პოლონეთმა – 3. შოტლანდიამ კი ორივე მატჩი იმაზე უკეთ ითამაშა, ვიდრე საქართველომ.

ჰოდა, გადამეტებულია ეგ შეფასებები, თანაც დღემდე რომ ისმის. ძველ “კინოში” ჩარჩენილი თამაშია – “კარგად ვითამაშეთ, მაგრამ წავაგეთ”.

მეორე ამბავი, რასაც ხშირად იხსენებენ არის ის, რომ კახა ცხადაძემ დაიწყო პირველად სამი მცველით თამაში. ასეა ნამდვილად, თემურის 5 მცველი 3 მცველად გადააკეთა და განაპირა მცველები “ვინგ ბექებად” აქცია, მაგრამ დღევანდელთან, ესე იგი, სანიოლის ტაქტიკასთან გავლებული პარალელი მაინც უადგილოა.

მწვრთნელი იმ შემადგენლობიდან უნდა ამოდიოდეს რაც მოცემული ჰყავს. ნაკრებში შენ ჭკუაზე ვერაფერს ააწყობ, ვინც გყავს ეგ გყავს. ცხადაძე კი უჩა ლობჟანიძეს ათამაშებდა “ვინგ ბექზე”, რომელსაც არანაირი შემტევი პოტენციალი არ ჰქონდა. დღეს კი სულ სხვა მოცემულობაა, ვილი სანიოლს ორივე ფლანგზე 3-3 არჩევანი აქვს, ამ ნაკრებს იმ ნაკრებთან არაფერი აღარ აქვს საერთო, ამიტომ იმის თქმა, რომ სანიოლის ფორმაციის ნაკრებს 2015 ში ჩაეყარა საფუძველი, რბილად რომ ვთქვათ აზრს მოკლებული მგონია.

ერთადერთი გოლი 37-ე წუთზე ვაკო ყაზაიშვილმა გაიტანა.

გასვლის შანსი, რა თქმა უნდა, აღარ გვქონდა.

ახალი ფურცელი

სულ სხვა ნაკრებს ვადევნებთ თვალყურს. საწყისი წერტილის დასახელება კი გამიჭირდება. ამას უფრო სიღრმისეული კვლევა დასჭირდება. დადებითი მუხტი და რწმენა კი ეჭვგარეშეა, რომ ერთა ლიგამ დააბრუნა. რომ არა ეს ტურნირი, ძალიან დიდი სიხარული მოგვაკლდებოდა.

ჰოდა, პირველ რიგში, მადლობა უეფას.

საწყის წერტილად შეგვიძლია მივიჩნიოთ ჩაკვეტაძის გამოჩენა და სადებიუტო ერთა ლიგა.

შეგვიძლია მივიჩნიოთ კვარაცხელიას გამოჩენა და წამოსული “ახალი ტალღა”.

გნებავთ სანიოლიდან დაიწყეთ ათვლა, გნებავთ ეროვნული ნაკრების რებრენდინგიდან, რომელმაც წერტილი დაუსვა ცუდად გასახსენებელ წლებს და ახალი ფურცელი გადაშალა.

ტექსტი ახლა იწერება, ჯერ ორი მატჩისა დაიწერა და ყველაფერი რიგზეა. დღეს კარგი მატჩი გველის, მე კი ვერ წარმომიდგენია რომ შოტლანდიის ნაკრებმა ზედიზედ ოთხი მატჩი მოიგოს, არ მჯერა, არც გრძნობისა და არც გონების საფუძვლად.

პრომოკოდი და შეთავაზება setantasports.com-ზე

საზაფხულო შეთავაზება setantasports.com-ის მკითხველებისთვის. 30 ივნისამდე ახალ ან არსებულ ანგარიშზე გამოიყენეთ პრომოკოდი SUM30 ან SUM40 და მიიღეთ სოლიდური ფასდაკლება.

SUM30 – 30%-იანი ფასდაკლება setantasports.com-ზე

პრომოკოდის SUM30-ის გამოყენების შემთხვევაში მიიღებთ 30%-იან ფასდაკლებას ჩვენი პლათფორმის ერთთვიან პაკეტზე.

SUM40 – 40%-იანი ფასდაკლება setantasports.com-ზე

პრომოკოდის SUM40-ის გამოყენების შემთხვევაში კი 40%-იან ფასდაკლებას მიიღებთ ჩვენი პლათფორმის ორთვიან გამოწერაზე.

შეთავაზებით სარგებლობისთვის საჭიროა setantasports.com-ზე თქვენს პირად ანგარიშზე სასურველი პრომოკოდი გამოიყენოთ.

ავტორის შესახებ
Picture of არმაზ ახვლედიანი
არმაზ ახვლედიანი
მე ვარ Setanta Sports-ის ჟურნალისტი არმაზ ახვლედიანი. ამჟამად ვწერ ანალიტიკურ სტატიებს ფეხბურთზე, სოციო-ეკონომიკური და პოლიტიკური გავლენების შესახებ. გარდა ამისა, ვწერ ბლოგებსა და მიმოხილვებს. აქამდე პოლიტიკის, ლიტერატურისა და მოგზაურობის შესახებ ვწერდი ჟურნალ ლიბერალში, რადიო თავისუფლებაზე და National Geographic-ზე. ვარ ლიტერატურული ჟურნალის, "დარაჯის" ერთ-ერთი დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. ვარ ფსიქოლოგიისა და ტურიზმის ბაკალავრი და შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის მაგისტრი. ხშირად ვიყენებ ლიტერატურულ თეორიებს ბლოგების სტრუქტურის ასაგებად, ასევე, გამომიყენებია შედარებითი ანალიზი, ფეხბურთელებსა და ლიტერატურულ პერსონაჟებს შორის.

სარჩევი

ჩაყვინთვის სპორტში
ტოპ ლიგები
პრემიერ ლიგა
ბუნდესლიგა
ლა ლიგა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
მიჰყევით SETANTA-ს