საქართველო – ნორვეგია – რას უნდა ველოდოთ

საქართველო - ნორვეგია - რას უნდა ველოდოთ ნორვეგიისგან | Setanta Sports

საქართველო – ნორვეგია ჯვაროსნებისთვის წლის პირველი ოფიციალური მატჩი იქნება. საქართველო ჯგუფს ახლა იწყებს, ნორვეგია კი ესპანეთიდან ბათუმში დამარცხებული ჩამოვიდა.

ევრო 2024-ის კვალიფიკაციის პირველი ოფიციალური მატჩი საქართველოსთვის, რომელსაც უსაზღვრო მოლოდინი ახლავს თან, მოახლოვდა. საქართველო A ჯგუფში მე-4 კალათიდან შევიდა, ნორვეგია კი – მე-2-დან.

მეტოქე ჰოლანდის გარეშე, თუმცა მაინც უძლიერესი შემადგენლობითაა. ოდეგორი, სორლოტი, რიერსონი, ელიონუსი, ბერგე, სოლბაკენი და სხვები – შემადგენლობას სოლიდურ იერს სძენენ.

ესპანეთი 3:0 ნორვეგია

A ჯგუფი შოტლანდია-კვიპროსის წყვილმა გახსნა. თემურ ქეცბაიას გუნდი სქოთებთან 0:3 დამარცხდა.

ნორვეგიამ კი მალაგაში, ესტადიო ლა როსალედაზე ითამაშა. ლუის დე ლა ფუენტეს დებიუტი ესპანეთის ნაკრებში წარმატებული გამოვიდა.

ფურია როხასადან თავი დანი ოლმომ და ხოსელუმ დუბლით გამოიჩინეს.

რამდენიმე შანსი ნორვეგიასაც ჰქონდა, თუმცა სკანდინავიელებმა კარში მხოლოდ 1-ელ დაარტყეს. ფრედერიკ აურსნესს კეპა არისაბალაგამ ურთულესი დარტყმა აუღო.

ნორვეგიელებმა კი სამივე გოლი დაცვის ცენტრში პოზიციური შეცდომების გამო დაუშვეს. ოდნავ მძიმე მცველები ესპანელების სწრაფ ჰორიზონტალურ პასებს ალღოს ვერ უღებდნენ, მათ შორის ვერც მაღალ ჩაწოდებებს.

ნორვეგიის ტაქტიკა ესპანეთთან

ნორვეგიამ ესპანეთთან მატჩი მეორე ნომრად დაგეგმა. 4-1-4-1 ფორმაცია, თავდაცვისას 5-4-1 ხდებოდა. ჩამშლელი ბერგი მესამე მცველად დგებოდა.

ფლანგის ნახევარმცველები ელიონუსი და ბერგე დაცვის ფლანგებს აქტიურად ეხმარებოდნენ. შესაბამისად, ესპანელები მეტოქის მეოთხედსა და მესამედში მეტობას ცენტრალურ ნაწილში ქმნიდნენ.

იაგო ასპასი, გავი და დანი ოლმო საყრდენ ზონაში ჩაწეულ ოდეგორსა და აურსნესს დიდ პრობლემებს უქმნიდნენ.

ნორვეგიის სავარაუდო შემადგენლობა საქართველოსთან

ესპანეთთან დაბლა დაწეული 4-1-4-1 საქართველოსთან, სავარაუდოდ 4-3-3 გახდება. სტალე სოლბაკენს ნახევარმცველები თავისუფლად მანევრირების საშუალებას აძლევენ.

ნიულანდი – რიერსონი, ოსტიგორი, სტრანდბერგი, მელინგი – ბერგი, ოდეგორი, აურსნესი – სოლბაკენი, სორლოტი, ელიონუსი

სავარაუდო შემადგენლობაში 2 ცვლილება უნდა იყოს. ესპანეთის მატჩის შემდეგ, 22 წლის მარკუს პედერსენი იულიან რიერსონმა უნდა შეცვალოს. დორტმუნდის ბორუსიას მცველი კიდევ უფრო გამოცდილი და უნივერსალურია. ბუნდესლიგელი მცველის უნარები შეტევასა და დაცვაში უფრო დაბალანსებულია.

მეორე ცვლილებად კი სანდერ ბერგეს ადგილი რომას შემტევმა ოლა სოლბაკენმა უნდა დაიკავოს. არის მეორე ვარიანტიც, ბერგემ უფრო შუაში შეიწიოს და ფლანგელი სოლბაკენი, რომელიც 1.86 სმ-ია 11-ეულში აურსნესის ნაცვლად დადგეს.

კვარაცხელია vs რიერსონი

მოსალოდნელია, რომ კვარაცხელიას წინააღმდეგ სწორედ რიერსონი ვნახოთ.

უნიონ ბერლინიდან ის დორტმუნდში წინა სატრანსფერო ფანჯრის დროს გადაბარგდა. მისმა ყოფილმა მწვრთნელმა კი, მისი ტრანსფერის შესახებ გარიგების დასრულების შემდეგღა შეიტყო.

ურს ფიშერს რიერსონი ძალიან მოსწონდა და აგერ მეორე სეზონის განმავლობაში ძირითადსაც აჩვევდა კაპიტანი ტრიმელის ნაცვლად.

ნორვეგიელი უნივერსალია. მას დაცვის ორივე ფლანგზე შეუძლია თამაში. თუმცა არის ერთი მნიშვნელოვანი გარემოება: რიერსონი უფრო ლატერალი, უინგ ბექია ვიდრე კლასიკური ფლანგის მცველი.

სოლბაკენის ხელში კი ნორვეგია მუდმივად 4 მცველს თამაშობს.

ამას გარდა, დორტმუნდში მას სათამაშო დრო სხვადასხვა პოზიციაზე ეძლევა. მარიუშ ვოლფი შვარცგელბენში ფორმაშია, ამიტომ, მაგალითად, კიოლნთან რიერსონი მარცხენა მცველად ვნახეთ. ესეც კვარასთვის დამატებითი უპირატესობა შეიძლება იყოს.

ოდეგორი vs ქართველი 8-იანი

ჰოლანდის არყოფნაში ნორვეგიას ოდეგორი ულიდერებს. ეს საიდუმლოს ნამდვილად არ წარმოადგენს. არსენალის ლიდერს კი განსაკთრებული ყურადღება რომ დასჭირდება, სანიოლი-ხიზანიშვილი-შადლის ტრიომ ცხადია, კარგად იცის.

3-4-2-1 შეტევაში, დაცვაში კი 5-3-1-1, სადაც კვარა მეორე უკანდახეული ფორვარდია. ეს განლაგება ვილი სანიოლმა წარმატებით დანერგა.

რა იქნება ნორვეგიასთან და ვინ დაიწყებს ძირითადში, კონკრეტულად საყრდენ ღერძში რთული სათქმელია. ძირითადს კვეკვესკირი-აბურჯანიას დუეტი წარმოადგენს.

ნაკრებს რომ კიტეიშვილი ჰყოლოდა, შეიძლება შტურმის შემტევისგან ოდეგორზე პერსონალური გვევარაუდა, თუმცა კიტეს ტრავმა აქვს.

მონღოლეთთან კარგად გამოიყურებოდა ლუკა გაგნიძე. სამწუხაროდ, ჯერ კიდე რუსეთში მოთამაშე, უნიჭიერეს ფეხბურთელს მშვენიერი დებიუტი ჰქონდა. თუმცა სავარაუდოდ, ის მაინც სკამიდან დაიწყებს, რადგან ჯერ მისი გამოცდილება უფრო მცირეა, ვიდრე მისი პოზიციის სხვა ფეხბურთელების.

ამხანაგურ მატჩში ძირითადში იდგა აბურჯანიაც, შესაბამისად რთული გამოსაცნობია, თუ ვინ იქნება სასტარტოში.

თუკი კვეკვესკირი-აბურჯანიას დუეტით გავა ძირითადიდან ნაკრები სათამაშოდ, ოდეგორის დაკეტვა სწორედ აბუს მოუწევს. ჟილ ვისენტესა და საქართველოს ნაკრების საყრდენი ფორმაშია, თუმცა მას მინდორზე კიდევ უფრო დიდი მობილობა, თანაც მაღალ სისწრაფეზე დასჭირდება.

საფრთხე ცენტრ ფორვარდებისგან

ერლინგ ჰოლანდი ტრავმის გამო საქართველოს მატჩსაც გამოტოვებს. ნორვეგიელმა საზარდულის არეში დისკომფორტი ბარნლისთან მატჩში იგრძნო.

ცხადია, მისი არყოფნა საქართველოს ამოცანას აიოლებს, თუმცა მეტოქეს მაინც ბევრი მაღალი კალიბრის ფორვარდი ჰყავს.

სტალე სოლბაკენს ტიპური ტანმაღალი, ფიზიკურად ძლიერი ცენტრფორვარდები ჰყავს.

  • სტალე სოლბაკენი 1.95 სმ
  • იორგენ სტრანდ ლარსენი 1.93 სმ

შესაბამისად, მეორე სართულზე ერთი ერთზე ორთაბრძოლები საკვანძო იქნება. სავარაუდოა, რომ სოლბაკენი მცველების ზურგს უკან გადაკიდებებზე აქცენტირდება. მიზეზი მარტივია – სამ ცენტრალურ მცველთან მეტობის შექმნას ნორვეგიელი ფორვარდები ნაკლებად შეძლებენ.

სამაგიეროდ, სახიფათო და მწვავე იქნება გარემარბების დიაგონალური შერბენები და ოდეგორისა და რომელიმე 8-იანის გადაკიდებები და დაფარული პასები.

საბოლოო ჯამში, ბათუმში ჩაკეტილი მწირმომენტიანი შეხვედრაა მოსალოდნელი. ასეთი სტილის მატჩებში კი საკვანძო დისციპლინის გარდა, ინდივიდუალიზმი და კრეატიულობაა ხოლმე.

გადამწყვეტი მომენტების რეალიზაციის მაჩვენებელი იქნება.

ასევე ფიქრი ღირს ფსიქოლოგიურ მხარეზე – ნორვეგიას პირველი მატჩი უკვე წაგებული აქვს, ახლა კი საქართველოსთან, ბათუმში 3 ქულა უნდა ჰქონდეთ დაგეგმილი. შესაბამისად, რაც მეტი დრო გავა და მათ მხარეს ტაბლოზე 0 იქნება დაფიქსირებული, მათ მოქმედებაში სიმწყობრე, რომ მღელვარებამ და წუნმა შეცვალოს, გასაკვირი სულაც არ იქნება.

მატჩი დინამო ბათუმის საშინაო არენაზე 28 მარტს, 20:00 საათიდან დაიწყება.

დაკავშირებული სტატიები
ავტორის შესახებ
ირაკლი იმედაძე
ირაკლი იმედაძე
მე სპორტული ჟურნალისტი, სცენარისტი და ფეხბურთის კომენტატორი ვარ. ხუთი წელია, Setanta Sports-ისა და ჩემი გზები დაკავშირებულია. შეხედულება, უფრო მეტიც, აქსიომა, რომ სპორტი უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ ფიზიკური აქტივობა ან მსგავსი რამ, თავიდან ბოლომდე მრთავს ამ ინდუსტრიაში და ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი ხდება. ვარ საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, ახლო აღმოსავლეთის კონცენტრაციით. ვფიქრობ, ორიენტალისტიკა სპორტის ლაბირინთებში ორიენტირებაში ძალიან მეხმარება.

სარჩევი

ჩაყვინთვის სპორტში
ტოპ ლიგები
პრემიერ ლიგა
ბუნდესლიგა
ლა ლიგა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
მიჰყევით SETANTA-ს

მიიღე წვდომა ჩვენს პლატფორმაზე