საფრანგეთი 2-0 მაროკო – ლე ბლუ ტიტულის დასაცავად

საფრანგეთმა მაროკო დაამარცხა და ფინალში არგენტინას შეხვდება | Setanta Sports

საფრანგეთმა ნახევარფინალში მაროკო დაამარცხა და კატარის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში არგენტინასთან ითამაშებს. ლე ბლუ მუნდიალის ფინალში ისტორიაში მეოთხედ და ზედიზედ მეორედ გავიდა.

კატარში ნახევარფინალებმა სენსაციების გარეშე ჩაიარა. საფრანგეთმა მაროკო 2-0 დაამარცხა და ფინალის საგზური მოიპოვა.

მატჩში საკვანძო ორი მომენტი იყო – პირველი, მორგან საისი ბოლომდე მწყობრში ნამდვილად არ იყო, რამაც მაღრიბელთა გეგმები იძულებითი ცვლილების გამო არია და მეორე, სწრაფი გოლი, რომელიც დიდიე დეშამის გუნდმა მე-5 წუთზე გაიტანა.

მატჩი

მაროკო 5 მცველით სათამაშოდ ამ ჩემპიონატზე პირველად გამოვიდა.

ანგარიში ელ იამიქის შეცდომის შემდეგ გაიხსნა. ვალიადოლიდის ცენტრალური მცველი გრიზმანის წინააღმდეგ ბურთის ჩაჭრას ცდილობდა, თუმცა უშედეგოდ. საბოლოოდ მბაპეს მცველებმა არ გაატანინეს, ხოლო თავისუფალ ბურთზე პირველმა ტეო ერნანდესმა ითამაშა. მილანის მცველმა ტურნირზე მე-2 გოლი გაიტანა.

მაროკომ ტურნირზე სულ მეორე გოლი გაუშვა. პირველის(ავტოგოლი) ავტორი ნაიფ აქერდი მატჩამდე გახურებისას დაშავდა. ამას გარდა, ტრავმა ბოლომდე მოშუშებული აშკარად არ ჰქონდა მორგან საისს და ეს მატჩის მე-20 წუთისთვის უკვე ნათელი იყო.

ისიც ნათლად ჩანდა, რომ მთავარი მწვრთნელი ვალიდ რეგრაგი სამედიცინო შტაბით ან თავად ფეხბურთელით, ძალიან უკმაყოფილო იყო და ამას ტექნიკურ ზონაში არც მალავდა. ცვლილების დროც მალე დადგა. ტრავმირებული მცველი მორგან საისი შემტევმა ნახევარმცველმა სელიმ ამალამ შეცვალა.

საბოლოოდ, პირველ ტაიმში ვალიდ რეგრაგის გუნდი მეტოქეს ბევრი არაფრით ჩამორჩა, თუმცა 2 ზუსტი დარტყმის მიუხედავად წონასწორობა მაინც ვერ აღადგინა. უგო ლორისმა ბოლო წუთზე ლე ბლუ აშკარა გოლისგან იხსნა.

მეორე ტაიმი

მეორე ტაიმი მაროკოელებმა ცვლილებებით დაიწყეს, იაჰია ატია-ალამ ნუსაირ მაზრაუი შეცვალა. მეორე ნახევრის სტარტი მაროკოელებმა აქტიურად დაიწყეს. თუმცა კვლავ უშედეგოდ.

დიდიე დეშამმა მხოლოდ ორი ცვლილება გააკეთა. მარკუს წიურამმა ოლივიე ჟირუ შეცვალა. ხოლო რანდალ კოლო მუანიმ უსმან დემბელე. მილანის ფორვარდს რამდენიმე შანსი ჰქონდა, თუმცა საკუთარ 4 გოლს ვერაფერი შემატა.

სანაცვლოდ, უმცროსმა წიურამი აქტიურად შემოვიდა, ხოლო რანდალ კოლო მუანიმ მუნდიალზე სადებიუტო გოლი გაიტანა. საინტერესოა, რომ დეშამს კატარში წიურამი კოლო მუანი თავიდან არ მიჰყავდა, თუმცა ნკუნკუსა და ბენზემას ტრავმების შემდეგ მიონხენგლადბახის ბორუსიისა და ფრანქფურტის აინტრახტის შემტევები მუნდიალზე მოხვდნენ.

კოლო მუანის გოლი მუნდიალების ისტორიაში ცვლილებაზე გამოსვლიდან მესამე ყველაზე სწარაფი გოლია. მან თავის გამოჩენა 44 წამში შეძლო.

მაროკოს ყველაზე რეალური საგოლე შანსი 90+4 წუთზე ჰქონდა, თუმცა ჟულ კუნდემ აბდელრაზაკ ჰამდალას არ გაატანინა. საბოლოოდ 2-0 და საფრანგეთი ფინალშია.

18 დეკემბერს, ფინალში საფრანგეთი არგენტინას დაუპირისპირდება.

საკვანძო სტატისტიკა

  • საფრანგეთი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალს მეოთხედ ითამაშებს
  • არგენტინა მსოფლიო ჩემპიონატის 6 ფინალში იყო, თუმცა საფრანგეთი-არგენტინა ტიტულს ფინალში პირველად გაითამაშებს
  • დიდიე დეშამი გახდა მე-4 მწვრთნელი, რომელმაც ნაკრები ფინალში ზედიზედ ორჯერ გაიყვანა. მანამდე ეს შეძლეს: ვიტორიო პოცომ იტალიით (1934, 1938); კარლოს ბილარდომ არგენტინით (1986, 1990) და ფრანც ბეკენბაუერმა გერმანიით(გფრ) (1986, 1990)
  • ბრაზილიის (1998, 2002) შემდეგ საფრანგეთი პირველი ნაკრებია, რომელიც მიჯრით ორ ფინალს ითამაშებს. ბოლო ევროპული ნაკრები, რომელმაც ეს შეძლო გერმანია (1986, 1990) იყო
  • რანდალ კოლო მუანიმ ცვლილებაზე გამოსვლის შემდეგ მუნდიალების ისტორიაში მესამე ყველაზე სწრაფი გოლი გაიტანა. მას 44 წამი დასჭირდა. ყველაზე სწრაფი გოლების სამეული კი თამაშში ჩართვის შემდეგ ასეთია: რიჩარდ მორალესი (2002 ურუგვაი-სენეგალი) 16 წამი; ებე სანდი (1998 დანია-ნიგერია) 26 წამი
  • 1958 წელს ბრაზილიელი ვავას მიერ საფრანგეთის კარში გატანილი გოლის შემდეგ, მუნდიალების ნახევარფინალებში ყველაზე სწრაფი ტეო ერნანდესმა გაიტანა. ფრანგ მარცხენა მცველს 4:39 დასჭირდა
  • უგო ლორისი მუნდიალზე ჩატარებული მე-19 შეხვედრით მანუელ ნოიერს გაუთანაბრდა. შემდეგ 18-18 მატჩით კლაუდიო ტაფარელი და იოზეფ მაიერი მოდიან. ფინალში საფრანგეთის კაპიტანს შანსი ექნება მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში ყველაზე მეტი მატჩის ჩამტარებელი მეკარე გახდეს

ავტორის შესახებ
ირაკლი იმედაძე
ირაკლი იმედაძე
მე სპორტული ჟურნალისტი, სცენარისტი და ფეხბურთის კომენტატორი ვარ. ხუთი წელია, Setanta Sports-ისა და ჩემი გზები დაკავშირებულია. შეხედულება, უფრო მეტიც, აქსიომა, რომ სპორტი უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ ფიზიკური აქტივობა ან მსგავსი რამ, თავიდან ბოლომდე მრთავს ამ ინდუსტრიაში და ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი ხდება. ვარ საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, ახლო აღმოსავლეთის კონცენტრაციით. ვფიქრობ, ორიენტალისტიკა სპორტის ლაბირინთებში ორიენტირებაში ძალიან მეხმარება.

სარჩევი

ჩაყვინთვის სპორტში
ტოპ ლიგები
პრემიერ ლიგა
ბუნდესლიგა
ლა ლიგა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
მიჰყევით SETANTA-ს

მიიღე წვდომა ჩვენს პლატფორმაზე