რატომ და როგორ? – კანსელუ ბაიერნში ითამაშებს

სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე ერთი დღით ადრე, გავრცელდა ცნობა, რომ ჟოაუ კანსელო ექვსთვიანი იჯარის წესით მიუნხენის ბაიერნში გააგრძელებს კარიერას.

ამას არავინ ელოდა. ეს არის ტრანსფერი არსაიდან. მიუნხენის ბაიერნს კი ძალიან გაუმართლა, რომ პეპ გვარდიოლასთან კარგ ურთიერთობას ინარჩუნებს. სწრაფად იყო მოსაძებნი კლუბი, რომელიც კანსელუს მოთხოვნებსა და ამბიციებს დააკმაყოფილებდა, ბაიერნი იდეალური ვარიანტი აღმოჩნდა.

ჟოაუ სიტის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია, უნივერსალი, იდეალურად მოერგო პეპ გვარდიოლას ახალ ტაქტიკას, სადაც განაპირა მცველებს ნახევარსფეროების ათვისებას ავალებდა. კანსელუ თავის პოზიციაზე მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია.

გარდა ამისა, პეპმა ძალიან დიდი ძალისხმევა დახარჯა კარგი მარცხენა მცველის საპოვნელად, ვინ აღარ მოსინჯა ამ პოზიციაზე, მუდმივად იმედგაცრუებული რჩებოდა, წლების განმავლობაში ფლანგი ვარდებოდა ჩემპიონთა ლიგის დასკვნით ეტაპზე, როგორც იქნა ეს პოზიცია კანსელუმ შეავსო, და ახლა ყველაფერი იწყება თავიდან.

რატომ?

გვარდიოლასა და კანსელუს შორის ურთიერთობა მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ გართულდა. პეპი მისი ფორმით უკმაყოფილო იყო, მისი დამოკიდებულებითაც, ამიტომ, სათამაშო დროს არ აძლევდა, კანსელუსთვის კი ეს მოულოდნელი და მიუღებელი აღმოჩნდა.

კანსელუ ძირითადში ითხოვდა ადგილს, პეპს კი მიაჩნია, რომ მისი გადასაწყვეტია ვის ათამაშებს და ვის არა. ასე აღმოჩნდა პორტუგალიელი ბაიერნში, მიუნხენელებს 70 მილიონ ევროდ შეეძლებათ მისი გამოსყიდვა.

როდის დაიწყო?

ყველაფერი 5 იანვრის მატჩით დაიწყო, კანსელუ ისედაც ცუდ ხასიათზე დაბრუნდა კლუბში, მსოფლიო ჩემპიონატზე საჭირო დრო ვერ მიიღო, გვარდიოლასთან კი ახალი პრობლემები ელოდა.

ჩელსისთან შეხვედრაში პირველი ტაიმის შემდეგ შეცვალეს, პეპმა მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა:

ვწუხვარ ჟოაუს გამო, მას ვთხოვე იმ პოზიციაზე ეთამაშა სადაც არ თამაშობს ხოლმე”, (მარჯვენა ფლანგი) – როგორც ჩანს პეპი უკმაყოფილო დარჩა და შეცვალა.

The Athletic-ი ავრცელებს ცნობას, რომ კანსელუს გასახდელში ძლივს აკავებდნენ. მასსა და მწვრთნელს შორის ურთიერთობა უკიდურესად დაიძაბა.

კანსელუ დერბიში დაბრუნდა მანჩესტერ იუნაიტედთან. შემდეგ სათადარიგოთა სკამზე გადაინაცვლა, ბოლოს კი განაცხადს მიღმა აღმოჩნდა.

Mr. Cancelo

არსენალთან მატჩის შემდეგ პეპს შეახსენეს, რომ არტეტამ რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი უთამაშებლად დატოვა, იყო თუ არა ეს შეცდომა? პეპმა უპასუხა, –

ბერნარდუს არ უთამაშია, კაელ უოლკერს არ უთამაშია, ბატონ კანსელუს არ უთამაშია, ჩვენ რომ წაგვეგო იმავე კითხვა გაგიჩნდებოდათ?”

თუ ფსონები იღება ტრანსფერებზე, მაშინ გვარდიოლას ნათქვამ “ბატონ კანსელუს” შემდეგ ძალიან გაიზრდებოდა მისი ტრანსფერის შანსი.

ჩანს ამ სიტყვებში ირონიაც, ბრაზიც და უკმაყოფილებაც.

გვარდიოლამ და კანსელუმ მატჩის შემდეგ ისაუბრეს და გადაწყვიტეს, რომ პორტუგალიელის წასვლა საუკეთესო გამოსავალი იქნებოდა.

ავტორის შესახებ
არმაზ ახვლედიანი
არმაზ ახვლედიანი
მე ვარ Setanta Sports-ის ჟურნალისტი არმაზ ახვლედიანი. ამჟამად ვწერ ანალიტიკურ სტატიებს ფეხბურთზე, სოციო-ეკონომიკური და პოლიტიკური გავლენების შესახებ. გარდა ამისა, ვწერ ბლოგებსა და მიმოხილვებს. აქამდე პოლიტიკის, ლიტერატურისა და მოგზაურობის შესახებ ვწერდი ჟურნალ ლიბერალში, რადიო თავისუფლებაზე და National Geographic-ზე. ვარ ლიტერატურული ჟურნალის, "დარაჯის" ერთ-ერთი დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. ვარ ფსიქოლოგიისა და ტურიზმის ბაკალავრი და შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის მაგისტრი. ხშირად ვიყენებ ლიტერატურულ თეორიებს ბლოგების სტრუქტურის ასაგებად, ასევე, გამომიყენებია შედარებითი ანალიზი, ფეხბურთელებსა და ლიტერატურულ პერსონაჟებს შორის.

სარჩევი

ჩაყვინთვის სპორტში
ტოპ ლიგები
პრემიერ ლიგა
ბუნდესლიგა
ლა ლიგა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
მიჰყევით SETANTA-ს

მიიღე წვდომა ჩვენს პლატფორმაზე