რივალდო და სქოულზი მანჩესტერელებს აქებენ

შეიძლება თამამად ითქვას, რომ მანჩესტერ იუნაიტედმა კრიზისს თავი დააღწია, თუმცა, მხოლოდ მოედანზე, რაც შეეხება შიდა სტრუქტურას, ეს გაცილებით რთული საკითხია.

დერბიში იუნაიტედის ქამბექმა დიდი გამოხმაურება ჰპოვა, მათ შორის კომენტარი გააკეთეს ლეგენდარულმა, ვეტერანმა ფეხბურთელებმა.

რივალდო იმ ვეტერანთა კატეგორიას მიეკუთვნება, რომლებიც აქტიურად ადევნებენ თვალს თანამედროვე ფეხბურთს. ბრაზილიელი ამჯერად თავისი თანამემამულის თამაშით დარჩა აღფრთოვანებული.

ფაქტია, რომ კაზემირო მანჩესტერის საკვანძო ფიგურად იქცა და ზუსტად ის შემატა, რაც ამ კლუბს წლების მანძილზე აკლდა, როგორც ტაქტიკური, ისე მენტალური თვალსაზრისით.

კაზემირო ამბიციური ფეხბურთელია, მას საკუთარ შესაძლებლობებში ეჭვი არ ეპარება და სწორედ ამიტომ წავიდა ასეთ გამოწვევაზე, მადრიდის რეალში არაფერი აკლდა, თუმცა, რაღაც ახალი სურდა, გუნდს რთულ დროს შეუერთდა და ნახევარდაცვის ბოსად იქცა. დაცვას მეტი დამაჯერებლობა შემატა, ხოლო შემტევებს მეტი თავისუფლება და სიმძლავრე მიანიჭა“.

იუნაიტედი ახლა ოთხეულშია, ცხრილის ზედა ნაწილში სიმჭიდროვეა და ჩემპიონობისთვის ბრძოლაც შეუძლია, ამას რამდენიმე თვის წინ ვერავინ წარმოიდგენდა“, – თქვა რივალდომ.

ცალკე აღნიშვნის ღირსია მარკუს რეშფორდის სათამაშო ფორმა. ინგლისელმა ბოლო რვა მატჩში შეძლო გოლის გატანა და თავადაც აღნიშნა, რომ ასეთ კარგ ფორმაში არასდროს ყოფილა.

რაშფორდის თამაშს მანჩესტერისა და ინგლისის ნაკრების ლეგენდარული ფეხბურთელი, პოლ სქოულზი გამოეხმაურა. როი კინის არ იყოს, კრიტიკას არც პოლი ერიდება ხოლმე, თუმცა, ამჯერად საქებარი სიტყვა ჰქონდა სათქმელი.

მისი სტატისტიკა ფანტასტიურად გამოიყურება. რაშფორდის სათამაშო ფორმით გაოცებული ვარ, ის უფრო ძლიერი და სწრაფი ჩანს, უფრო ათლეტურია, თითქოს კრიშტიანუ რონალდუს მანტია მოისხა, მის მსგავსად გამარჯვებულის მენტალიტეტის მატარებელი გახდა”.

რა თქმა უნდა, ეს მთავარი მწვრთნელის დამსახურებაც გახლავთ, მან უფრო მეტად დისციპლინირებული გახადა. ახლა რაშფორდის კარგი თამაში ვიხილეთ მოკლე პერიოდში, მთავარი ამოცანაა, რომ მსგავსი თამაში ტრადიციად აქციოს.

ყველა მატჩში გასატანად გადის, ყველა ელის მისგან გატანილ გოლს და გააქვს კიდეც. ის დიდი მატჩების მომგებ ფეხბურთელად ყალიბდება, ჯერ ადრეა ამ მხრივ რონალდუსთან შედარება, მაგრამ ვფიქრობ პოტენციალი დიდი აქვს იმისათვის, რომ დიდი მატჩების ფეხბურთელად იქცეს”, – თქვა პოლ სქოულზმა.
ავტორის შესახებ
არმაზ ახვლედიანი
არმაზ ახვლედიანი
მე ვარ Setanta Sports-ის ჟურნალისტი არმაზ ახვლედიანი. ამჟამად ვწერ ანალიტიკურ სტატიებს ფეხბურთზე, სოციო-ეკონომიკური და პოლიტიკური გავლენების შესახებ. გარდა ამისა, ვწერ ბლოგებსა და მიმოხილვებს. აქამდე პოლიტიკის, ლიტერატურისა და მოგზაურობის შესახებ ვწერდი ჟურნალ ლიბერალში, რადიო თავისუფლებაზე და National Geographic-ზე. ვარ ლიტერატურული ჟურნალის, "დარაჯის" ერთ-ერთი დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. ვარ ფსიქოლოგიისა და ტურიზმის ბაკალავრი და შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის მაგისტრი. ხშირად ვიყენებ ლიტერატურულ თეორიებს ბლოგების სტრუქტურის ასაგებად, ასევე, გამომიყენებია შედარებითი ანალიზი, ფეხბურთელებსა და ლიტერატურულ პერსონაჟებს შორის.

მიიღე წვდომა ჩვენს პლატფორმაზე