რეპორტაჟი ბათუმიდან – მონღოლეთიც გავიცანით

ბათუმში ცივი და წვიმიანი გაზაფხულია. მიუხედავად იმ ურბანული სიგიჟისა, რაც ამ ქალაქს თავს დაატეხეს, მაინც შემორჩენილი აქვს სილამაზე. ზღვა ისევ აქ არის, არსად წასულა. ჭილაძის აღწერილის მსგავსად არც დამცრობას აპირებს და არც გაქრობას, ესე იგი, ყველაფერი რიგზეა.

სტადიონთან ბევრი ბავშვი იყო თავმოყრილი ბილეთის ხელში ჩასაგდებად. იმაზე ბევრად მეტი, ვიდრე საეჭვო გარეგნობის ხალხი, უკვე ნორვეგიასთან გასამართი მატჩის ბილეთებს რომ ყიდიან, თანაც, ისეთ ფასად, რომელიც ვალუტისა და ნამუსის საზღვრებს ერთობლივად სცილდება.

როგორც ჩანს, ბავშვებს აქამდეც მოუხერხებიათ ბილეთების დატაცება, მერე ეს სასიხარულო ამბავი ლეგენდებად ვრცელდება ზღვისპირა ეზოებში. ვერავინ ისე სწრაფად ვერ ავრცელებს ამბავს, როგორც მშიერი (უმეტესად სანახაობაზე დამშეული) ბავშვი. იზრდება ამ ბიჭებისა და გოგონების რაოდენობა, მთელ სტადიონს წრეებს არტყამენ, თითქოს სუსტი რგოლის მოძებნას აპირებენ და მერე მათი დამჭერი არავინ არის.

მათი პერსპექტივიდან ბათუმის სტადიონი ილიონია, რომელში შეღწევასაც აუცილებლად შეძლბენ.

სტადიონთან ბარიერები იდგა, სექტორების რიგის განცალკევებისთვის, ასეც არის მიღებული, ბევრ ადამიანს აღიზიანებდა, რადგან ამ ბარიერის გვერდის ავლაში დიდი დრო გადის, შენ კი სტადიონს როგორც კი უახლოვდები, რაც შეიძლება სწრაფად გინდა შიგნით აღმოჩნდე, არ აქვს მნიშვნელობა მატჩის დაწყებამდე ერთი საათია თუ 1 წუთი. ბავშვებმა ეს ბარიერიც მოსპეს, უბრალოდ ასე გუნდად დაეტაკნენ და გადადგეს, სულ სიცილ-სიცილით, ამათთვის ბარიერი არ არსებობს. მერე კი კეთილი ადამიანების ხელით სასურველი ბილეთიც მიიღეს. მონღოლეთთან სტადიონი რომ არ გაივსებოდა თავიდანვე ნათელი იყო და ისე გადადებულ ბილეთებს, რა თქმა უნდა, სჯობდა რომ ეს ბავშვები შესულიყვნენ სტადიონზე.

შევიდნენ და მათი მოტივაციაც ნათელი გახდა, მიაწყდნენ პირველი იარუსის კიდეს, ჩვენი ნაკრები უკვე გასახურებლად იყო გამოსული, მათი გმირიც იქ იყო, ცდილობდა შეძახილებისთვის ყურადღება არ მიექცია, მაგრამ პატარებს ძალიან ძლიერი ხმა აქვთ და გაუჩერებლად ყვიროდნენ – კვარააა! კვარააა!

არ იმჩნევდა, რადგან ერთხელ თუ გამოხედე კიდევ უფრო მეტად აყვირდებიან და გახურების ნაცვლად მთელი ოცი წუთი მოგიწევს ხელის ქნევა. თუმცა, ერთმა პატარამ ყოველგვარი რეკორდი მოხსნა, გადაბმულად და რიტმში იძახა კვარა-კვარა და იმდენი ქნა, რომ თავისი გმირი მოახედა. ხელიც კი დაუქნია. ამისთვის უღირდათ ბავშვებს ყველაფერი.

მეორე გმირი

როგორც მოსალოდნელი იყო გიორგი ჩაკვეტაძემ ძირითად შემადგენლობაში დაიწყო. ეს ტაქტიკაც ცვალებადია 3-4-3-დან 3-5-2 ზე. გიორგიმ ზუსტად იმ პოზიციაზე ითამაშა, სადაც კვარაცხელია თამაშობს. დაცვის დროს, როცა ნაკრები 5-3-2-ზე ეწყობა ჩაკვეტაძეც ისე რჩებოდა შეტევაში, როგორც კვარაცხელია. აქტიურობდა, თუმცა, ვერ ჰქონდა კარგი ტაიმი, მისგან გოლს ველოდით და ეს გოლი არ გავიდა. 11-მეტრიანი დაინიშნა თუ არა, სანიოლმა მოითხოვა ჩაკვეტაძეს დაერტყა, აბსოლუტურად ყველას ესმის რამხელა მნიშვნელობა ჰქონდა მისთვის გატანილ გოლს, ფეხბურთი რაციონალურთან ერთად, მაგიური თამაშია, უხილავი ბარიერებია, რომლის დაძლევაც მხოლოდ გატანილ გოლს შეუძლია.

ლადო დვალიშვილი გამახსენდა. ლადოს მიმართ ასეთი მოლოდინი არასდროს ყოფილა, არც ვარსკვლავური სტატუსი ჰქონდა და არც ეროვნული ნაკრები გაუთრევია ჯგუფიდან ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე, მაგრამ ეს უხილავი ბარიერები მასაც შეექმნა. მაშინ, ნაკრების მთავარ ფორვარდად მოიაზრებოდა, გოლი ძალიან დიდი ხნის მანძილზე არ ჰქონდა შეგდებული, დაინიშნა 11-მეტრიანი და თემურ ქეცბაიამ მოითხოვა მას შეესრულებინა, მაშინაც ყველას ესმოდა, რომ ამ წინააღმდეგობის დაძლევა მხოლოდ გოლით იყო შესაძლებელი. თუმცა, ჩაკვეტაძის მსგავსად ლადომაც ვერ გაიტანა.

როგორც ჩანს, როცა ამ ბრძოლაში ხარ, ნიშნულთან მისვლა და დარტყმა კიდევ უფრო დიდი წნეხის შემცველია.

პირველ ტაიმში განჯადოება ვერ შედგა.

გიორგი მაშინვე გაამხსნევეს, ქომაგებმა მაგრად შესძახეს და შეახსენეს რომ ყველაფერი წინ არის. კარიერის რაღაც ეტაპზე, ტრავმების მერე, შეიძლება თავად შეეპარა კიდეც ეჭვი საკუთარ შესაძლებობებში, მაგრამ სტადიონზე იყო ხალხი, რომელთაც არასდროს დაუკარგავთ მისი იმედი.

ტაიმი 1:1 დასრულდა. ვოლკოვის გოლს, ბატბოლდმა უპასუხა. მოვიგონეთ გოლი – როგორც იტყვიან ხოლმე. მონღოლეთის საფეხბურთო ისტორიაში ამაზე მაგარი ტაიმი ალბათ არც ყოფილა, რეიტინგში 105 საფეხურით მაღლა მყოფ გუნდთან ფრე ითამაშეს. ნამატჩევს მთავარმა მწვრთნელმა თქვა პირველი ტაიმის შემდეგ მონღოლეთიდან ოფიციალური პირები დაგვიკავშირდნენ და მოგვილოცესო.

მეორე ტაიმი

როგორც ვისურვეთ ისე დაიწყო. გიორგი ჩაკვეტაძემ ორ წუთში ორი გოლი შეაგდო. ერთი შეაგდო თუ არა ტვირთიც მოეხსნა. მთავარია, თავში მოგვარდეს ეს ამბავი. მისი სხეულის ენა ჯერ კიდევ არ არის ისეთი, როგორიც უნდა იყოს, სხეულის ენა კი პირდაპირ კავშირშია ფსიქოლოგიურ მომზადებასთან.

სანიოლმა პირველი ტაიმის შემდეგ მოითხოვა რომ ჩაკვეტაძეს უფრო ხშირად ეთამაშა ცენტრალურ ზონაში, კართან ახლოს, რაც შეიძლება მეტად რომ გაზრდილიყო გოლის გატანის შანსი. ამან გაამართლა, მერე კი სწრაფადვე შეცვალა, რადგან ნორვეგიასთანაც დაუთმობს გარკვეულ დროს, – ასე გამოჩნდა და ვნახოთ რა იქნება.

აქვე აღვნიშნავ, რომ არც ვოლკოვისა და არც ჩაკვეტაძის ეპიზოდებში თამაშგარემდგომარეობა არ შემინიშნავს, არც მე და არც ბევრ გულშემატკივარს, ამიტომ, ორივე გოლი გულწრფელად აღინიშნა, აი, მონღოლთა მწვრთნელმა კი შეამჩნია და ისაუბრა კიდეც ამის შესახებ.

თუმცა, ეს არ არის პირველი შემთხვევა და არც უკანასკნელი იქნება. ამხანაგურ თამაშებში ასე ხდება, მსაჯებად როგორც წესი, მეზობლები მოდიან ხოლმე. ხშირად სჯიან ჩვენს მატჩებს სომეხი არბიტრები და ჩვენი მსაჯებიც მიდიან ხოლმე სომხეთში, ასე ვაკეთებთ ერთმანეთის საქმეს, რაღაცებზე თვალს ხუჭავენ ხოლმე, გამეორება რომ ვნახე, თვალი დახუჭა კი არა, თავი დაუბრმავებია ადამიანს, ესეც თამაშის ნაწილია.

აი, ამ გოლების მერე ვნახეთ ჩაკვეტაძის ჩვეული, ცნობილი აჩქარება, აფეთქება – როგორც გენტში აღწერდნენ მის სწრაფ დრიბლინგებს. თუმცა, ერთი იყო. თამაშის დროს ამ აფეთქებების რაოდენობა უნდა გაიზარდოს, ახლაც ზუსტად აფასებს მომენტს, ყოველთვის იცის როდის არის ამის დრო, უბრალოდ იქმნება შთაბეჭდილება რომ სხეული აღარ მიჰყვება ისე, როგორც ადრე. ისევ სხეულის ენას მივუბრუნდით, ისევ ფსიქოლოგია იქნება საბოლოო წერტილი და ისევ ვიტყვი, რომ ეს ბარიერი დაძლევადია.

მეოთხე ლობჟანიძემ შეაგდო. იდეალური რაკურსით გადმოვხედე ამ მომენტს და თავი ვერ შევიკავე, დავითაშვილის პასის შემდეგ, სახოტბო სიტყვები დამცდა, გულშემატკივრის როლში შევიჭერი. დაუხატაო, ასეთ პასებზე იტყვიან. გასაგებია, მონღოლეთია მეტოქე, თანაც, მათი მწვრთნელი აღნიშნავდა კლიმატური პირობების გამო ექვსი თვე არ განახლებულა ჩემპიონატი და მხოლოდ ორი კვირის წინ დავიწყეთ მზადებაო, სუსტი მეტოქე გვყავდა, თანაც იმ სისუსტეშიც მოუმზადებლები იყვნენ, მაგრამ არის სათამაშო ელემენტები, რომელიც მეტოქისგან დამოუკიდებლად ფასდება და ზურიკოს პასიც ასეთი იყო.

ბერიძემ სადებიუტო გოლი შეაგდო ნაკრებში და ბუდუც არ გასულა გოლის გარეშე.

გაგნიძე სასტარტოში

მოედნის საყრდენ ზონაში ასეთი სტილის ფეხბურთელის ყოფნა ძალიან სჭირდება ნაკრებს. ბურთის კარგი დამჭერისა და პასის მაღალი კულტურის მქონე ფეხბურთელი. აშკარად ჩანს, რომ ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელია, ზრდის დიდი პოტენციალით. უბრალოდ არ მიმაჩნია, რომ ახლა სწორ ადგილზეა პოტენციალის გამოსავლენად.

ნაკრებში თამაში არის ის გასაღები, რომელსაც შეუძლია რომ მისთვის ახალი კარი გააღოს, ახალი შესაძლებლობებით. თორემ, რუსეთში ფეხბურთელს ისიც ვეღარ გაუგია რისთვის თამაშობს, როგორც მეთექვსმეტე ადგილოსანი ვერ გავა ევროტურნირზე, ისე ვერ გავა მესამეადგილოსანიც. ევროტურნირი კი რუსეთში მოთამაშე ფეხბურთელებისთვის მთავარი მოტივაციაა, აი, ასე მოკვდა შიდა კონკურენცია ჩემპიონატში, რაც ძალიან აფერხებს იქ მყოფი ფეხბურთელების განვითარებას.

მხოლოდ ფინანსები დარჩა. სპორტული მხარე ფაქტობრივად გამქრალია. ძალიან მენანება გაგნიძე იმ ადგილისთვის.

მატჩის შემდეგ..

ბავშვებს ესეც უხარიათ. აბა რა იციან მონღოლეთი რა გუნდია?! ქუჩებში კი მოახლოებული მატჩის აჩრდილი დაძრწის, ალბათ, აქამდე არავის აღუწერია ასე პოეტურად რიგითი გადამყიდველი.

ერთი ქუთაისელი კაცი ჯავრობდა, ბილეთები შვილებისთვის მინდაო, ორი ბიჭი ედგა აქეთ-იქით, იმდენი თანხა მომთხოვეს მაგ ფასად კედლის ხელა ტელევიზორს ვიყიდიო.

მოდიან თბილისიდან, ქუთაისიდან, ბათუმლები ხომ ისედაც აქ არიან, მოდიან მთელი საქართველოდან, მიუხედავად იმისა, რომ სტადიონზე სულ რაღაც 20,000 კაცი ეტევა.

ძალიან ცოტაა ისეთი მატჩისთვის როგორიც 28-ში უნდა გაიმართოს.

ავტორის შესახებ
არმაზ ახვლედიანი
არმაზ ახვლედიანი
მე ვარ Setanta Sports-ის ჟურნალისტი არმაზ ახვლედიანი. ამჟამად ვწერ ანალიტიკურ სტატიებს ფეხბურთზე, სოციო-ეკონომიკური და პოლიტიკური გავლენების შესახებ. გარდა ამისა, ვწერ ბლოგებსა და მიმოხილვებს. აქამდე პოლიტიკის, ლიტერატურისა და მოგზაურობის შესახებ ვწერდი ჟურნალ ლიბერალში, რადიო თავისუფლებაზე და National Geographic-ზე. ვარ ლიტერატურული ჟურნალის, "დარაჯის" ერთ-ერთი დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. ვარ ფსიქოლოგიისა და ტურიზმის ბაკალავრი და შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის მაგისტრი. ხშირად ვიყენებ ლიტერატურულ თეორიებს ბლოგების სტრუქტურის ასაგებად, ასევე, გამომიყენებია შედარებითი ანალიზი, ფეხბურთელებსა და ლიტერატურულ პერსონაჟებს შორის.

სარჩევი

ჩაყვინთვის სპორტში
ტოპ ლიგები
პრემიერ ლიგა
ბუნდესლიგა
ლა ლიგა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
მიჰყევით SETANTA-ს

მიიღე წვდომა ჩვენს პლატფორმაზე