სარჩევი
2023 ივნ 23, 16:15 შშ
2 წუთის საკითხავი

საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები რიგით მეორე შეხვედრას ბელგიის ნაკრებთან გამართავს. მატჩი ხვალ, 24 ივნისს თბილისის დროით 20:00 საათზე გაიმართება. მზადების პროცესზე მთავარმა მწვრთნელმა, რამაზ სვანაძემ ისაუბრა.

მთავარმა მწვრთნელმა სათამაშო ხარისხის გაუმჯობესებაზე ისაუბრა. შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ცვლილებები იქნება, მეტწილად ეროვნული ნაკრების ფეხბურთელების ხარჯზე, ხოლო ერთი ცვლილება თავად სვანაძემ დაადასტურა – ბელგიის ნაკრებთან კარს გიორგი მამარდაშვილი დაიცავს.

ევროპის ჩემპიონატზე იოლი შეხვედრა არ არსებობს. პორტუგალიასთან სასურველი შედეგი მივიღეთ, მაგრამ სათამაშო ხარიხსი გასაუმჯობესებელი გვაქვს. პირველ რიგში, შემტევ ფაზაში.

თამაშისთვის ვემზადებით, ყველა ჯანმრთელად არის, თუმცა, რამდენიმე ჩვენი ფეხბურთელი ყოველ 72 საათში სათამაშოდ მზად არ არის, მათთვის ეს უჩვეულოა. მთავარია გუნდური სულისკვეთება შევინარჩუნოთ, გზა წარმატებისკენ ამაზე იქნება დამოკიდებული.

განწყობა დადებითია, მაგრამ პორტუგალიასთან გამარჯვება უკვე წარსულია. მთელი კონცენტრაცია მომდევნო მეტოქისკენ გვაქვს მიმართული. წინასწარ რაიმეს თქმა რთულია, მხოლოდ ის შემიძლია გითხრათ, რომ მოსაგებად ყველაფერს გავიღებთ.

ბელგიის ნაკრებთან გიორგი მამარდაშვილი ითამაშებს. კუტალაძემ ძალიან კარგი შეხვედრა ჩაატარა, მაგრამ ჩვენი პირველი მეკარე მამარდაშვილია.

ბელგიის ნაკრები გამოირჩევა ტაქტიკური მომზადებით და გამოიტრჩევა ინდივიდუალურად, კარგად დაბალანსებული გუნდია. ასეთი მეტოქეები შეცდომებს არ გპატიობენ, ამიტომ, მთელი მატჩის მანძილზე კონცენტრირებულნი უნდა ვიყოთ.

ფეხბურთელებს სათითაოდ არ გამოვყოფ, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ძლიერი მოტამაშე ჰყავთ. მთელი გუნდი გამოსაყოფია, სივრცეები არ უნდა დავუტოვოთ.

მოსალოდნელია, რომ ცვლილებები ყველა ხაზში იქნება. მეკარის თემა უკვე გარკვეულია. ველით ცვლილებებს დაცვის ხაზშიც, რამაზ სვანაძემ წინა პრესკონფერენციაზე თქვა, რომ ოთხი ცენტრალური მცველით თამაში (ჩვენი განაპირა მცველები თავიანთ კლუბებში ცენტრალურ მცველებად თამაშობენ) კარგი ცხოვრებით არ არის გამოწვეული. აზაროვს მეორე ტაიმში მიეცა სათამაშო დრო, ამჯერად სასტარტოში ველით.

სავარაუდოდ ცვლილებები იქნება ნახევარდაცვასა და შემტევ ხაზშიც. შეიძლება ითქვას, რომ ბელგიის ნაკრებთან ბევრად განსხვავებულ გუნდს ვიხილავთ, ერთი შეხედვით, გაცილებით ძლიერს, ვიდრე პორტუგალიასთან.

ნებისმიერ შემთხვევაში ძალიან საინტერესო თამაში გველის. მაყურებელიც წესით უფრო მეტი უნდა მივიდეს. სადებიუტო შეხვედრაში 25,000-მდე ქომაგი იყო სტადიონზე.