რა ელის მანჩესტერ სიტის?

რა ემუქრება მანჩესტერ სიტის | Setanta Sports

მანჩესტერ სიტის ასზე მეტ დარღვევას ედავებიან. ძიების პროცესმა ოთხ წელს გასტანა და საქმე დამოუკიდებელ კომისიამდე მივიდა.

სიტის აქვს რესურსი, რომ საუკეთესო იურისტები დაიქირავოს. როგორც ეს წინა ჯერზე მოხდა, მაგრამ დარღვევათა რაოდენობას თუ გადავხედავთ, ძალიან გაუჭირდება ამ საქმიდან სუფთად გამოსვლა.

ტოტენჰემთან მატჩის შემდეგ ყველა საუბრობდა ერლინგ ჰოლანდზე, რომელიც გასვლით მატჩებში, გრანდებთან უგოლოდ ტოვებს მოედანს.

ყველა საუბრობდა კანსელუს გაშვებაზე და გვარდიოლას ღრიალზე, რომელიც გასახდელიდან ისმოდა, მაგრამ ორშაბათს დილით ყველაფერი შეიცვალა.

სიტის დიდი საფრთხე ემუქრება. ეს შეიძლება იყოს დაქვეითება, ქულების დაკლება, ტიტულების ჩამორთმევა. რა თქმა უნდა, ფულადი დიდძალი ჯარიმა, რაც საერთოდ არ ანაღვლებთ.

მაინც, რას ედავებიან სიტის?

პრემიერ ლიგის საგანგებო განცხადების შედეგად ვიგებთ, რომ მანჩესტერ სიტის 2009/10 წლების სეზონიდან, 2017/18 წლების სეზონამდე ჩატარებული ფინანსური ოპერაციების თაობაზე ედავებიან.

საქმე ეხება ხარჯებისა და შემოსავლების ზუსტ რაოდენობას, განსაკუთრებით სასპონსორო ხელშეკრულებებიდან მიღებულს. ასზე მეტი უზუსტობაა, რაც შეუძლებელია შემთხვევითი იყოს.

კლუბს ასევე ადანაშაულებენ, რომ ოთხი წლის განმავლობაში სრულად არ წარადგენდნენ მენეჯერების ანაზღაურებას. საქმე ეხება 2009/10 წლებიდან 2012/13 წლის სეზონის ბოლომდე პერიოდს. ამ დროს გუნდს რობერტო მანჩინი ხელმძღვანელობდა.

ასევე, ადანაშაულებენ პრემიერ ლიგის წესების დარღვევაში შემოსავლებთან მიმართებით, – 2015/16, 2016/17 და 2017/18 წლებში.

შეგახსენებთ, რომ 2020 წლის თებერვალში უეფამ სიტის ორი წლით აუკრძალა ევროტურნირებზე თამაში. მიზეზი FFP-ის სავარაუდო დარღვევა იყო, მაგრამ საარბიტრაჟო სასამართლომ მანჩესტერ სიტი გაამართლა და ბრალდება მოუხსნა.

რას ამბობენ მანჩესტერის ლურჯ მხარეს?

პირველ რიგში, მანჩესტერ სიტიმ უარყო ბრალდებები, თითქოს არ თანამშრომლობდნენ გამოძიებასთან, – “ჩვენ გაკვირვებულნი ვართ ბრალდებებით“, – იყო პასუხი.

კლუბი მიესალმება დამოუკიდებელი კომისიის ჩართულობას, რომელიც მიუკერძოებლად განიხილავს ყველა მტკიცებულებას, – ნათქვამია განცხადებაში, – მოუთმენლად ველით როდის დაიხურება ეს საკითხი, ერთხელ და სამუდამოდ”.

რას იზამს გვარდიოლა?

ამ მოვლენების შემდეგ, როცა მანჩესტერ სიტიმ შეძლო და 2020 წელს წაყენებული ბრალდება მოიხსნა, პეპ გვარდიოლამ მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა.

მე თქვენი 100%-ით მჯერა, მე თქვენ გენდობით, მაგრამ თუ აღმოჩნდა, რომ მომატყუეთ მაშინვე დავტოვებ კლუბს და ჩვენ მეგობრები აღარ ვიქნებით”, – თქვა პეპმა.

ასე რომ, სიტის მძიმე დღეები ელის. გვარდიოლას ყველანაირ კომფორტს უქმნიან, მაგრამ ასეთი მწვრთნელისთვის რეპუტაციაც ძალიან მნიშვნელოვანია.

ეს კაცი ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელია და არ გარისკავს იმ კლუბში დარჩენას, რომელიც მის რეპუტაციას შელახავს. ეს ყველაფერი პირდაპირ მოახდენს გავლენას მის საფეხბურთო მემკვიდრეობაზე.

როგორ შეიძლება სიტი დაისაჯოს?

მსგავსი დარღვევების საპირწონდე დასჯის მეთოდი მოცემულია პრემიერ ლიგის განაწესის W51 წესში.

სანქციები სიმძიმის მიხედვით ასე ლაგდება:

  • საყვედური
  • ფულადი ჯარიმა
  • დაკლებული ქულები
  • პრემიერ ლიგიდან დაქვეითება

დარღვევის მასშტაბისა და სიმძიმიდან გამომდინარე საეჭვოა, რომ პრემიერ ლიგა საყვედურით შემოიფარგლოს. ამ წესის თანახმად, სასჯელი უნდა იყოს დარღვევის მასშტაბის პროპორციული, – თავად განსაჯეთ რა შეიძლება მოხდეს.

და მაინც.. რა შეიძლება მოხდეს?

სიტის საქმეს ართულებს ის ამბავი, რომ კლუბს არ აქვს უფლება საარბიტრაჟო სასამართლოს მიმართოს. ბრალდება ამჯერად, პრემიერ ლიგიდან მოდის, შვეიცარიის იურისდიქცია კი ინგლისურ საარბიტრაჟო პროცესზე არ ვრცელდება.

საეჭვოა, რომ დასკვნები სწრაფად დაიწეროს, რადგან გამოძიება ოთხი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა და თითო დარღვევის განხილვა ხანგრძლივი პროცესი იქნება.

სიტის უპირატესობაც ეს უნდა იყოს, მათ დროის მოგება შეუძლიათ.

თუმცა, პრემიერ ლიგაში ყველაზე მასშტაბური ფინანსური დარღვევების გამო, სიტის მიმართ ყველაზე მკაცრ პროგნოზსაც ვარაუდობენ.

ბრიტანული მედია ქულების ჩამოკლების გარდა, ტიტულების ჩამორთმევასა და ჩემპიონშიფში დაქვეითებასაც ელის.

ავტორის შესახებ
არმაზ ახვლედიანი
არმაზ ახვლედიანი
მე ვარ Setanta Sports-ის ჟურნალისტი არმაზ ახვლედიანი. ამჟამად ვწერ ანალიტიკურ სტატიებს ფეხბურთზე, სოციო-ეკონომიკური და პოლიტიკური გავლენების შესახებ. გარდა ამისა, ვწერ ბლოგებსა და მიმოხილვებს. აქამდე პოლიტიკის, ლიტერატურისა და მოგზაურობის შესახებ ვწერდი ჟურნალ ლიბერალში, რადიო თავისუფლებაზე და National Geographic-ზე. ვარ ლიტერატურული ჟურნალის, "დარაჯის" ერთ-ერთი დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. ვარ ფსიქოლოგიისა და ტურიზმის ბაკალავრი და შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის მაგისტრი. ხშირად ვიყენებ ლიტერატურულ თეორიებს ბლოგების სტრუქტურის ასაგებად, ასევე, გამომიყენებია შედარებითი ანალიზი, ფეხბურთელებსა და ლიტერატურულ პერსონაჟებს შორის.

სარჩევი

ჩაყვინთვის სპორტში
ტოპ ლიგები
პრემიერ ლიგა
ბუნდესლიგა
ლა ლიგა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
მიჰყევით SETANTA-ს

მიიღე წვდომა ჩვენს პლატფორმაზე