ქართველები და ბარსელონა – ესპანურ გრანდს საქართველოში ათასობით გულშემატკივარი ჰყავს. ცხადია, მათი დიდი ნაწილი საყვარელ გუნდში ქართველს დიდი სიამოვნებით იხილავდა.
თუკი სხვადასხვა გამოცემებს დავეყრდნობით, ამის შანსი არსებობს, რადგან ბარსელონა ხვიჩა კვარაცხელიას მიმართ ინტერესს იჩენს. დღეს მათი გზები კი პირველად გადაიკვეთება – ნაპოლი vs ბარსელონა, მარადონაზე ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალის პირველი მატჩი გაიმართება.
ქართველები და ბარსელონა
აქამდე ბარსელონას პირველ გუნდში თამაშთან ყველაზე ახლოს გიორგი ჭანტურია იყო. თუმცა ლა მასიაში გატარებული მცირე დროის შემდეგ, ჩელსის პერსპექტივით მოხიბლული ქართველი არნემის ვიტესში გადავიდა. მერე კარიერა აერია და ამ კარიერის ყველასთვის დასანანი ფინიშიც, ფეხბურთელისთვის ჩვეულზე უფრო ნაადრევ ასაკში ვნახეთ.
ესპანურ გრანდში სინჯებზე არაერთი სხვა ნიჭიერი ფეხბურთელიც ყოფილა, თუმცა სხვადასხვა დროს, სხვადასხვა მიზეზით, კატალონიაში ისინი არ დაუტოვებიათ.
ამ სტატიაში კი ის ფეხბურთელები გვსურს გაგახსენოთ, ვისაც სხვადასხვა დროს, ბარსელონას წინააღმდეგ უთამაშია.
ქართველები vs ბარსელონა
ცხადია, ამ სტატისტიკისას მხედველობაში მხოლოდ ბარსელონას პირველი გუნდის წინააღმდეგ ჩატარებული ოფიციალური შეხვედრები გვაქვს.
წინააღმდეგ შემთხვევაში ეს სტატია აზრს დაკარგავდა, რადგან მაგალითად, თბილისის ლოკომოტივს, საკმაოდ ახალგაზრდული შემადგელობით(ძირითადად 1995-იანები), ბარსელონა U19, დავით ჯიქიას (პელე) გოლით დამარცხებული ჰყავს.
საინტერესოა, რომ ბარსას მხრიდან იმ მატჩში მონაწილეობა ალეხანდრო გრიმალდომ მიიღო. რომელიც დღესდღეობით, ლევერკუზენის შემადგენლობაში პლანეტის საუკეთესო თუ არა, ერთ-ერთ საუკეთესო მარცხენა მცველად ითვლება.
ამას გარდა იყო დინამო თბილისისა და ბარსელონა 19-წლამდე გუნდების მატჩი რურის თასზე. გიორგი ჩაკვეტაძის თაობის ფეხბურთელებმა ბარსას ასაკობრივს 1-0 მოუგეს. გოლი გიორგი ზარიამ გაიტანა.
სკონტო vs ბარსელონა – სილაგაძე, რეხვიაშვილი, ჩალაძე
1997/98 წლების ჩემპიონთა ლიგას საკვალიფიკაციო ეტაპიდან იწყებდა ბარსელონა. მეტოქე კი მე-2 ეტაპზე რიგის სკონტო იყო.
პირველი მატჩი კამპ ნოუზე 3-2 დასრულდა. მატჩში მონაწილეობა ლევან სილაგაძემ და ალექსანდრე რეხვიაშვილმა ძირითადიდან, ხოლო დავით ჩალაძემ თადარიგიდან მიიღეს. ბარსას მხარეს კი რივალდო, ჯოვანი, გვარდიოლა, ფიგუ, ანდერსონი, ამუნიკე, რაიციგერი, კოუტუ, ბაია, ნადალი და სხვები თამაშობდნენ, მწვრთნელი კი ლუი ვან გაალი იყო.
სკონტო სტადიონსზე გამართული საპასუხო მატჩი ბარსელონამ ახალწვეული, მონაკოდან მოსული, სონი ანდერსონის გოლით მოიგო. იმ შეხვედრაში ლატვიელთა ღირსებას ლევან სილაგაძე და ალექსანდრე რეხვიაშვილი იცავდნენ.
ნიუკასლი vs ბარსელონა – ქეცბაია
თუკი ბარსას სკონტოს ქართველები აგვისტოში ეთამაშნენ, შემოდგომაზე უკვე თემურ ქეცაიას და ნიუკასლის ჯერი დადგა.
დინამო კიევი, პსვ ეინდჰოვენი, ნიუკასლი და ბარსელონა – ჩემპიონთა ლიგის C ჯგუფში სატურნირო ცხრილის საბოლოო სახე სწორედ ამ ფორმით შედგა.
კენი დალგლიშმა სენტ ჯეიმს პარკზე თემურ ქეცბაია თამაშში 81-ე წუთზე ჯონ ბარსნის ნაცვლად ჩართო. კამპ ნოუზე კი ქეცბამ შეუცვლელად ითამაშა.
სოსიედადი vs ბარსელონა – დემეტრაძე
2001/02 წლების სეზონში რეალ სოსიედადის ღირსებას გიორგი დემეტრაძე იცავდა. დემე პირველი ქართველია ვინც ბარსას ლა ლიგაში შეხვდა.
სან სებასტიანში გამართული მატჩი საქართველოს ნაკრების შემტევმა შეუცვლელად ჩაატარა. მატჩი კლაივერტისა და ჩავის გოლებით კატალონიელებმა 2-0 მოიგეს. კამპ ნოუზე დემეს აღარ უთამაშია.
მილანი vs ბარსელონა – კალაძე
მას შემდეგ რაც კახა კალაძე მილანში გადავიდა, როსონერისა და ბლაუგრანას გზები პირველად 2004/05 წლების სეზონში გადაიკვეთა.
ჯგუფში ბარსა და მილანი სელტიკთან და დონეცკის შახტართა ერთად იყვნენ. სან სიროზე, პირველ შეხვედრაში კალაძეს არ უთამაშია, საპასუხო შეხვედრაში კი კამპ ნოუზე 90 წუთი დაჰყო. ის მატჩი ბარსამ რონალდინიოსა და ეტო’ო-ს გოლებით 2-1 მოიგო. მილანიდან შევჩენკომ გაიტანა.
ფრანკ რაიკაარდისა და კარლო ანჩელოტის გუნდები ლიგაზე მომდევნო წელს ნახევარფინალში შეხვდნენ. კალაძემ ორივე შეხვედრაში სრულად ითამაშა. 0-0 და 0-1-ის შემდეგ ფინალის საგზური და არსენალზე გამსვლელი ადგილი ბარსელონამ მოიპოვა.
შალკე vs ბარსელონა – კობიაშვილი
2007/08 წლების სეზონი შალკესთვის ჩემპიონთა ლიგაზე ერთ-ერთი გამორჩეული იყო.
1/4-ფინალის პირველი მატჩი აუფშალკეზე გაიმართა. ბერძენმა მსაჯმა ფეხბურთელებს 8 ყვითელი უჩვენა, მატჩის ერთადერთი გოლი კი ბოიან კრკიჩმა გაიტანა. კობიმ 90 წუთი ითამაშა.
კამპ ნოუზე სამწუხაროდ, დღეს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, 32-ე წუთზე გროსმიულერმა შეცვალა. მატჩი კი იაია ტურეს გოლით ბარსამ ისევ 1-0 მოიგო.
რუბინი vs ბარსელონა – სალუქვაძე
რუბინი და ბარსელონა 2009-2011 წლებში ერთმანეთს ორჯერ გადაეყარნენ.
2009-2010 წლებში ბარსელონა და რუბინი ჯგუფში დინამო კიევსა და მილანის ინტერთან იყვნენ. ყაზანის ცენტრალურზე მატჩი 0-0 დასრულდა, კამპ ნოუზე კი რუბინმა უდიდესი სენსაცია დააფიქსირა და 2-1 გაიმარჯვა.
ორივე მატჩში ძირითადში მარჯვენა მცველი ლაშა სალუქვაძემ ითამაშა. თანაც საკმაოდ წარმატებულად. მესი, ანრი, ინიესტა და პედრო ადგილებს ხშირად ცვლიდნენ, თუმცა სალუქვაძემ ორივე მატჩი მაღალ დონეზე ითამაშა.
დათო კვირკველია ანჟიში იჯარით იყო, მარცხენა მცველს კი ანსალდი თამაშობდა. ორივე მატჩში მეკარე რიჟიკოვის სათადარიგო ნუკრი რევიშვილი იყო.
2010-11 წლების სეზონში ბარსა და რუბინი, ამჯერად კოპენჰაგენსა და პანათინაიკოსთან ერთად დაწყვილდნენ ჯგუფში.
ყაზანის ცენტრალურზე მატჩი ამჯერადაც ფრედ, 0-0 დასრულდა. ლაშა სალუქვაძემ აქაც 90 წუთს ითამაშა. ხოლო კამპ ნოუზე გამართული მატჩი უქართველებოდ ჩატარდა. ის თამაში ბარსამ მე-4 ცდით პირველად მოუგო რუბინს 2-0.
სპარტაკი vs ბარსელონა – ჯანო
ოკუპანტების წარმომადგენელი ბარსელონას არც 2012/13 წლების სეზონში აცდა. ამჯერად ბლაუგრანას მოსკოვის სპარტაკი ერგო.
ჯანო ანანიძე კამპ ნოუზე გამართული მატჩის განაცხადში ვერ მოხვდა, თუმცა მოსკოვში, 63-ე წუთზე ემენიკეს ნაცვლად შევიდა.
ტიტო ვილანოვას ბარსამ უნაი ემერის სპარტაკს ორივე მატჩი მოუგო. შინ 3-2, გასვლაზე კი 3-0.
ფერენცვაროში vs ბარსელონა – დვალი
ბარსელონასთან ბოლოს წინა ჩემპიონთა ლიგური რანდევუ ქართველებიდან ლაშა დვალს ჰქონდა. ეს წინადადება ბოლო საათებს ითვლის, მანამ სანამ ნაპოლი ბარსელონას დაუპირისპირდება.
უნგრული გუნდი 2020/21 წლების სეზონში ლიგის ჯგუფში შინ 0-3 დამარცხდა. კამპ ნოუზე ლაშა დვალს არ უთამაშია.
ლევანტე vs ბარსელონა – ქოჩორაშვილი
ბოლო წლებში ბარსელონას ვალენსიელი ქართველები თუ ეთამაშებიან. გიორგი ქოჩორაშვილმა ლევანტეში ადგილისთვის ბევრი იბრძოლა და 2020/21 წლების სეზონში, ბარსასთან ფრედ 3-3 ნათამაშებ მატჩში სიმბოლური დრო ცვლილებაზე გამოსვლის შემდეგ მიიღო.
სხვა საქმეა ბარსა B, რომელთანაც გიორგის 4 მატჩში აქვს მონაწილეობა მიღებული. აქედან 1 მოიგო და 2 ფრედ დაასრულა.
ვალენსია vs ბარსელონა – მამარდაშვილი
გიორგი მამარდაშვილის პროფილში, თანდათან ყველაზე ხშირ ოპონენტებს შორის, თანდათან ქართულ ლოგოებს ესპანური ლა ლიგის სიმბოლიკა ანაცვლებს და ეს სასიხარულოა.
ყველაზე მეტი მატჩი მამარდას ესპანური გუნდებიდან ბილბაოს ატლეტიკთან გაუმართავს. თუმცა არც ბარსასთან მატჩების რაოდენობაა სამი არასრული სეზონისთვის მცირე.
4 ჩატარებულ შეხვედრაში მამარდამ მართალია 7 გოლი გაუშვა, თუმცა ეს სტატისტიკა, უფრო უარესად ჟღერს, ვიდრე რეალურად ქართველი მეკარის თამაშის ხარისხი იყო.
4 მატჩიდან მამარდამ პირველი ქულა ბარსელონასთან ლა ლიგის მიმდინარე სეზონში აიღო, როდესაც მატჩი 1-1 დასრულდა.
შახტარი vs ბარსელონა – აზაროვი და გოჩოლეიშვილი
სკონტოსა და ნიუკასლის 1997/98 წლების სეზონს, ამ მხრივ, კონკურენციას ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშება თუ გაუწევს.
ჯგუფში ბლაუგრანას დონეცკის შახტარი ჰყავდა. მათთან ერთად ფლეიოფისთვის პორტუ და ანტვერპენი იბრძოდნენ, თუმცა 16 საუკეთესო გუნდში ბარსა და პორტუ გავიდნენ. შახტარი კი ევროპა ლიგის ფლეიოფის წინასწარ რაუნდში გადაერთო.
ბარსელონას წინააღმდეგ უკრაინელთა მხრიდან, ორივე ქართველმა საგოლე მოქმედებით გამოიჩინა თავი. ეს კი პირველი შემთხვევა იყო.
პირველი აზაროვი იყო, რომელსაც დღეს 23 წელი შეუსრულდა. ირაკლიმ კამპ ნოუზე ჰეორჰი სუდაკოვს გაატანინა.
გიორგი გოჩოლეიშვილმა კი დროებით საშინაო ფოლკსპარკშტადიონზე დანილო სიკანს გაუკეთა საგოლე პასი. პირველი მატჩი ბარსამ 2-1 მოიგო. საპასუხო კი შახტარმა – 1-0.
ქართველები და ბარსელონა – დღეის მდგომარეობით სულ ეს არის. ცხადია, რომ არა საბჭოთა კავშირი და რკინის ფარდა, სია რაოდენობრივად უფრო წარმომადგენლობითი იქნებოდა.
ნაპოლი vs ბარსელონა – კვარაცხელია
ნაპოლი vs ბარსელონა – 1/8-ფინალის წყვილის პირველი მატჩის ლაივი setantasports.com-სა და Setanta Sports 1-ზე, დღეს, თბილისის დროით 23:55 წუთიდან დაიწყება.