მთავარი სიახლეები

ნაპოლი vs ბარსელონა – წინათქმა

ნაპოლი - ბარსელონა | Setanta Sports

დღეს თბილისის დროით 00:00 ზე ნეაპოლში დიეგო მარადონას სახელობის სტადიონზე მერვედფინალების ცენტრალური მატჩი გაიმართება. ნაპოლი ბარსელონას უმასპინძლებს.

ორივე გუნდი წინა სეზონში უკეთესი იყო, ქვეყნის ჩემპიონები გახდნენ, ახლა კი საერთოდ არ გვანან ჩემპიონებს. ვერ წავიდა საქმე კარგად ბარსელონასთვის და ძალიან ცუდი გზით იარა ნაპოლიმ.

თუმცა, განსხვავება მაინც დიდია. ლაპორტა ჩავის ბოლომდე ენდო, სეზონს ჩაამთავრებს და შემდეგ დატოვებს კლუბს. დე ლაურენტისმა კი სპალეტის მერე უკვე მესამე მწვრთნელი მოიყვანა.

ნაპოლი – ვინ როგორ ფორმაშია

ნაპოლის საქმე კარგად ნამდვილად არ არის და ამიტომაც ჰყავთ ახალი მწვრთნელი. კალცონა სპალეტის ყოფილი ასისტენტია, რომელმაც სლოვაკეთის ნაკრები ევროპის ჩემპიონატეზე გაიყვანა და ალბათ სჯობდა ლაურენტისს თავიდანვე მასზე გაეკეთებინა აქცენტი.

გუნდს კარგად იცნობს, იმავე იდეების მატარებელია და მსგავსი მეთოდოლოგიით მუშაობს. თუმცა, დრო საერთოდ არ აქვს მოსამზადებლად, ამიტომ, რთულია წარმოსადგენია ნაპოლისგან რას უნდა ველოდოთ.

კარგი ამბავია ის რომ აფრიკიდან ოსიმენი დაბრუნდა. რაც არ უნდა ხდებოდეს მოედნის მიღმა, მოედანზე ოსიმენი და კვარა იდეალურად ეწყობიან ერთმანეთს და ეჭვგარეშეა რომ ბარსელონას ძალიან ცუდ ფორმაში მყოფ დაცვას ბევრ პრობლემას შეუქმნიან.

ნაპოლიმ ბოლო ხუთი მატჩიდან ორი წააგო, ორი ფრედ ითამაშა და მხოლოდ ერთის მოგება შეძლო. ამ გუნდის ერთადერთი ნათელი წერტილი ხვიჩა კვარაცხელია იყო.

ბარსელონა – ვინ როგორ ფორმაშია

ბარსამ ბოლო ხუთი შეხვედრიდან სამი მოიგო, ერთი წააგო და ერთი ფრედ ითამაშა. იგებს, თუმცა, გაჭირვებით. ამ სეზონში ბევრი იყო ისეთი შეხვედრა სადაც ბარსელონამ მხოლოდ ერთი ბურთით შეძლო მოგება. წინა სეზონშიც ბევრი ასეთი თამაში იყო, მაგრამ განსხვავება კოლოსალურია – წინა სეზონში ბარსას დაცვა ტოპ ოთხ ჩემპიონატში ერთ-ერთი საუკეთესო იყო. ამჟამად კრიტიკას ვერ უძლებს.

ჩავის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა საყრდენ ზონაშია. ბუსკეტსი წავიდა, რომეუმ ვერ შეცვალა. დე იონგი სულ სხვა სტილის ფეხბურთელია და ბარსაში მიხვდნენ რომ ახალი სისხლია საჭირო, მაგრამ ამისთვის არც შესაბამისი დროა და აღარც სახსრებია საკმარისი.

ჩავიმ კრისტენსენი აწია საყრდენის ზონაში, მოარგო ის როლი, რომელიც თავის დროზე, მის თანაგუნდელ, რაფა მარკესს ჰქონდა მორგებული.

კარგია ამბავია ლამინე იამალის შესამჩნევი პროგრესი, ჯერ მხოლოდ 16 წლის არის და გუნდის ერთ-ერთ საუკეთესო შემტევად ითვლება.

უფრო კარგი ამბავია ლევანდოვსკის სათამაშო ფორმა, პოლონელი როგორც იქნა გამოფხიზლდა, გოლების გატანაც დაიწყო და ხარისხიც გამოასწორა.

ურთიერთშეხვედრები

ნაპოლი და ბარსელონა ოფიციალურად ოთხჯერ შეხვედრილან ერთმანეთს. პირველად ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში. ნეაპოლური მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა, შემდეგ დიდი პაუზა იყო, კამპ ნოუზე კი სიცარიელე დაგვხვდა, რადგან მთელი მსოფლიოს მასშტაბით კორონა ვირუსი გავრცელდა.

რა დრო გასულა..

განმეორებითი შეხვედრა ბარსამ 3:1 მოიგო. ლიონელ მესიმ მორიგი შედევრი შექმნა.

შემდეგ ჯერზე გუნდები 2021/22 წლებში გადაეყარნენ ერთმანეთს, მატჩები ევროპა ლიგის ეგიდით ჩატარდა და ძალიან ჰგავდა წინა დაპირისპირებას. ბარსელონაში მატჩი 1:1 დასრულდა, ნეაპოლში კი ბარსამ 4:2 მოიგო. ამ დროს გუნდის თავკაცი უკვე ჩავი ერნანდესი გახლდათ.

ისე კი, გუნდების მთავარი გადაკვეთის წერტილი, რა თქმა უნდა, დიეგო მარადონაა.

დანაკლისი

ბარსელონას დიდი დანაკლისი აქვს, გუნდს გავი, მარკოს ალონსო, ბალდე და ფერან ტორესი ვერ დაეხმარებიან.

ნაპოლის ამ მხრივ ყველაფერი რიგზე აქვს. მათი პრობლემა სათამაშო ფორმაა და არა ტრავმები.

კვარაცხელია ფოკუსში

ვრცელდება ცნობები რომ ბარსელონა კვარაცხელიას კონტრაქტს უმზადებს. ფაქტია რომ კლუბს მარცხენა გარემარბი სჭირდება, ხვიჩა კი თავის პოზიციაზე მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა.

იმის პარალელურად რომ დღე-დღეზე ელიან კილიან მბაპეს ტრანსფერის დადასტურებას, ლაპორტასაც მართებს დიდი ტრანსფერის გაკეთება. არ აქვს მნიშვნელობა ფული აქვს თუ არა, ფული ყოველთვის არის – ბანკში. არც ის ხალხი და კომპანიები გამოილევიან ვინც ბარსელონას დასახმარებლად ხელს გაუწვდის, თუ კლუბმა ვალის დაბრუნება ვერ შეძლო, კომპანიები კლუბის აქციებს ჩაიგდებენ ხელში. აბა, ამაზე უარს ვინ იტყვის?

არც ის ხალხი დაილევა ვინც ბარსელონას შეძენას მოისურვებს. ამით უდიდესი ტრადიცია დასამარდება, მაგრამ ჩვენ ახალ მსოფლიოში ვცხოვრობთ, სადაც ახალი დღის წესრიგია დამკვიდრებული. ეს წესრიგი კი არაბულ ინვესტიციაზე დგას.

ცნობილია რომ ხვიჩა მადრიდის რეალის დიდი გულშემატკივარია, მაგრამ ასეთ დონეზე ეს ტრანსფერს სრულებით არ აბრკოლებს. ეს უფრო ბავშვური გატაცებაა. მსოფლიო ფეხბურთს უამრავი შემთხვევა ახსოვს, როცა ბავშვობაში ერთ გუნდს ქომაგობენ, შემდეგ კი მოსისხლე მტრის ლეგენდები გამხდარან.

რეალს მარცხენა გარემარბი არ სჭირდება. ბარსამ კი ეს შანსი უნდა გამოიყენოს.

სად ვუყუროთ ნაპოლი ბარსელონას?

მატჩის ყურებას სეტანტას არხებსა და Setantasports.com-ზე შეძლებთ.

ავტორის შესახებ
არმაზ ახვლედიანი
არმაზ ახვლედიანი
მე ვარ Setanta Sports-ის ჟურნალისტი არმაზ ახვლედიანი. ამჟამად ვწერ ანალიტიკურ სტატიებს ფეხბურთზე, სოციო-ეკონომიკური და პოლიტიკური გავლენების შესახებ. გარდა ამისა, ვწერ ბლოგებსა და მიმოხილვებს. აქამდე პოლიტიკის, ლიტერატურისა და მოგზაურობის შესახებ ვწერდი ჟურნალ ლიბერალში, რადიო თავისუფლებაზე და National Geographic-ზე. ვარ ლიტერატურული ჟურნალის, "დარაჯის" ერთ-ერთი დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. ვარ ფსიქოლოგიისა და ტურიზმის ბაკალავრი და შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის მაგისტრი. ხშირად ვიყენებ ლიტერატურულ თეორიებს ბლოგების სტრუქტურის ასაგებად, ასევე, გამომიყენებია შედარებითი ანალიზი, ფეხბურთელებსა და ლიტერატურულ პერსონაჟებს შორის.

სარჩევი

ჩაყვინთვის სპორტში
ტოპ ლიგები
პრემიერ ლიგა
ბუნდესლიგა
ლა ლიგა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
მიჰყევით SETANTA-ს

მიიღე წვდომა ჩვენს პლატფორმაზე