სარჩევი
2023 იან 21, 14:57 შშ
1 წუთის საკითხავი

იუვენტუსის საშველი არ არის. კლუბი ძლივს ამოვიდა იმ ჭაობიდან, რომელიც კალჩოპოლის ამბავს მოჰყვა, ცოტა წელში გაიმართა და ისევ ჭაობში აღმოჩნდა.

კლუბში დასაქმდნენ პაველ ნედვედი, ფაბიო პარატიჩი, (ახლა უკვე ტოტენჰემის სპორტული დირექტორი) არივაბანე, კერუბინი, შედეგი კი იგივეა, – დარღვევები და სკანდალი. ახლა თითოეულ ზემოთ ჩამოთვლილ ადამიანს ხანგრძლივი დისკვალიფიკაცია აქვს მისჯილი.

რა თქმა უნდა, მთავარი შემოქმედი არ უნდა გამოგვრჩეს, – ყოფილი პრეზიდენტი, ანდრეა ანიელი.

იუვენტუსი ყალბი ხარჯთაღრიცხვის საქმეში სცნეს დამნაშავედ. ძიება დიდი ხნის მანძილზე მიმდინარეობდა, თუმცა, ტურინელებმა ვერაფრით შეძლეს სიტუაციის გამოსწორება.

ერთი უკბილო ხუმრობა გამახსენდა, – ზებრის ახალი ჯიში გამოიგონეს, შავი ზოლების ნაცვლად თეთრი აქვს, თეთრის ნაცვლად კი შავიო. ალბათ ასეთი იყო ახალი იუვენტუსი, ახალ სტადიონზე, ახალ გარემოში, ახალი იმედებით, მაგრამ, ზებრა ზებრად დარჩა.

შეგეცოდება ფეხბურთელები. მოედანზე არაფერი დაუკლიათ, პროფესიონალები არიან, ქულები მათი შრომით დაგროვდა, ხელმძღვანელების უგუნურების გამო კი ფეხბურთელების შრომა წყალში ჩაიყარა.

ისიც დაიწერა, ეს დასასრული არ არისო. ახლა ხელფასების გადადების საქმეს იძიებენ და თუ აქაც დარღვევა აღმოჩნდა, შესაძლოა იუვე ისევ დააქვეითონ.