სარჩევი
Argentine - Netherlands | Setanta Sports
2022 დეკ 09, 22:05 შშ
2 წუთის საკითხავი

არგენტინა ნახევარფინალში ხორვატიას შეხვდება. ზედიზედ მეორე მეოთხედფინალში მაყურებელმა პენალტების სერია იხილა. გმირი ემილიანო მარტინესია.

ამჯერად 11-მეტრიანი ნიშნულიდან მომდევნო ეტაპის საგზური არგენტინამ მოიპოვა. ემილიანო მარტინესმა ვირჯილ ვან დაიკსა და სტივენ ბერხუისს პირველი ორი პენალტი აუღო, რამაც სერიის ბედიც გადაწყვიტა.

ალბისელესტეს მხრიდან ლეო მესიმ, ლეანდრო პარედესმა და გონსალო მონტიელმა ზუსტად დაარტყეს, ენცო ფერნანდესის აცილებული დარტყმის შემდეგ კი საკვანძო პენალტის შესრულება ლაუტარო მარტინესმა ითავა და წარმატებითაც.

მატჩი

პირველ ტაიმი მოედნის ცენტრში უშეღავათო ბრძოლით და ორივე გუნდისგან სწრაფი, შედეგიანი კონტრპრესინგით გამოირჩა. უპირატესობას მაინც არგენტინა ფლობდა, რაც 35-ე წუთზე გატანილ გოლშიც აისახა. ლეო მესის უზადო გადაცემის შემდეგ ნაუელ მოლინა სიტუაციაში იდეალურად გაერკვა და ანგარიშიც გახსნა.

მეორე ტაიმში ნიდერლანდებმა მოუმატა, თუმცა გოლი კვლავ ალბისელესტემ გაიტანა. აკუნას წინააღმდეგ დენზელ დუმფრიზი საჯარიმოს ხაზზე დაჯარიმდა. მატეო ლაოსის დანიშნული პენალტი კი გოლად ლიონელ მესიმ აქცია.

შემდეგ ლუი ვან გაალმა შედარებით თამამ ცვლილებებს მიმართა, საიდანაც ვაუტ ვეგჰორსტის შეცვლა, შედეგის თვალსაზრისით, უალტერნატივოა. ბეშიქთაშის შემტევის მთავარი მოვლენების ქრონოლოგია ასე გამოიყურება.

  • 45+2 – ვაუტ ვეგჰორსტი სათადარიგოთა სკამზე ყვითელ ბარათს იღებს
  • 78 – ვეგჰორსტი დეპაის ცვლის
  • 83 – ვეგჰორსტი ჩამორჩენას ამცირებს (1:2)
  • 90+11 – ვეგჰორსტი ანგარიშს ათანაბრებს!

ასისტები ნიდერლანდელთა გოლების დროს ბერხუისსა და კოოპმაინერსს ეკუთვნით. ექსტრა ტაიმების მიწურულს არგენტინას რამდენიმე საგოლე შანსი ჰქონდა, თუმცა ნარინჯისფერები ყველა ჯერზე ან მეკარე ნოპერტმა იხსნა, ან გუნდს უბრალოდ გაუმართლა.

საბოლოოდ, პენალტების სერიაში ლიონელ სკალონის გუნდმა 4-3 გაიმარჯვა და ნახევარფინალში ხორვატიას შეხვდება.