სარჩევი
2023 მაი 23, 15:37 შშ
1 წუთის საკითხავი

ნიუკასლმა ლესტერთან ერთი ქულა მოიპოვა, რაც გარანტიაა იმისა, რომ კლუბი 20 წლის შემდეგ პირველად ითამაშებს ჩემპიონთა ლიგაზე.

არაბული ინვესტიციის პირობებში კლუბს ძალიან სწრაფი პროგრესი აქვს. უნდა ითქვას, რომ ამანდა სტეივლი კარგად წარმართავს კლუბის პოლიტიკას. მრჩევლებად ალან შირერსა და კევინ კიგანს უხმეს, რომელთა რჩევებიც გაითვალისწინეს და შედეგად ძალიან სწორი სატრანსფერო პოლიტიკა ვიხილეთ, როგორც მწვრთნელის, ასევე, ფეხბურთელების შერჩევისას.

ნიუკასლმა უარი თქვა იმ ვარსკვლავების შეძენაზე, რომელთა დიდების წლებიც წარსულს ჩაბარდა, სამაგიეროდ, აქცენტი გააკეთეს ამომავალ ვარსკვლავებზე, ამან გაამართლა და შეიძლება ითქვას, რომ ნიუკასლი მზარდი გუნდია, დიდი პოტენციალით.

1997 წელი – პირველად ლიგაზე, გმირი ქეცბაია

ნიუკასლმა ჩემპიონთა ლიგაზე ისტორიაში პირველად 1997 წელს ითამაშა. საკვალიფიკაციო ეტაპზე ზაგრების დინამო დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხეს. შეხვედრა დამატებით დროში გადავიდა, დამატებითი დროის ბოლო წუთზე გოლი თემურ ქეცბაიამ გაიტანა. ასე გახდა თემური ნიუკასლის ლეგენდა.

ჯგუფური ეტაპიც საინტერესო გამოდგა, დასამახსოვრებელი შეხვედრებით, მართალია გუნდი ჯგუფში ჩარჩა, მაგრამ, ლუი ვან გაალის ბარსელონას დამარცხება შეძლეს, რაც განსაკუთრებული მოვლენაა.

ფაუსტინო ასპრილას ჰეთთრიქიც ლეგენდის ნაწილია.

კენი დალგლიშის გუნდმა 7 ქულა დააგროვა და ჯგუფში ჩარჩა. შემდეგ ეტაპზე ლობანოვსკის კიევის დინამო და დიკ ადვოკაატის პსვ გავიდნენ.

რობსონის ნიუკასლი – 2002

2002 წელს ჩემპიონთა ლიგა ორი ჯგუფური ეტაპის ფორმატზე იყო გადასული. ნიუკასლ იუნაიტედმა პირველი ჯგუფური ეტაპი 9 ქულით დაძლია, მეორე ჯგუფურ ეტაპზე კი გაცილებით ძლიერი მეტოქეები ერგო.

ბობი რობსონის გუნდმა ორივე შეხვედრა მოუგო ლევერკუზენის ბაიერს, ორივე შეხვედრა წააგო ბარსელონასთან, ინტერთან კი მხოლოდ ერთი ქულის აღება შეძლო.

ნიუკასლის საუკეთესო ბომბარდირი ჩემპიონთა ლიგაზე ალან შირერია, 7 გატანილი გოლით.