ნაპოლი vs იუვენტუსი – Preview

Napoli vs Juventus | Setanta Sports

13 იანვარს სერია A-ს ცენტრალური მატჩი გაიმართება, პირველადგილოსანი ნაპოლი მეორეზე მყოფ იუვენტუსს უმასპინძლებს. მათ შორის სხვაობა 7 ქულაა.

  • ლოკაცია: ნეაპოლი, დიეგო არმანდო მარადონას სახელობის სტადიონი
  • დრო: 13 იანვარი, თბილისის დროით 23:45 საათი
  • მატჩის არბიტრი: დანიელე დოვერი

როგორ ვუყუროთ ნაპოლი vs იუვენტუსს

ნაპოლი vs იუვენტუსის მატჩის პირდაპირი რეპორატაჟის ხილვა მაყურებელს Setanta Sports 3-სა და setantasports.com-ზე შეეძლება.

Setanta Sports-ს მომხმარებლებისთვის საახალწლო შეთავაზება აქვს. პრომოკოდის NY2023-ის გამოყენების შემთხვევაში, წლიური პაკეტის ღირებულება 129.99 ლარის ნაცვლად 90.99 ლარი იქნება.

რა ხდება იუვენტუსის გარშემო

იუვემ სეზონი ცუდად დაიწყო, ალეგრის მუშაობით ყველა უკმაყოფილო იყო. ცუდ შედეგებზე დიდი გავლენა ჰქონდა ფედერიკო კიეზას გართულებულ ტრავმას, გამუდმებულ სკანდალს ხელმძღვანელობის ირგვლივ და ამონათებულ ვარსკვლავს ნეაპოლში.

იუვენტუსს შეეძლო კვარაცხელიას შეძენა, მაგრამ მას მხოლოდ იუვეს ყოფილი სპორტული დირექტორი – ფაბიო პარატიჩი კურირებდა. ქართველის შესაძლებლობების ვერ დაიჯერეს და ძალიან ინანეს, რადგან თუ რაიმე გამოადგებოდათ კიეზას ტრავმის დროს, ეს პირველ რიგში, კვარაცხელიას ტრანსფერი იქნებოდა. ბებერ ქალბატონში ბოძებული შანსი ვერ გამოიყენეს და ეს ყველაფერი ჩემპიონთა ლიგაზე საშინელი გამოსვლით დაგვირგვინდა.

თუმცა, შემოდგომიდან იუვემ ყველას შეახსენა, რომ იტალიური ფეხბურთის ერთ-ერთი მთავარი გრანდია და მაშინაც კი უნდა უფრთხილდე, როცა საუკეთესო პეროდი არ უდგას. ბებერმა ქალბატონმა ბოლოს 8 ოქტომბერს წააგო, მილანთან, მილანში. მას მერე ზედიზედ რვა მატჩი მოიგო სერია A-ში.

ფედე კიეზა დაბრუნდა! ჯერ კიდევ ვერ არის საუკეთესო ფორმაში, მაგრამ მისი მოედანზე ყოფნა უკვე დიდი საქმეა.

თუმცა, იუვეს ტრავმირებული ჯერ კიდევ ბევრი ჰყავს: ვლაჰოვიჩი, ბონუჩი, კუადრადო, დე შილიო, პოგბა, ჟორჟე და ბრემერი.

რა ხდება ნეაპოლში

ჩემპიონატის განახლებიდან ნაპოლიმ ორი მატჩი ჩაატარა, ინტერთან და სამპდორიასთან. მილანში მოგზაურობა წარუმატებელი აღმოჩნდა, სპალეტის გუნდმა პირველი მარცხი იწვნია სერია A-ში.

სამპდორიასთან გასვლით შეხვედრაში ხარიხსიც გამოსწორდა და შედეგიც მოვიდა. ნაპოლიმ 2:0 მოიგო. გოლები ოსიმენმა და ელმასმა გაიტანეს.

დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია საწყისმა ეპიზოდმა, როცა თერთმეტმეტრიანი პოლიტანომ შეასრულა და თანაც არაზუსტად.

სპალეტიმ სეზონის მიმდინარეობისას რამდენჯერმე აღნიშნა, რომ პენალტებს კვარაცხელია შეასრულებდა, მაგრამ სულ სხვადასხვა ფეხბურთელებს ვხედავთ ნიშნულთან.

სამპდორიასთან მატჩის შემდეგ სპალეტიმ მედიას უთხრა, რომ პენალტი კვარას უნდა დაერტყა და არ იქნება ურიგო, თუ ფეხბურთელები თავად მოილაპარაკებენ ამ საკითხზე.

განსაკუთრებით საგულისხმოა ეს ამბავი იმის გათვალისწინებით, რომ ხვიჩა ინტერთან მატჩის შემდეგ გააკრიტიკეს, სამპდორიასთან საწყისი წუთებიდანვე შეეძლო პენალტის გამოყენება და წნეხისგან გათავისუფლება, მაგრამ პოლიტანომ ბურთი არ დათმო.

როგორც ჩანს, ხვიჩა ვერ უბედავს უფრო გამოცდილ ფეხბურთელს, რომ ბურთი ხელიდან გამოგლიჯოს, თითქოს სპალეტის ელოდება, რომ ის ჩაერევა საქმეში და ხვიჩას დარტყმისკენ მოუწოდებს, მაგრამ ხანდახან ყველაფერი მოედანზევე წყდება, შემოსაზღვრულ ზონაში, ხანდახან საჭიროა, რომ ბურთი აიღო და არავის დაუთმო, მით უმეტეს, როცა მთავარი მწვრთნელი გენდობა.

კვარაცხელიამ რამდენიმე კარგი მომენტი ვერ გამოიყენა სამპდორიასთან, მაგრამ ცუდი თამაში ნამდვილად არ ჰქონია. ჩანს, რომ ნელ-ნელა ფორმას იბრუნებს.

სავარაუდო შემადგენლობები:

ნაპოლი: მერეტი – დი ლორენცო, კიმ მინ-ჯე, რაჰმანი, მარიო რუი – ანგისა, ლობოტკა, ჟელინსკი, – ოსიმენი, კვარაცხელია, პოლიტანო;

იუვენტუსი: შჩესნი, – დანილო, რუგანი, გატი, – მაკკინი, რაბიო, ლოკატელი, კიეზა, კოსტიჩი, – დი მარია, მილიკი;

კომენტარები

მატჩის წინ ალეგრი მოკრძალებული იყო, მაქსიმალურად ცდილობდა, რომ აუტსაიდერის პოზიციიდან ესაუბრა და მთელი წნეხი სპალეტიზე გადაეტანა.

კარგ ფორმაში ვართ, მოსამზადებლად სამი დღე გვქონდა, ბოლო მატჩებში კარგი შედეგი ვაჩვენეთ და ასე უნდა გავაგრძელოთ ოთხეულში ადგილის დასამკვიდრებლად”.

ტრავმირებული ფეხბურთელები დაბრუნებას მაქსიმუმ ატალანტასთან შეძლებენ, კუადრადო გუნდთან ერთად ვარჯიშს მალე დაიწყებს”.

კარგი მატჩი იქნება გადაჭედილ სტადიონზე, სპალეტის ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული გუნდი ჰყავს. ეს მატჩი მათთვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ჩვენთვის. სპალეტი ძალიან კარგი მწვრთნელი და კარგი მასწავლებელია, ეს ყველაფერი მან ინტერსა და რომაში გვაჩვენა. ლიგის საუკეთესო გუნდთან მოგვიწევს თამაში”.

ანიელიზე მისი გაწეული სამუშაო და შედეგები ყველაზე კარგად მეტყველებს. მადლიერი ვარ, რომ კლუბის გაძღოლის შანსი მომცა”.

“კიეზას გამო მოხარული ვარ, ის თავს გაცილებით კარგად გრძნობს, მოგვიანებით გადავწყვეტ ვინ დაიწყებს თამაშს ძირითად შემადგენლობაში”.

ალეგრიმ თქვა, რომ ნაპოლი სერია A-ს მოგების მთავარი ფავორიტია. რა თქმა უნდა, სურს, რომ მეტოქეზე წნეხი გაზარდოს, ამას სპალეტიც კარგად ხვდება და თავის დაძვრენა სცადა.

მესმის, რომ ალეგრისთვის მეორეხარისხოვანი მსახიობის როლი ახლა ძალიან კომფორტულია, მაგრამ ფავორიტის როლს ვერ დამალავ იმ კლუბში, რომელიც მუდმივად ჩემპიონობისთვის იბრძვის“, – თქვა ლუჩანო სპალეტიმ.

ჩვენ გავაკეთებთ იმას, რაც მოგვწონს და რაც გულშემატკივარს მოსწონს. ჩემამდე აქ მაურიციო სარი იყო, რომელსაც არაფერი მოუგია, მაგრამ ხალხი დღემდე მის სათამაშო სტილზე და ღირებულებებზე ლაპარაკობს”.

ასევე იმუშავა აქ რაფაელ ბენიტესმა, რომელმაც ტიტულები მოიგო, მაგრამ ისეთი შთაბეჭდილება ვერ მოახდინა ქოაგებზე, როგორიც სარიმ, ასე რომ, ფრთხილად უნდა იყო”.

ნაპოლი vs იუვენტუსი – სტატისტიკა მატჩამდე

  • სერია A-ს ისტორიაში ვიქტორ ოსიმენი გახდა მეორე აფრიკელი ფეხბურთელი, რომელმაც 10+ გოლი გათამაშების სამ სხვადასხვა სეზონში გაიტანა. აქამდე ეს ჟორჟ ვეას მოეხერხებინა 1995-1998 წლებში.
  • სერია A-ს ბომბარდირთა დავის ლიდერს, ვიქტორ ოსიმენს ბოლო 6 გოლიდან 5 მატჩების სასტარტო 25 წუთში აქვს გატანილი.
  • სერია A-ს მიმდინარე სეზონში, საკუთარ სტადიონზე მხოლოდ ნაპოლისა და იუვენტუსს არ წაუგიათ.
  • 2022/23 წლების სეზონში იუვენტუსს ტოპ 5 ლიგაში ყველაზე მეტი, 5 მატჩი აქვს ანგარიშით 1:0 მოგებული.
  • იუვენტუსს სერია A-ს 17 მატჩში კარი 12-ჯერ აქვს მშრალად შენახული. კალენდრის ამ ეტაპზე ეს იტალიური ფეხბურთის ისტორიაში მეორე საუკეთესო შედეგია. 1966/67 წლების სეზონში კალიარიმ გოლი 13 თამაშში არ გაუშვა.
  • ვოიციეხ შჩესნის ნაპოლის წინააღმდეგ კარი მშრალად 4-ჯერ აქვს კარიერაში შენახული, თუმცა იუვენტუსის მაისურით პოლონელმა ეს მხოლოდ 1-ელ მოახერხა.
  • 2004/05 წლების სეზონის შემდეგ არკადიუშ მილიკს ჯარიმების გატანის საუკეთესო პროცენტი აქვს. პოლონელმა 12 მცდელობიდან 4 გამოიყენა. მისი რეალიზაციის 33% საუკეთესოა სერია A-ს ყველა იმ ფეხბურთელს შორის, რომელსაც 3 და მეტი ჯარიმა აქვს შესრულებული.

ავტორის შესახებ
არმაზ ახვლედიანი
არმაზ ახვლედიანი
მე ვარ Setanta Sports-ის ჟურნალისტი არმაზ ახვლედიანი. ამჟამად ვწერ ანალიტიკურ სტატიებს ფეხბურთზე, სოციო-ეკონომიკური და პოლიტიკური გავლენების შესახებ. გარდა ამისა, ვწერ ბლოგებსა და მიმოხილვებს. აქამდე პოლიტიკის, ლიტერატურისა და მოგზაურობის შესახებ ვწერდი ჟურნალ ლიბერალში, რადიო თავისუფლებაზე და National Geographic-ზე. ვარ ლიტერატურული ჟურნალის, "დარაჯის" ერთ-ერთი დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. ვარ ფსიქოლოგიისა და ტურიზმის ბაკალავრი და შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის მაგისტრი. ხშირად ვიყენებ ლიტერატურულ თეორიებს ბლოგების სტრუქტურის ასაგებად, ასევე, გამომიყენებია შედარებითი ანალიზი, ფეხბურთელებსა და ლიტერატურულ პერსონაჟებს შორის.

სარჩევი

ჩაყვინთვის სპორტში
ტოპ ლიგები
პრემიერ ლიგა
ბუნდესლიგა
ლა ლიგა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
მიჰყევით SETANTA-ს

მიიღე წვდომა ჩვენს პლატფორმაზე