ნაპოლი vs კრემონეზე – Preview

18 იანვარს ნაპოლი იტალიის თასის მერვედფინალში კრემონეზეს დაუპირისპირდება. მათ შორის გამარჯვებული პირველ თებერვალს რომას შეხვდება.

  • ლოკაცია: დიეგო არმანდო მარადონას საზელობის სტადიონი;
  • დრო: 18 იანვარი, თბილისის დროით 00:00 საათი;

მატჩს ქალები განსჯიან

პატარა ნაბიჯი დიდ ისტორიაში, როგორც იწერება, ქალი არბიტრები მალე სერია ა-ს მატჩსაც გაუძღვებიან, მანამდე კი თასის თამაში მისცეს განსასჯელად. მარია სოლე ფერიერი კაპუტი სერია ბ-ს მატჩებს სჯის და, როგორც ჩანს, კარგადაც ასრულებს თავის საქმეს.

მარიას დამხმარეებიც ქალები იქნებაინ, – ტიციანი ტრასჩიატი და ფრანჩესკა დი მონტე.

ბოლო მატჩები

ნაპოლი ყველა ტურნირზე ბოლო ექვსი მატჩიდან მხოლოდ ერთხელ დამარცხდა. სხვა მატჩები მოგებით დაასრულა. ისიც სათქმელია, რომ სერია ა-ში ერთადერთხელ სწორედ ინტერთან დამარცხდნენ.

კრემონეზე ყველა ტურნირზე, ბოლო ექვსი მატჩიდან ოთხჯერ დამარცხდა და ორი მატჩი ფრედ დაასრულა. უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო ოთხი მატჩი ზედიზედ წააგეს.

კრემონეზე ნაპოლიზე ადრე ჩაერთო თასის გათამაშებაში და ორი ეტაპის გადალახვა მოახერხა.

ლოჩოშვილის გარეშე

კრემონეზე სერია ა-ს ბოლო მატჩში სახლში დამარცხდა მონცასთან – 2:3. ლუკა ლოჩოშვილი განაცხადში იყო, თუმცა არცერთი წუთით არ უთამაშია. მარცხის შემდეგ მთავარი მწვრთნელი, მასიმილიანო ალვინი გაათავისუფლეს, მის ნაცვლად დავიდე ბალარდინი დანიშნეს. ბალარდინის პირველი გადაწყვეტილება ასეთია, – ლუკა განაცხადს მიღმა დატოვა.

ბალარდინის აქამდე ლევან მჭედლიძესთან და კახი კალაძესთან უმუშავია. პალერმოსა და ჯენოაში.

რამდენად ექნება ნდობა ლოჩოშვილს ახალი მთავარი მწვრთნელისგან ამას მომდევნო ტურებში გავიგებთ.

ველით გადახალისებას

ნაპოლიმ ტურინის იუვენტუსი გაანადგურა და ყოველგვარი ეჭვი გაფანტა, რომ გუნდსა და ფეხბურთელებს ფსიქოლოგიური პრობლემები ჰქონდათ, თითქოს დიდი პაუზის შემდეგ ვერ დაიჯერეს, რომ ჩემპიონობა შეეძლოთ.

ალაპარაკდნენ სპალეტის სინდრომზეც, ლუჩიანო მეორე წრეს ხშირად წარუმატებლად ატარებს ხოლმე, ამიტომ, პირველივე მარცხის შემდეგ სერია ა-ში თავზე წამოაძახეს ისევ გაუშვებს უპირატესობას ხელიდანო, მაგრამ ბოლო ტურში ყველამ ნახა, რომ ყველაფერი რიგზეა.

ნაპოლის ისეთი კარგი შემადგენლობა ჰყავს, რომ შეუძლია გადახალისების უფლება მისცეს თავს, თადარიგში მყოფი ფეხბურთელების შესაძლებლობები სეზონის პირველ ნახევარში ვიხილეთ, როცა ტრავმირებული ლიდერების ნაცვლად უწევდათ თამაში. თავის გამოჩენა ყველამ მოახერხა.

სავარაუდო შემადგენლობები

ნაპოლი: სირიგუ, – ბერეჟინსკი, ჟეზუსი, რაჰმანი, ოლივეირა, – დემე, ნდომბელე, ელმასი, – რასპადორი, ლოზანო, სიმეონე;

კრემონეზე: კარნესეჩი, – ბიანკეტი, კუალიატა, ჰენდრი, – ვალერი, პიკელი, სერნიკოლა, მერე, – ბუოანუტო, ოკერეკე, აფენა-გიანი;

ავტორის შესახებ
არმაზ ახვლედიანი
არმაზ ახვლედიანი
მე ვარ Setanta Sports-ის ჟურნალისტი არმაზ ახვლედიანი. ამჟამად ვწერ ანალიტიკურ სტატიებს ფეხბურთზე, სოციო-ეკონომიკური და პოლიტიკური გავლენების შესახებ. გარდა ამისა, ვწერ ბლოგებსა და მიმოხილვებს. აქამდე პოლიტიკის, ლიტერატურისა და მოგზაურობის შესახებ ვწერდი ჟურნალ ლიბერალში, რადიო თავისუფლებაზე და National Geographic-ზე. ვარ ლიტერატურული ჟურნალის, "დარაჯის" ერთ-ერთი დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. ვარ ფსიქოლოგიისა და ტურიზმის ბაკალავრი და შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის მაგისტრი. ხშირად ვიყენებ ლიტერატურულ თეორიებს ბლოგების სტრუქტურის ასაგებად, ასევე, გამომიყენებია შედარებითი ანალიზი, ფეხბურთელებსა და ლიტერატურულ პერსონაჟებს შორის.

სარჩევი

ჩაყვინთვის სპორტში
ტოპ ლიგები
პრემიერ ლიგა
ბუნდესლიგა
ლა ლიგა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
მიჰყევით SETANTA-ს

მიიღე წვდომა ჩვენს პლატფორმაზე