დღეს თბილისის დროით 23:45 საათზე სან სიროზე მილანი ნაპოლის უმასპინძლებს. ნაპოლი 35 ქულით მეცხრე ადგილზეა, ჩემპიონობის შენარჩუნებისათვის ბრძოლას დიდი ხნის წინ გამოეთიშა, სეზონის სტარტზე არც ითვლებოდა ფავორიტად. მილანს კი 49 ქულა აქვს და 11 ქულით ჩამორჩება ცრილის სათავეში მყოფ ინტერს.
სატუნირო ცხრილის თვალსაზრისით დიდი ინტრიგის მატარებელი ვერ არის ეს მატჩი, მაგრამ ბევრი ისეთი ფაქტორია, რომელიც დიდ ყურადღებას იმსახურებს, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ლეაუსა და კვარაცხელიას მორიგი დუელი გველის წინ.
მილანი ბოლო ხუთ მატჩში
სერია ა-ს ბოლო ხუთი მატჩიდან მილანმა ოთხი მოიგო და ერთი ფრედ ითამაშა. დაამარცხეს ემპოლი, რომა, უდინეზე და ფროზინონე, ყაიმით დაასრულეს ბოლონიასთან.
შუალედში იტალიის თასზე დამარცხდნენ ატალანტასთან.
სერია ა-ს ბოლო ხუთ შეხვედრაში მილანმა გაიტანა 14 და გაუშვა 7 გოლი. მილანს არც გატანა უჭირს და არც გაშვება. ბოლო ხუთი მატჩიდან ოთხში 3 გოლის გატანა შეძლეს.
ნაპოლი ბოლო ხუთ მატჩში
ნაპოლის სერია ა-ს ბოლო ხუთ შეხვედრაში ორი მოგება, ორი ფრე და ერთი მარცხი აქვს. დაამარცხეს სალერნიტანა და ვერონა, ფრედ ითამაშეს მონცასთან და ლაციოსთან, ხოლო დამარცხდნენ ტორინოსთან.
შუალედში შედგა იტალიის სუპერთასის ნახევარფინალი და ფინალი. ეს ნაპოლის ერთადერთი შანსი იყო სეზონი ტიტულით დაესრულებინათ, მაგრამ ნახევარფინალში ფიორენტინას დამარცხების შემდეგ ფინალში ინტერთან დამარცხდნენ 0:1.
აღსანიშნია რომ ყველა ტურნირზე ბოლო რვა შეხვედრაში ნაპოლის 4-ჯერ გაუგდეს ფეხბურთელი. ამას დავამატოთ ხვიჩა კვარაცხელიას ყვითელი ბარათი, რომლის გამოც ლაციოსთან მატჩი გამოტოვა და ნათელი გახდება, რომ კლუბში დისციპლინის მხრივ სერიოზული პრობლემებია.
ნაპოლიმ სერია ა-ს ბოლო ხუთ შეხვედრაში 4 გოლი გაიტანა და 5 გაუშვა. კარგი ამბავი ის არის რომ კვარაცხელია ფორმაში შედის და ბოლო ტურში ნაპოლიმ სწორედ მისი გოლით მოიგო.
ცუდი ის არის რომ ოსიმენი ისევ ვერ ეხმარება კლუბს, აფრიკის თასს შემორჩა სადაც ფინალს ითამაშებს კოტ დიუვარის ნაკრებთან.
კვარაცხელია vs ლეაუ
წინა სეზონი ორივეს უკეთესი ჰქონდა. მიმდინარე სეზონში კიდევ ერთ წინ გადადგმულ ნაბიჯს ველოდით როგორც ერთის, ისე მეორის მხრიდან, მაგრამ ყველაფერი პირიქით მოხდა.
ნაპოლის არეულ-დარეულ ამბებს, მწვრთნელთა ცვლას და კონტრაქტის საკითხის ირგვლივ დაძაბულობას კვარაცხელიას პირადი პრობლემებიც თან დაერთო, ერთი მხრივ, ნაკრების ირგვლივ, სადაც გაუფრთხილებლობითა და უგუნურებით ისე მოხდა რომ ნახევარფინალს გამოტოვებს, ხოლო, მეორე მხრივ მისმა აგენტმა გახვია შარში და ვიქტორ ოსიმენზე ისე ილაპარაკა როგორც არ უნდა ელაპარაკა.
ამას ემატება სტრესი მოახლოებული ნახევარფინალის გამო, რეციდივის შიში, (წინა ფინალი ხომ კორონას გამო გამოტოვა) ასე რომ ხვიჩას ძალიან ბევრ რამესთან მოუწია გამკლავება და მიუხედავად ამ ყველაფრისა, მაინც ახერხებს თავის გამოჩენას.
- სერია ა-ში კვარაცხელიას ანგარიშზე 6 გატანილი გოლი და სამი საგოლე გადაცემაა.
- რაფაელ ლეაუს კი პირიქით, სამი გატანილი გოლი და ექვსი საგოლე გადაცემა დაუგროვდა.
სად ვუყუროთ? მილანი vs ნაპოლი – სეტანტა სპორტსზე
მატჩის ყურებას Setantasports.com ზე შეძლებთ.