დიდი კლუბი, ახალი ისტორია – მიქაუტაძე აიაქსში ითამაშებს

გიორგი მიქაუტაძე მესამე ქართველი იქნება ამსტერდამულ გრანდში, შოთა არველაძისა და გიორგი ქინქლაძის შემდეგ. შოთამ თავისი კვალი დატოვა ნიდერლანდებში, აიაქსში სახელის დატოვება კიდე მეტად რთული რამეა, ამ პუბლიკას ისეთი ხალხი ჰყავს ნანახი, 70-იანელი ჰიპებიდან დაწყებული, ვან ბასტენითა და ბერხკამპით გაგრძელებული, ვან გაალის 90-იანელებით დამთავრებული, ტაში თუ დაგიკრეს, ესე იგი, ცხოვრებაში რაღაცისთვის მიგიღწევია.

ქინქლაძის ამბავი ყველამ ვიცით, ლიტმანენი დაბრუნდა უდროოდ და მანდ დამთავრდა ყველაფერი. ფინელი ხელშეუხებელი ფიგურა იყო. მართალია აიაქსის ბოლო ტრიუმფიდან 18 წლის კლუივერტის გოლი უფრო ახსოვთ, მაგრამ მთელი გზა ლიტმანენი ბრწყინავდა.

ახლა მესამე კაცის ჯერია. ჰოდა, რა კაცია მიქაუტაძე? ფორვარდია, ფლანგზეც შეუძლია და რაც მთავარია, ბევრი გააქვს. გოლი უყვარს ინძაგივით. ასეთებზე იტყვიან ალღო აქვსო, მე ამ ალღოს სხეულის მეხსიერებას ვეძახი, მაგრამ კი ბატონო, უფრო გასაგები რომ იყოს, დავარქვათ ალღო.

მეცში ბოლო გოლი ნაკრებში გატანილ ჯერჯერობით ბოლო გოლს ჰგავდა. ვითომ შემთხვევითია ეს ყველაფერი? არა მგონია, სულ ასე ჩასაფრებულია და მცველის შეცდომას ელის, მერე კი კარგად იყავი, სისწრაფეც აქვს და კარის ჩარჩოში გარტყმაც ეხერხება.

დიდი კლუბია აიაქსი, ახლა რამდენიც არ უნდა ვიძახოთ რომ ეს ის აიაქსი აღარ არის და თუნდაც იმ დონის ჩემპიონატიც აღარ არის ერედივიზიონი, რაც შოთას დროს იყო, როცა ეს კლუბი გეძახის, უნდა გაიქცე და ჩაეხუტო.

ჭკუა ისწავლეს

მაშინ ჯერ კიდევ ოვერმარსი იყო ტექნიკური დირექტორი. ჯერ არ ყოფილა სკანდალში გახვეული, ჯერ არ ყოფილა გაგდებული, როცა კვარაცხელიას მიმართ ინტერესი ჰქონდათ, არველაძის რეკომენდაციაც თან ახლდა ამ ყველაფერს, მათ კი თქვეს რომ 12 მილიონის მეტი არ ღირს, ოცის გადამხდელები ჩვენ არ ვართო.

შავი ლაქაა ოვერმარსის კარიერაში, ალბათ იმაზე შავი, ვიდრე ის სკანდალი. თუმცა, ფართო წრეებში არ არის ცნობილი, მაშინ ხვიჩას ასე კარგად არ იცნობდნენ, მას მერე კიდე ჩვენ თუ გავიხსენებთ ამ ამბავს, ევროპულ პრესაში ნაკლებად.

თუმცა, კლუბს ახსოვს ეს ამბავი, ცუდად ახსოვს და აღარ სურთ იგივე შეცდომის დაშვება. უკვე იციან, რომ ქართველებს მაგრად შეუძლიათ ბურთის გორება, წამოვიდა მეორე ტალღა, იმ პირველი ტალღის საქმე კარგად იციან და ახსოვთ, მეორე კიდე ახლა იწყებს. ერთი ოქროს ბიჭი ხელიდან გაუშვეს, მეორე კი მზად არის, მშიერია და ვარსკვლავობა სურს.

ნახავდნენ ქართველებს ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზეც, მათ თვალწინ დავითაშვილმა ისეთი გოლი შეაგდო, უბრალოდ არ არსებობს ნიდერლანდური კლუბების ყურადღება არ მიექცია, რა თქმა უნდა, ეროვნულის თამაშსაც ნახავდნენ, სადაც მიქაუტაძე შეიძლება ითქვას, რომ მეორე კაცია.

ჰოდა, მეორე ტალღის მეორე კაცის ხელში ჩაგდება დიდი საქმეა.

აბა, ხომ არ იტყოდნენ ხუთ ლიმონზე მეტს არ გავისვრითო. ისე კი აიაქსი არასდროს იხდიდა ბევრს. მათი სარეკორდო ტრანსფერი 31 მილიონია, ზუსტად მაშინ გარისკეს ბერგვაინში, როცა ხვიჩაზე თქვეს უარი. კიდევ კარგი რომ ასე მოხდა. სატრანსფერო თანხები ისე გაიქცა, რომ ამ კლუბისთვის არსებობა მაგრად გაჭირდა, ეს იმის ფონზე, როცა აიაქსის ხარჯები ერედივიზიონის სხვა კლუბებთან შედარებით გაცილებით დიდია, ასე აიხსნება ერედივიზიონის დონის დაცემაც. ამაზე დაგვიწერია და შეგიძლიათ აქვე გადაავლოთ თვალი.

სულ სხვა დროა ახლა

წარსულს ჩაბარდა 90-იანები. ახლა ერედივიზიონში ვეღარ ნახავთ ადგილობრივი და ჩამოსული ჯადოქრების ჯახს, რომარიოსა და ბერხკამპის სახით. რომარიოს დონის ფეხბურთელს მილიონებს დააყრიდნენ თავზე და ეგებ არაბეთშიც წაეყვანათ, ბერხკამპივით ფეხბურთელს კი ერთი წუთით არ გააჩერებდნენ, სად არის თორემ..

ვეღარც ახალბედა რონალდოს ნახავთ, ასევე, თინეიჯერ კლუივერტთან კონკურენციაში, შემდეგ შოთასა და ლარსონის ჯერი დადგა და ეს დუელი იქით შოტლანდიაში გაგრძელდა.

ამ ჩამოსული ვარსკვლავების გარდა, თვითონ ნიდერლანდელებიც შესუსტდნენ. ჩვენი არ იყოს, ნიდერლანდელებიც დიდი ხანია ელიან მომდევნო ოქროს თაობას, მაგრამ ჩვენგან განსხვავებით იქ ეს თაობა არ ჩანს. მიუხედავად 2-3 კარგი გამობრწყინებისა.

როგორც ზემოთ აღვნიშნე, აიაქსი მაინც აიაქსია, როგორც მინიმუმ პუბლიკა ხომ არ იცვლება, იქ ის ხალხიც იჯდება ვისაც კრუიფი ჰყავს ნანახი მოედანზე, უფრო მეტი იქნება ისეთი ვისაც ვან ბასტენი უნახავს, დენისი და ვან გაალის ოქროს ბიჭების მნახველი, მერე ლაუდრუპი, შოთა, იბრაჰიმოვიჩი, ლუის სუარესი, ბოლო გაბრწყინება დე იონგი დელიხტებისა იყო და აჰა, მოვედით მიქაუტაძემდე, აბა, ამაზე როგორ უნდა თქვა უარი?!

სხვაგან სჯობდაო, ასეთებსაც მოვკარი ყური. უფრო მაღალი დონის ჩემპიონატშიო. ხო, რავიცი აბა.. ყველას თავისი ფავორიტი ჰყავს, მე კი ძალიან ბედნიერი ვარ ამ ტრანსფერით.

ქართველები ნიდერლანდებში

ბევრნი არ ყოფილან, მარტივად დავითვლით. აიაქსელებზე უკვე ითქვა. ბრედაში მეორე ტყუპი იყო – არჩილ არველაძე. ტრაბზონთან ერთად, არჩილს საუკეთესო პერიოდი სწორედ ბრედაში ჰქონდა.

გახოკიძე იყო პსვ ეინდჰოვენში, მოგვიანებით კი ტვენტეში. თამაშობდა ძალიან კარგ ეინდჰოვენში, ერთხელ ჩაეძინა, ვარჯიშზე დააგვიანა და იქ დამთავრდა გოგას ძირითადი შემადგენლობაც. არიენ რობენი უნახავს სიზმრად, ლამაზად თამაშობდა, მაგრამ კოშმარად ექცა, მაინცდამაინც მის პოზიციაზე შეფრინდა და მერე კაცი აღარ იყო მისი გამჩერებელი.

ფეინოორდში ითამაშა გიორგი დემეტრაძემ – ჩამოთვლილთაგან ყველაზე ნაკლები დრო ყოველთვის მას ჰქონდა. თუმცა, სამი გრანდის ქართული დესანტი შეიკრა – აიაქსი, პსვ, ფეინოორდი.

მერე იყო ჟორდანიას ვიტესი. ჩელსისთან ჩაძმობილებული კლუბი, ერთგვარი ქართული პროექტი, ერთდროულად სამ ქართველს კიდევ სად ნახავდით ასეთ ჩემპიონატში? სად და ბუნდესლიგაში!

ჰოდა, აქვე წინა სტატიასაც გადახედეთ სადაც გერმანულ-ნიდერლანდურ და საერთოდ, ტოპ ლიგებში ერთმანეთს გადაყრილ ქართველებზე გვიწერია.

ჯერ გიორგი ჭანტურია გაიფორმეს ბარსელონადან, მერე გურამ კაშია, მერე კი ვაკო ყაზაიშვილი.

გიორგისგან რას ველოდით და რა მივიღეთ ვიცით. უცნაურად მენიშნა ერთი ამბავი, მომდევნო დღეს თამაში ჰქონდა აიაქსთან, ფეისბუქზე კი ძველ “საბურთალოელებს” ნოსტალგიური დიალოგი გვქონდა, გიორგიც წერდა და წერდა, მერე კი გაქრა – მე წავედი, ხვალ აიაქსთან მაქვს თამაშიო.

ძალიან უცნაური იყო ღმერთმანი. ვერც მე მივხვდი რა ხდებოდა ჩემს თავს და მგონი ვერც გიო ხვდებოდა სად იყო და როგორ უნდა ემოქმედა. აიაქსთან მატჩის წინ, რავიცი.. თითქოს ბავშვთა ფეხბურთიდან ვერ გამოვიდა, თითქოს ისევ ოლიმპის ხელოვნურსაფარიანზე ადიოდა მომდევნო გუნდის გასაფარჩაკებლად, თითქოს არაფერი შეცვლილა, არ გაზრდილა, არ გადასულა ზრდასრულთა სამყაროში, არადა, ბარსელონა იყო გამოვლილი, წესით, ბევრი რამ უნდა შეეცვალა.

კაშია ამ გუნდის ლეგენდად იქცა, მე მახოსვს რომ ჩელსიში ტრავმიანობისა და საკადრო პრობლემების შემდეგ იყო კაშიას ტრანსფერზე საუბარი, იწერებოდა რომ აბრამოვიჩი ორ ვარიანტს განიხილავდა, კაშია ორიდან ერთ-ერთი იყო, ჩელსიმ კი პირველი ვარიანტი არჩია – გარი კეჰილი. ვერაფერს იტყვი, გამოადგათ. თუმცა, მერაბ ჟორდანიას არასდროს გაუხსენებია ეს თემა, რაც მაფიქრებინებს, რომ მაინცდამაინც სერიოზულ დონეზე არასდროს განიხილებოდა ეს ტრანსფერი.

მესამე იყო ყაზაიშვილი, დუბლებიდან დაიწყო, ბევრი იშრომა, პირველ გუნდში დააწინაურეს, ძირითადშიც დაიმკვიდრა ადგილი, აჯობა იმ ბიჭს, რომელიც მთელი ბავშვობა სჯობდა, გახდა გუნდის ლიდერი და წავიდა ლეგიაში.

არადა, მახსოვს, მაშინ ვაკოზეც აიაქსს ველოდით, ველოდით თუ ვოცნებობდით..

ტვენტეში ითამაშა გიორგი აბურჯანიამაც. ეგ არის. ნიდერლანდებში მეტი ქართველი არ ყოფილა, თუ ასაკობრივ გუნდებსა და აკადემიებს არ ჩავთვლით.

კონკურენტები

რა თქმა უნდა, კონკურენტი ბევრი ეყოლება. ამ დონის გუნდში სხვაგვარად ვერ გამოვა. ისიც უნდა ითქვას, რომ მიქაუტაძემ ერთი ბრძოლა უკვე მოიგო, როგორც წესი, ასეთ კლუბებს რამდენიმე ვარინატი აქვთ ტრანსფერისთვის, რადგან გიორგი შეარჩიეს, ესე იგი, ერთი კონკურენტი უკვე დამარცხებილია.

ახლა კი ვარჯიშზე ნახავს ვის უნდა აჯობოს.

მთავარი კონკურენტი ბრაიან ბრობი იქნება, აიაქსის მთავარი ცხრიანი, 21 წლის ნიდერლანდელი, რომელსაც ყველა ასაკობრივ ნაკრებში გამოუვლია და ახლა ეროვნული ნაკრებისგან ელის ზარს.

ერედივიზიონში 57 შეხვედრა აქვს ჩატარებული და 24 გოლი აქვს შეგდებული. მშვენიერი მაჩვენებელია 21 წლის ფეხბურთელისთვის. მცირე ხნით ბუნდესლიგაშიც მოასწრო ბურთის გაგორება, თუმცა, დიდი წარმატება არ ჰქონია.

მარცხენა ფლანგზე ბერგვაინი მოქმედებს და ხელშეუხებელია. აიაქსის მთავარი ვარსკვლავია, სარეკორდო თანხაა მასში გადახდილი და კაპიტნის სამკლავურიც უმშვენებს მარჯვენას.

მარჯვენა ფლანგზე გვაქვს მთავარი ამბავი, მიქაელ კუდუსი ვესტ ჰემმა 43 მილიონ ევროდ წაიყვანა. მანამდე ალვარესიც წაიყვანა 38 მილიონ ევროდ, ლონდონელებმა აიაქსის ბანკი გვარიანად შეავსეს. ამას დაუმატეთ ტიმბერის 40 მილიონიანი ტრანსფერი, ბიზი, დარემი და გამოვა რომ აიაქსის ბიუჯეტი საერთო ჯამში 155 მილიონი ევროთი შეივსო. არ ეშლებათ ეს ბიზნესი.

მოედანს რომ დავუბრუნდეთ, ისე ჩანს, რომ მიქაუტაძემ მარჯვენა გარემარბის პოზიციაზეც უნდა მიიღოს შანსი. კარგია, რომ უნივერსალია.

ამ კონკურენციაზე კიდე შოთა არველაძის მონაყოლი მახსენდება, ამსტერდამში რო მიდიოდა, ერთმა მაწაკმა წამოაძახა, ბალიში წაიღე, სკამზე ჯდომით ტრაკი არ გეტკინოსო. იმდენჯერ აქვს ეს ამბავი მოყოლილი, მე მგონი მთავარ მოტივაციად აქცია, სასწაული სეზონი ჰქონდა, ეგეთი მაგარი სეზონი ქართველ ფორვარდს ევროპაში აღარ ჰქონია, ჰოდა, გიორგისთვისაც ამდენი გოლი და ეგეთი სეზონი მისურვებია!

ავტორის შესახებ
Picture of არმაზ ახვლედიანი
არმაზ ახვლედიანი
მე ვარ Setanta Sports-ის ჟურნალისტი არმაზ ახვლედიანი. ამჟამად ვწერ ანალიტიკურ სტატიებს ფეხბურთზე, სოციო-ეკონომიკური და პოლიტიკური გავლენების შესახებ. გარდა ამისა, ვწერ ბლოგებსა და მიმოხილვებს. აქამდე პოლიტიკის, ლიტერატურისა და მოგზაურობის შესახებ ვწერდი ჟურნალ ლიბერალში, რადიო თავისუფლებაზე და National Geographic-ზე. ვარ ლიტერატურული ჟურნალის, "დარაჯის" ერთ-ერთი დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. ვარ ფსიქოლოგიისა და ტურიზმის ბაკალავრი და შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის მაგისტრი. ხშირად ვიყენებ ლიტერატურულ თეორიებს ბლოგების სტრუქტურის ასაგებად, ასევე, გამომიყენებია შედარებითი ანალიზი, ფეხბურთელებსა და ლიტერატურულ პერსონაჟებს შორის.

სარჩევი

ჩაყვინთვის სპორტში
ტოპ ლიგები
პრემიერ ლიგა
ბუნდესლიგა
ლა ლიგა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
მიჰყევით SETANTA-ს