სარჩევი
2022 დეკ 14, 14:13 შშ
1 წუთის საკითხავი

ლიონელ მესი ხორვატიასთან მატჩშიც საუკეთესო იყო, ისევე როგორც ავსტრალიასთან მერვედფინალში და ნიდერლანდებთან – მეოთხედფინალში. კარიერის მეორე ფინალს ითამაშებს მსოფლიო ჩემპიონატზე, ისევე როგორც დიეგო მარადონა. ეცდება მის მსგავსად ამ ორიდან ერთი მოიგოს.

ბედნიერი ვარ, რომ ამას მივაღწიეთ, მოხარული ვარ, რომ ჩემთვის მსოფლიო ჩემპიონატის ბოლო მატჩი ფინალი იქნება”, – თქვა მესიმ მატჩის შემდეგ.

დამატებითი ტაიმების თამაშის შემდეგ (ნიდერლანდებთან) გადავიღალეთ, რთული მატჩი იყო, თითოეულმა ჩვენთაგანმა ყველაფერი გაიღო და შედეგიც შესაბამისი მივიღეთ“.

თამაში კარგად დავგეგმეთ, ვიცოდით, რომ ხორვატიას ბურთი ხშირად ექნებოდა, ვიცოდით, რომ ჩვენს შანსებს მივიღებდით, ბედნიერი ვარ, რომ ყველაფერი ასე დასრულდა“.

მესი ერთხელ უკვე წავიდა ნაკრებიდან, განუწყვეტელი მარცხის გამო მიიღო ეს გადაწყვეტილება, სამჯერ კოპა ამერიკის, ერთხელ კი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი წააგო. რთული იყო, ცრემლიც იყო, წავიდა და ზუსტად მაშინ დაბრუნდა, როცა არგენტინას ყველაზე მეტად სჭირდებოდა. მის გარეშე გუნდი მსოფლიო ჩემპიონატზეც ვერ გავიდოდა. მესი დაბრუნდა და გადამწყვეტ შეხვედრაში ეკვადორთან ჰეთთრიქი შეასრულა.

2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ დაიწყო ახალი არგენტინის მშენებლობა, რასაც მოჰყვა კოპა ამერიკის ჩემპიონობა, ე.წ. ფინალისიმას ჩემპიონობა და ახლა წინ ფინალია, მესი სწორედ ამისთვის დაბრუნდა.

მომდევნო ჩემპიონატზე 39 წლისა იქნება. არ ვიცით კიდევ იქნება თუ არა მოედანზე, არ ვიცით სად ითამაშებს, შეერთებულ შტატებში თუ როსარიოში, ან, იქნებ სადმე აზიაში, მაგრამ, ერთი არგენტინელი მაინც გამოჩნდება, რომელიც ნაკრებში დაბრუნებას თხოვს, თუნდაც, გამოცდილების გასაზიარებლად.