მანჩესტერ სიტი vs მადრიდის რეალი – წინათქმა

ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალების მეორე წრე სანახაობრივად და დრამატულად გაგრძელდა. პირველ შეხვედრებში განცდილი მარცხის შემდეგ მაინც შეძლეს გასვლა სენ ჟერმენმა და დორტმუნდის ბორუსიამ. ესპანელები კი სახლში გაუშვეს.

ლა ლიგის ღირსების დაცვას მადრიდის რეალი შეეცდება, თუმცა, ყველაზე რთული ამოცანა აქვს წინ – ეტიჰედზე ჩადის, გვარდიოლას ჩემპიონებთან სათამაშოთ.

ყველა წყვილის დიდი პატივისცემის მიუხედავად, მადრიდის რეალისა და მანჩესტერ სიტის დუელი მაინც ყველაზე დიდ ინტერესს იწვევს, თუ რომელიმე წყვილზე ითქმოდა ნაადრევი ფინალიაო, სწორედ ეს მატჩია, თანაც, ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელები წარდგებიან ერთმანეთის პირისპირ – კარლო ანჩელოტი და პეპ გვარდიოლა.

კლუბების ურთიერთშეხვედრებზე პირველი წრის წინათქმისას ვწერდით, შეგიძლიათ გადახედოთ.

რა ითქვა მატჩის წინ – კარლო ანჩელოტი

“მადრიდის რეალის ქომაგები მშვიდად უნდა იყვნენ, არ მგონია რომ დიდი სანერვიულო ჰქონდეთ. რეალი ყოველთვის ანგარიშგასაწევი ძალაა. მით უმეტეს, ამ ტურნირზე სანერვიულო არაფერია, ქომაგები ბედნიერნი არიან აქ ყოფნით და თავდაჯერება არავის აკლია”.

“ჩვენი თავდაჯერებულად ვითამაშებთ და გამარჯვებისთვის ვიბრძოლებთ. 90 წუთში ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ხარისხიანი თამაშის ჩვენება შეგვიძლია და საკმარისი საფრთხის შექმნა იმისათვის რომ მომდევნო ეტაპზე გავიდეთ”.
 

“თუ ინდივიდუალურად უნდა გამოვყო ვინმე ერლინგ ჰოლანდს გამოვარჩევდი, ის ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო მოთამაშეა სიტის შემადგენლობაში. ის რომ პირველ შეხვედრაში დიდი საფრთხე არ შეუქმნია ეს ჩვენი მცველების დამსახურებაა”.

“ბელინგემი თანამედროვე და მაღალი ხარისხის ფეხბურთს თამაშობს, ტექნიკურად და ფიზიკურად ძალიან ძლიერია. ჩვენს დროში რთულია მას ნახევარმცველი უწოდო, რადგან ფიზიკური მომზადების დამსახურებით ბევრი ზონის დაფარვას ახერხებს, მადრიდის რეალისთვის სამომავლოდ უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელი იქნება. ის მხოლოდ 20 წლის არის, ხადნდახან გვავიწყდება მისი ასაკი, რადგან დიდი პროფესიონალიზმით გამოირჩევა”, – თქვა მატჩის წინ კარლო ანჩელოტიმ.

რა ითქვა მატჩის წინ – პეპ გვარდიოლა

“მათ მიმართ დიდი პატივისცემა მაქვს, მაგრამ არ მეშინია. ჩვენ ბევრჯერ ვითამაშეთ ბოლო წლებში. მეტოქის მიმართ დიდი პატივისცემა გვაქვს, თუ გაზონის ხარისხზე ვთქვი ორი სიტყვა ეს იმას არ ნიშნავს რომ ვინმეს მიმართ უპატივცემულობა გამოვხატე. თუ მათ მიაჩნდათ რომ გაზონი კარგ მდგომარეობაში იყო.. რას ვიზამთ?! არავის სჯერა ჩემი, რა გავაკეთო?! რეალის წინააღმდეგ როგორც ფეხბურთელსაც ბევრჯერ მითამაშია და მათ ყოველთვის პატივს ვცემდი”.

“ბელინგემმა ძალიან სწრაფად აჩვენა თავისი შესაძლებლობები, რეალში და ბარსელონაში ამის ჩვენება ასე სწრაფად ძალიან რთულია. სეზონის დასაწყისში გიჟური კონტრიბუცია ჰქონდა მისი ასაკის გათვალისწინებით. მგონია რომ ზეწოლას კარგად უმკლავდება, ძლიერი მენტალობა აქვს და ბრწყინვალე ფეხბურთელია. მეტი რა გითხრათ?”

“ძალიან შორს ვართ ამ ოცნებისგან, (საუბრობს ზედიზედ მეორე ტრებლზე) როცა თასის ფინალში გავალთ, როცა ჩემპიონობისგან ორ თამაშში ვიქნებით და ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავალთ, აი, მერე შეიძლება ამაზე ვიფიქრო. კომპიუტერულ გამოთვლებს ვერ ვენდობი, ხან ამბობს რომ შანსი არა გვაქვს, ხან ამბობს რომ ფავორიტები ვართ, არ ვიცი კომპიუტერს შეუძლია თუ არა მარჯვენა ან მარცხენა მცველად თამაში. ჩემთვის ამ გამოთვლებით არაფერი იცვლება. ტრებლზე ფიქრი გასულ სეზონში დავიწყე მაშინ როცა ფინალში მანჩესტერ იუნაიტედი დავამარცხეთ. ამის შემდეგ ვთქვი – კარგი, ახლა ერთ ნაბიჯში ვართ განსაკუთრებულ მიღწევასთან”.

რეალს ეტიჰედზე არასდროს მოუგია

მადრიდის რეალის დავალებას ისიც ართულებს რომ ეტიჰედზე არასდროს მოუგია. არც ჟოზეს, არც ზიდანს, არც ანჩელოტის.

ეტიჰედზე რეალმა ხუთჯერ ითამაშა, ორი შეხვედრა ფრედ დასრულდა, სამჯერ კი დამარცხდნენ.

ამ შეხვედრებში რეალმა გაუშვა 11 და გაიტანა ხუთი გოლი.

დანაკლისი

მადრიდის რეალს ტიბო კურტუა და დავიდ ალაბა დააკლდება ტრავმების გამო. ხოლო, ჩუამენს დისკვალიფიკაცია აქვს.

სიტის შემადგენლობაში საეჭვოა ჯონ სტოუნსის თამაში. ინგლისელს კუნთის დაზიანება აქვს.

მანჩესტერ სიტი vs მადრიდის რეალი – სად ვუყუროთ?

შეხვედრის ყურებას სეტანტას სატელევიზიო არხებსა და Setantasports.com-ის პლატფორმაზე შეძლებთ.

ავტორის შესახებ
არმაზ ახვლედიანი
არმაზ ახვლედიანი
მე ვარ Setanta Sports-ის ჟურნალისტი არმაზ ახვლედიანი. ამჟამად ვწერ ანალიტიკურ სტატიებს ფეხბურთზე, სოციო-ეკონომიკური და პოლიტიკური გავლენების შესახებ. გარდა ამისა, ვწერ ბლოგებსა და მიმოხილვებს. აქამდე პოლიტიკის, ლიტერატურისა და მოგზაურობის შესახებ ვწერდი ჟურნალ ლიბერალში, რადიო თავისუფლებაზე და National Geographic-ზე. ვარ ლიტერატურული ჟურნალის, "დარაჯის" ერთ-ერთი დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. ვარ ფსიქოლოგიისა და ტურიზმის ბაკალავრი და შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის მაგისტრი. ხშირად ვიყენებ ლიტერატურულ თეორიებს ბლოგების სტრუქტურის ასაგებად, ასევე, გამომიყენებია შედარებითი ანალიზი, ფეხბურთელებსა და ლიტერატურულ პერსონაჟებს შორის.

სარჩევი

ჩაყვინთვის სპორტში
ტოპ ლიგები
პრემიერ ლიგა
ბუნდესლიგა
ლა ლიგა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
მიჰყევით SETANTA-ს

მიიღე წვდომა ჩვენს პლატფორმაზე