“კარგი ფინალი იქნება” – ასე დახურა წლების წინ პრესკონფერენცია ჟოზე მოურინიუმ, ბარსელონასთან მერვედფინალის წინ. გამახსენდა იმიტომ, რომ ის მატჩიც ნაადრევ ფინალად მოინათლა. გამახსენდა ასევე იმიტომ, რომ მაშინ ჟოზემ გააკეთა ის, რასაც არც ერთი მწვრთნელი არ აკეთებს, ან, არ კადრულობს – ჯერ მეტოქის სასტარტო თერთმეტეული ჩამოთვალა, მერე თავისი.
საბოლოოდ, აღმოჩნდა რომ მეტოქის თერთმეტეული ზუსტად გამოიცნო, თავის შემადგენლობაში კი ერთი ცვლილება შეიტანა, რომელმაც დიდი როლი ითამაშა კამპ-ნოუზე გამართულ შეხვედრაში. გამახსენდა ეს ამბავი იმიტომ, რომ მაშინდელი კლასიკად ჩამოყალიბებული ჩელსი – ბარსელონასი არ იყოს, კლასიკად ჩამოყალიბდა მანჩესტერ სიტი – მადრიდის რეალიც, და მოურინიოსი არ იყოს, თვალდახუჭული მოყვებიან ერთმანეთის ტაქტიკაზე პეპიც და კარლოც, უბრალოდ, ამდენად თავხედები ნამდვილად არ არიან ეს პრესკონფერენციაზე გააკეთონ.
კი, წააგავს ნაადრევ ფინალს. მოლოდინი ისევ ძალიან დიდია.
როგორ იქცა სიტი – რეალი კლასიკად
ეს დაპირისპირება ათ შეხვედრას ითვლის. ათივე ჩემპიონთა ლიგაზე შედგა. პირველად 2012/13 წლების სეზონში შეხვდნენ ერთმანეთს. მიუხედავად იმისა, რომ ჯგუფური ეტაპი იყო, მაინც ძალიან დიდი მნიშვნელობის მატჩები გამოდგა, რადგან სიკვდილის ჯგუფში აღმოჩდნენ – კლოპის დორტმუნდთან და აიაქსთან ერთად. ეგ კი არა, იყო შანსი ბოლო კალათიდან არა აიაქსი, არამედ სწრაფად გამდიდრებული და გავარსკვლავებული სენ ჟერმენი ამოსულიყო, მაგრამ განგებამ აიაქსი ინება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისტორიაში ყველაზე რთულ ჯგუფს მივიღებდით.
- 10-დან 4 მანჩესტერ სიტიმ მოიგო. 3 მატჩი ფრედ დასრულდა, სამიც მადრიდის გამარჯვებით.
- სიტიმ მადრიდის კარი 17-ჯერ აიღო და 14 მიიღო საკუთარ კარში.
- საუკეთესო ბომბარდირი ქარიმ ბენზემაა – ექვსი გატანილი გოლით.
- 2012/13 წლების სეზონი და ჯგუფური ეტაპი უკვე ვახსენეთ. მაშინ, ბერნაბეუზე ძალიან კარგი მატჩი შედგა, რეალმა 3:2 მოიგო. მანჩესტერში კი 1:1 დასრულდა შეხვედრა. ამის მერე მხოლოდ პლეიოფებში ვნახეთ ეს დუელი.
- 2015/16 წლების სეზონის ნახევარფინალი – ჯერჯერობით ყველაზე მოსაყწენი მატჩები ამ დაპირისპირებაში. ყველაფერი ერთმა გოლმა გადაწყვიტა, თუმცა, მადრიდის უპირატესობა საგრძნობი იყო. აი მერე მოვიდა პეპი და დაიწყო მხიარულებაც.
- 2019/20 წლების სეზონის მერვედფინალი – პეპის სიტიმ ორივე მატჩი 2:1 მოიგო.
- 2021/22 წლების სეზონის ისტორიული ნახევარფინალი – სიტიმ სახლში 4:3 მოიგო, გასვლაზე კი დამატებით დროში 1:3 დამარცხდა.
- 2022/23 წლების სეზონის ნახევარფინალი – ბერნაბეუზე 1:1, ეტიჰედზე – 4:0 სიტის სასარგებლოდ.
ყოველი მომდევნო მატჩი თითქოს პასუხია წინა შეხვედრებზე. მწვრთნელებს არ უყვართ რევანშზე ლაპარაკი, ყოველთვის თავს არიდებენ, ყოველთვის ამბობენ – “რევანშზე არ ვფიქრობთ, ეს სხვა სეზონია, ორი ცალკეული მატჩი და მეტი არაფერი…” მაგრამ, მათი არავის ჯერა.
ამჯერადაც ასეა. მადრიდის რეალს პასუხი აქვს გასაცემი წინა სეზონის შეურაცხყოფისთვის. მადრიდის რეალი ლანისტერების სახლს წააგავს – ოქრო თავზე აყრიათ და არასდროს ავიწყდებათ ვალის დაბრუნება.
ვინ როგორ ფორმაშია – მანჩესტერ სიტი
პეპმა დაიჩივლა მადრიდელებს მთელი კვირით მეტი აქვთ მოსამზადებლადო. ლა ლიგამ ბარსას და რეალს კარგი სამსახური გაუწია. ტური არ ჩაუტარებია. მთელ ესპანეთს უთხრეს, აგერ, თასის ფინალია და მშვიდად უყურეთ, ჩემპიონატი კი დაისვენებსო.
ორივე კლუბს დიდი დრო მისცეს მოსაშუშებლად და მოსამზადებლად. ჰოდა, ვნახოთ როგორ შეირგებენ ბარსა და რეალი.
ინგლისში კი დასვენებისთვის დრო არ არის. აქ ქომაგია უზენაესი ძალა, ქომაგს კი არ უყვარს დასვენება. თანაც, პრემიერ ლიგაში გიჟური სეზონი გვაქვს, და როგორც მთელი სეზონი მიმდინარეობს, დიდი ალბათობით ფინალიც ასეთი იქნება.
- არსენალი – 71 ქულა
- ლივერპული 71 ქულა
- მანჩესტერ სიტი – 70 ქულა
რომელ დასვენებაზე და მოდუნებაზეა ლაპარაკი?!
პეპის გუნდმა ბოლო ხუთი პრემიერლიგური მატჩიდან სამი მოიგო და ორი ფრედ დაასრულა. ამ ორიდან ერთი ლივერპულთან იყო, ერთიც არსენალთან.
კარგი ამბავია კევინ დე ბრუინის ძალიან კარგი სათამაშო ფორმა, ტრავმის გამო დიდი ნაწილი გაუცდა, ისე მოხდა რომ ზუსტად მაშინ დაბრუნდა და ზუსტად მაშინ შევიდა საუკეთესო ფორმაში, როცა პეპს ყველაზე მეტად სჭირდებოდა.
აი, ჰოლანდს კი დრო სჭირდება. ჯერ ვერ არის სასურველ კონდიციაში და კრიტიკაც არ აკლია. თუმცა, გვარდიოლა იცავს და სხვა პრობლემებზე ამახვილებს ყურადღებას – ერლინგამდე ბურთი ვერ მივიტანეთო – თქვა არსენალთან მატჩის შემდეგ.
ბოლო ტურში კი ლამაზად და მარტივად მოიგეს. რამდენადაც შესაძლებელია რომ პრემიერ ლიგაში მარტივად მოიგო მატჩი.
ვინ როგორ ფორმაშია – მადრიდის რეალი
სეზონის პირველ ნახევარში ამბობდნენ ჯუდ ბელინგემი ოქროს ბურთის მთავარი პრეტენდენტიაო. სეზონის დასაწყისი კი ყველაზე არასწორი დროა ამის სათქმელად. მთავარი ახლა იწყება, თუ ასეთ ინდივიდუალურ ჯილდოზე გაქვს პრეტენზია, სწორედ ჩემპიონთა ლიგის საპლეიოფო ეტაპიდან უნდა აჩვენო ის, რასაც მაყურებელი მიაჩვიე.
ჰოდა, ვნახოთ..
სიტის მსგავსად, მადრიდის რეალმაც ჩემპიონათის ბოლო ხუთ შეხვედრაში სამი მოიგო და ორი ფრედ დაასრულა. ბოლო ტურში ბილბაო დაამარცხეს 2:0 და იმის მერე თავში მხოლოდ სიტი უტრიალებთ. რეალი ლა ლიგაში ლიდერია და რვა ქულით უსწრებს ბარსელონას.
ძალიან კარგ ფორმაშია როდრიგო. ქომაგებს მისი ეიმედებათ და სიტი რომ უნდა უფრთხილდეს ეს ურთიერთშეხვედრებიდანაც კარგად ახსოვთ.
დანაკლისი
მანჩესტერ სიტის დიდი დანაკლისი აქვს, გუნდს იოშკო გვარდიოლი, ნათან აკე და კაილ უოლკერი დააკლდებიან.
ასევე დიდი დანაკლისი აქვს მადრიდის რეალს, მაგრამ უკვე დიდი ხანია მიეჩვივნენ კურტუას, ალაბასა და მილიტაოს გარეშე თამაშს.
უფრო ყურადსაღები კი ყვითელი ბარათებია – ჯუდ ბელინგემს, ჩუამენსა და კამავინგას ორ-ორი ყვითელი ბარათი აქვთ და ფრთხილად მოუწევთ თამაში.
რა ითქვა მატჩის წინ – პეპ გვარდიოლა
“არ ვიცი ვინ ითამაშებს ძირითადში. რიკოსა და ოსკარის თამაშით კრისტალ პალასთან ძალიან კმაყოფილი ვარ. რამდენიმე ფეხბურთელს დასვენების საშუალება მივეცით. ვიცი რომ თამაში ყველას სურს, მაგრამ კიდევ უნდა დავაკვირდე მომდევნო დღეებში. ექიმები კარზე დააკაკუნებენ და მეტყვიან – შეგიძლია ამ მოთამაშეს ენდო, ამას კი ვერ ენდობი. ასე რომ, მოცდა მომიწევს. ჩემს გუნდთან ერთად კიდევ ვნახავ რეალის შეხვედრებს და მერე შევჯერდებით ძირითად შემადგენლობაზე”.
მატჩის წინ – კარლო ანჩელოტი
“ბელინგემი მხოლოდ 20 წლის არის, მაგრამ ასაკთან შედარებით ბევრად მოწიფულია. ნამდვილი პროფესიონალია და საქმეს ყოველთვის სერიოზულად ეკიდება. ჩვენთვის სურპრიზი არ ყოფილა მისი სათამაშო შესაძლებლობები, მაგრამ გაკვირვებული ვართ მისი პერსონით”.
“ჩვენ ვართ ორი უმაღლესი დონის კლუბი, გვყავს უმაღლესი დონის ფეხბურთელები, თუმცა, მეტად განვსხვავდებით ერთმანეთისგან სათამაშო ხასიათით. სწორედ ეს მაფიქრებინებს, რომ წინ ძალიან ლამაზი შეხვედრა გველის”.
მადრიდის რეალი vs მანჩესტერ სიტი – სად ვუყუროთ?
ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური მატჩების ყურებას Setanta Sports-ის არხებსა და Setantasports.com-ზე შეძლებთ.