მადრიდის რეალი vs მიუნხენის ბაიერნი – წინათქმა

დორტმუნდის ბორუსია ჩემპიონთა ლიგის ფინალშია. მეორე ფინალისტი დღეს გამოვლინდება, მადრიდის რეალი მიუნხენის ბაიერნს უმასპინძლებს. პირველი შეხვედრა ფრედ 2:2 დასრულდა, აღარც სტუმრად გატანილი გოლი მუშაობს, ასე რომ, ყველაფერი ნულიდან იწყება.

ვინც არ უნდა გავიდეს დღევანდელი მატჩიდან ფინალში, ფავორიტის სტატუსი ექნება. რეალიც და ბაიერნიც ფავორიტები იქნებიან დორტმუნდის წინააღმდეგ. თუმცა, ფინალში ყველაფერი შეიძლება მოხდეს.

ვინ როგორ განწყობაზეა – მადრიდის რეალი

ორი მთავარი ამბავი ხდება მადრიდელთა თავს, პირველი ის არის, რომ გუნდი წინა ტურში ოფიციალურად გაჩემპიონდა. დამსახურებულად. ბარსელონა ჯერ არ არის ის გუნდი, რომელიც ჩემპიონობისთვის იბრძოლებს, ჟირონა ამ სეზონის აღმოჩენაა და ეგეც საკმარისია, მადრიდის ატლეტიკოს კი ბოლო წლებში რაღაც ძალიან აკლია გადამწყვეტ ნაბიჯამდე. თითქოს გაიყინა ეს გუნდი და ვეღარ ვითარდება.

რეალი მოწოდების სიმაღლეზეა. კარლო ანჩელოტის ყოველთვის უკეთ გამოსდიოდა ჩემპიონთა ლიგაზე თამაში, ვიდრე ჩემპიონატების მოგება, მაგრამ ამჯერად მშვიდად მიიყვანა საქმე ბოლომდე, ლიგის ფინალამდე კი ერთ ნაბიჯშია.

მეორე მთავარი ამბავი ტიბო კურტუას დაბრუნებაა, სეზონის სტარტზე მიღებული ტრავმის მერე ტიბო მოედანს დაუბრუნდა, კარი მშრალად შეინახა და დღეს ბევრი სასტარტო შემადგენლობაშიც ელის.

ასე რომ, მადრიდი მზად არის, მადრიდი კარგ ხასიათზეა.

როგორ განწყობაზეა მიუნხენის ბაიერნი

თავიდანვე ასე უთანასწოროდ გადანაწილდა. ბაიერნი, მადრიდის რეალი და მანჩესტერ სიტი ბადის ერთ მხარეს მოხვდნენ. პსჟ, ბარსელონა და ატლეტიკო მეორე მხარეს. გაიხარა სამივე გუნდმა, ასე თუ ისე, იოლი გზა ერგოთ, მაგრამ სამივე გავარდა, ფინალში კი დორტმუნდის ბორუსია გავიდა.

ერთი გერმანული კლუბი უკვე ფინალშია, არის 50%-იანი შანსი იმისა, რომ გერმანული ფინალი ვიხილოთ. თავის მხრივ, ლევერკუზენის ბაიერს აბსოლუტურად არანორმალური სეზონი აქვს, შეიძლება ითქვას რომ მიმდინარე სეზონი გერმანული ფეხბურთისთვის განსაკუთრებულია.

ისტორიული კი ჯერ ვერ არის. ჯერ ბოლომდეა საქმე მისაყვანი.

დღევანდელი ნახევარფინალი ბაიერნისთვის სეზონის გადარჩენის ბოლო შანსია. ლიგის მოგების შემთხვევაში ტუხელს ყველაფერს აპატიებენ. მარკო როისი უკვე ფინალშია, თუ ჰარი კეინიც გავიდა, ეს დიდებული ფეხბურთელები, ფაქტობრივად თავიანთი ბედისწერის წინააღმდეგ იბრძოლებენ.

ურთიერთეხვედრების ისტორია წინა ჯერზე მიმოვიხილეთ და შეგიძლიათ გადახედოთ.

დანაკლისი

მიუნხენის ბაიერნს კინგსლი კომანი, საჩა ბოი, ტერეკ ბუჩმანი, ბუნა სარი და რაფაელ გერერო დააკლდებიან. მატიას დე ლიხტი და ჯამალ მუსიალა მადრიდში გაემგზავრნენ და სათამაშოდ მზად არიან.

რაც შეეხება მადრიდის რეალს, უკვე ვახსენეთ ტიბო კურტუას დაბრუნება. მილიტაო და დავიდ ალაბა ისევ თამაშგარე რჩებიან, დანი კარვახალმა კი დისკვალიფიკაცია მოიხადა და მზადყოფნაშია.

რა ითქვა მატჩის წინ – ტომას ტუხელი

კითხვა – ელოდით რომ ჰარი კეინს ასეთი სადებიუტო სეზონი ექნებოდა?

“დიახ, ველოდით. ვიცოდით რომ გასახდელში ლიდერი გვეყოლებოდა, მოედანზე კი საუკეთესო ყველაფერში – გოლების გატანის უნარი, უბურთოდ თამაში, საგოლე გადაცემები, პრესინგზე თამაში.. დიახ, ჩვენ ეს ვიცოდით. ის ტოტენჰემს კაპიტნობდა წლების განმავლობაში, ახლა ინგლისის ნაკრების კაპიტანია, ლიდერის თვისებებით გამოირჩევა და გუნდს ყველაფერი შესძინა რისი მოლოდინიც გვქონდა”.

ვინისიუს ჯუნიორზე

“მას შეუძლია მსოფლიოს ნებისმიერ კლუბს მიაყენოს ზიანი. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია გავაცნობიეროთ რომ ჩვენთვის ყველაფერი იდეალურად არ იქნება. მაგრამ, ნებისმიერ შემთხვევაში შესაძლებელია სირთულეებს გავუმკლავდეთ, ვაჩვენოთ ძლიერი მენტალიტეტი და ოცნება ავიხდინოთ. ჩვენ უემბლიზე თამაში გვსურს, ესე იგი, უნდა დავამარცხოთ ვინისიუსი და მადრიდის რეალი”.

ჯუდ ბელინგემზე

“ჯუდს ბუნდესლიგიდან ვიცნობთ, ვიცით მისი ძლიერი და სუსტი მხარეები. ის არის ფეხბურთელი, რომელიც თავისი მებრძოლი სულით გუნდს გამარჯვებისკენ მიუძღვება”.

რა ითქვა მატჩის წინ – კარლო ანჩელოტი

“ორივე კლუბს დიდი ისტორია და ტრადიცია აქვს. ჩვენ პატივს ვცემთ ერთმანეთს, ყველამ პატივი უნდა სცეს ერთმანეთს ნახევარფინალში, განვლილი გზის გამო. გარდა ამისა, მათ პირველ შეხვედრაში ჩვენზე უკეთ ითამაშეს”.

“როგორც ვიცი ჯუდსა და ჰარის კარგი ურთიერთობა აქვთ. ინგლისის ნაკრებს ორი ბრწყინვალე ფეხბურთელი ჰყავს მათი სახით. ჯუდი ძალიან კარგი ბიჭია”.

“სწრაფად აგიხსნით – იმისათვის, რომ ჩემი იდეები და მეთოდოლოგია დავნერგო, კლუბის მხრიდან ნდობა მჭირდება, ეს ფუნდამენტური საკითხია, თუ ეს ნდობა არ მაქვს, მაშინ საქმეს ვერ გავაკეთებ, ასე არაფერი იმუშავებს. აი, ეს მოხდა მიუნხენის ბაიერნში ჩემი ყოფნის დროს”.

მადრიდის რეალი vs მიუნხენის ბაიერნი – სად ვუყუროთ?

მატჩის ყურებას სეტანტა სპორტსის არხებსა და Setantasports.com-ის პლატფორმაზე შეძლებთ.

შეხვედრა თბილისის დროით 23:00 ზე დაიწყება.

ავტორის შესახებ
Picture of არმაზ ახვლედიანი
არმაზ ახვლედიანი
მე ვარ Setanta Sports-ის ჟურნალისტი არმაზ ახვლედიანი. ამჟამად ვწერ ანალიტიკურ სტატიებს ფეხბურთზე, სოციო-ეკონომიკური და პოლიტიკური გავლენების შესახებ. გარდა ამისა, ვწერ ბლოგებსა და მიმოხილვებს. აქამდე პოლიტიკის, ლიტერატურისა და მოგზაურობის შესახებ ვწერდი ჟურნალ ლიბერალში, რადიო თავისუფლებაზე და National Geographic-ზე. ვარ ლიტერატურული ჟურნალის, "დარაჯის" ერთ-ერთი დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. ვარ ფსიქოლოგიისა და ტურიზმის ბაკალავრი და შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის მაგისტრი. ხშირად ვიყენებ ლიტერატურულ თეორიებს ბლოგების სტრუქტურის ასაგებად, ასევე, გამომიყენებია შედარებითი ანალიზი, ფეხბურთელებსა და ლიტერატურულ პერსონაჟებს შორის.

სარჩევი

ჩაყვინთვის სპორტში
ტოპ ლიგები
პრემიერ ლიგა
ბუნდესლიგა
ლა ლიგა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
მიჰყევით SETANTA-ს

მიიღე წვდომა ჩვენს პლატფორმაზე