ბაიერნი vs რეალი – წინათქმა

დღეს თბილისის დროით 23:00 ზე ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალი აიღებს სტარტს. მიუნხენის ბაიერნი მადრიდის რეალს უმასპინძლებს. კლასიკური დაპირისპირებაა, რომელმაც 2000-იანების დასაწყისიდან განსაკუთრებული ელფერი შეიძინა, ბევრი დასამახსოვრებელი მატჩი შედგა.

გვახსოვს ჰიცფელდისა და ბოსკეს დუელი, ზიდანისა და ეფენბერგის, გამოცდილი კანის და გამოუცდელი კასილიასის, როი მაკაი და უსწრაფესი გოლი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში, ჟოზე მოურინიოს მოულოდნელი მუხრუჭი, რამაც თერთმეტმეტრიანებამდე მიიყვანა საქმე და სერხიო რამოსის დაუვიწყარი პენალტი. გვახსოვს სკანდალური მატჩი და გვახსოვს ბაიერნის განადგურება.

კიდე ბევრი ახსოვს ახალ თაობას და უფრო მეტი ძველ თაობას. ისტორიაა, ჟანრის კლასიკა. ეს ნახევარფინალიც დიდი ისტორიის ნაწილი გახდება.

ურთიერთშეხვედრები

გუნდებს ოფიციალურ დონეზე 26-ჯერ აქვთ ნათამაშები. ბაიერნმა 12 მოიგო, რეალმა 11, 3 მატჩი ფრედ დასრულდა.

ბურთების იდეალური ბალანსი აქვთ – 42:42 ზე.

ყველაზე დიდი ანგარიშით მადრიდის რეალმა მოიგო 2014 წელს, ალიანს არენაზე – 4:0. მაშინ, მადრიდის რეალს კარლო ანჩელოტი წვრთნიდა, მიუნხენის ბაიერნს კი პეპ გვარდიოლა.

ბაიერნს კი ორჯერ აქვს მოგებული 4:1. 1987 წელს მიუნხენის ოლიმპიურ სტადიონზე უდო ლატეკის ბაიერნმა ბენჰაკერის რეალი გაანადგურა.

მეორედ კი 2000 წელს, ჰიცფელდის ბაიერნმა იმავე სტადიონზე ბოსკეს რეალი გაანადგურა.

ვინ როგორ ფორმაშია – მიუნხენის ბაიერნი

კარგ ხასიათზე ვერ იქნებიან, დიდი ხანია გერმანიის თასიდან გამოვარდნენ და დიდი ხანია ბუნდესლიგაც წააგეს. იმაზე დიდი ხნის წინ მოხდა ეს ამბავი, ვიდრე გაოფიციალურდებოდა ლევერკუზენის ჩემპიონობა.

ქომაგებს ამაზე დიდად გული არ დასწყდებათ, პირიქით, შეიძლება ხუმრობებიც გახშირდეს, ბუნდესლიგას ინტრიგა დაუბრუნდაო. კარგია რომ ჩაბი ალონსომ ლევერკუზენში დარჩენა გადაწყვიტა. ეს გერმანიის ჩემპიონატს ძალიან წაადგება.

აი, ჩემპიონთა ლიგის მოგების შემთხვევაში ბაიერნის ქომაგები კლუბის ხელმძღვანელებს ყველაფერს აპატიებენ. ჩემპიონთა ლიგა სულ სხვა სიმაღლეა. ბოლოს, როცა ბაიერნი გაჩემპიონდა მაინც და მანც დიდი ზეიმი ვერ იყო, რადგან პანდემიამ იმძლავრა და ყველა სახლებში გამოკეტა. ახლა სხვა დროა, ახლა დიდი ზეიმის დროა.

ბაიერნმა მეოთხედფინალში არსენალი გამოთიშა ასპარეზობას. რთული საქმეა. ლონდონელები დიდ ფეხბურთს დაუბრუნდნენ, გამართულ, ლაღ ფეხბურთს თამაშობენ, იოლი არ იყო მათი დამარცხება, ბაიერნმა კი არც თუ ისე კარგი სეზონის მერე რწმენა დაიბრუნა. როცა ნახევარფინალში გადიხარ, უკვე ჩემპიონობაზეც გეფიქრება, იქამდე ძალიან დიდი გზაა, მაგრამ კაცის გუნება ასეთია.

მიუნხენის ბაიერნმა ბოლო ხუთი მატჩიდან ოთხი მოიგო და ერთი ფრედ დაასრულა. ბაიერნის მთავარი დამრტყმელი ძალა ჰარი კეინი იქნება.

ვინ როგორ ფორმაშია – მადრიდის რეალი

ფლორენტინო პერესმა იმდენი მოახერხა, რომ ეს დიდი ეპოქა რეალის დომინაციისა მის სახელით შევა ისტორიაში. ჯერ, რა თქმა უნდა, კრიშტიანუ რონალდუ იყო ამის მთავარი პრეტენდენტი, მაგრამ წავიდა რონალდუ და რეალმა კვლავ განაგრძო მოგება, თან, ყველაზე დასამახსოვრებელი ჩემპიონთა ლიგა (თუ განვლილ გზას მივიღებთ მხედველობაში) რონალდუს გარეშე მოიგო და ამ დროს აღზევდა ქარიმ ბენზემა, მაგრამ ვერც მისი სახელით შევა ეს ეპოქა ისტორიაში, ვერც ზინედინ ზიდანისა და ვერც კარლო ანჩელოტის, რადგან, ფეხბურთელები მიდიან, მწვრთნელები იცვლებიან, რეალი მოგებას განაგრძობს და მხოლოდ ერთი კაცი რჩებოდა ამ დროის მანძილზე უცვლელი – ფლორენტინო პერესი.

ისე სწორად წარმართა გუნდის პოლიტიკა, რომ თაობათა ცვლას მცირე ჩავარდნაც არ მოჰყოლია. ისე გადააგორა სანტიაგო ბერნაბეუს რეკონსტრუქცია, რომ გუნდს არაფერი დასტყობია. წარმოუდგენლად ჟღერს, მაგრამ ფაქტია.

ახლა კიდევ, იმ ძველ პერესს გვახსენებს, პირველი ვადით რომ აირჩიეს, გვახსენებს იმიტომ, რომ მოჰყავს ფეხბურთელი, ძალიან დიდი გავლენით მოედანზე, თითქოს უნდა არიოს ამ ფეხბურთელმა ბევრი რამ, მაგრამ პერესი რისკიანი კაცია, მით უმეტეს, თუ ისტორიულ ტრანსფერს ეხება საქმე.

თუმცა, კილიან მბაპე იქით იყოს.. ზაფხულისთვის.

რეალი კარგ ხასიათზეა, ელ კლასიკოც მოიგო, ჩემპიონობა თითქმის გაინაღდა, ახლა კი ნახევარფინალისთვის მოემზადება.

ანჩელოტის ფაქტორი

გენიალური მწვრთნელია. დიდებული მილანი და რეალი ჰყავდა. აგერ, რეალი მეორედ ჰყავს უკვე და ესეც დიდებულია. თუმცა, მის კარიერაში ყოფილა კლუბები, რომელთანაც დიდად ვერ დააკავშირებ, იმასაც კი იფიქრებ იქ რა ჯანდაბამ მიიყვანაო?! მაგალითად, ევერტონის თავკაცი ყოფილა. ეს ალბათ იმიტომ, რომ ძალიან უყვარს პრემიერ ლიგა, იმდენად რომ ევერტონშიც კი წავიდა. აბა, იუნაიტედის ბოსები რას მიხვდებოდნენ ვინ უნდა მიეყვანათ და როდის.

ნაპოლის თავკაციც ყოფილა, ესეც უცნაურად მეჩვენება ახლა. მაგრამ, ყველაზე მეტად ბაიერნს არ მოუხდა. არ იყო ეს მისი კლუბი. არც ბაიერნის ქომაგებს მოსწონდათ, არც მათ ბოსებს, იმდენად დიდი იყო მეთოდოლოგიაში აცდენა.

სხვა კულტურის კაცია. ნაფტასა და სეტემბრინის ამბავს წააგავს.

აი, მადრიდის რეალს ისე მოუხდა გეგონება ამ კლუბისთვის დაიბადაო.

ტუხელის ამბავი

ფინალში თუ გავიდა, ყოფილ კლუბთან მოუწევს შეხვედრა. ვინც არ უნდა გავიდეს, დორტმუნდი იქნება თუ სენ ჟერმენი. ისე კი, საინტერესო სურათს მივიღებთ პარიზელებთან თუ გადაიკვეთა. როცა მიუნხენის ბაიერნმა “პანდემიის ჟამის ფინალში” პსჟ დაამარცხა, პარიზელებს ტუხელი ხელმძღვანელობდა, ახლა კი “როქის” შანსი იქნება.

დიდი კარიერა აქვს. წაგებულ ფინალს გავეშვათ, მოგებულიც აქვს, თან, პეპ გვარდიოლას მანჩესტერ სიტი დასცა მიწაზე. დიდი ვერაფერი ფინალი გამოდგა, მაგრამ ჰკითხეთ აბა ჩელსის ფანებს, დაწვრილებით მოგითხრობენ ყველაფერს.

ძალიან დიდ მწვრთნელებს ერთხელაც კი არ ღირსებიათ ლიგის მოგება, ტუხელს ერთი უკვე ჯიბეში უდევს, ერთიც ფინალი აქვს ნათამაშები, ახლა კი მეორეზე გაიწევს.

მიუხედავად ამისა, მიმაჩნია რომ მაინც არ არის საკმარისად დაფასებული კაცი.

ტუხელი vs ანჩელოტი

ტუხელის დორტმუნდი ოთხჯერ შეხვდა ანჩელოტის ბაიერნს. ორი მოიგო, ორში დამარცხდა.

ტუხელის სენ ჟერმენი ორჯერ შეხვდა ანჩელოტის ნაპოლის და ორივე მატჩი ფრედ დასრულდა.

ტუხელის ჩელსი ერთხელ შეხვდა ანჩელოტის ევერტონს და 2:0 დაამარცხა.

ბოლოს კი 2022 წლის მეოთხედფინალში გადაიკვეთნენ. ლონდონში ანჩელოტის რეალმა მოიგო – 3:1. მადრიდში ტუხელის ჩელსიმ – 3:2. შემდეგ ეტაპზე რეალი გავიდა.

ასე რომ, ტუხელს ოთხი მოგება აქვს კარლოსთან. ანჩელოტის სამი მოგება აქვს. ორი შეხვედრა კი ფრედ დასრულდა. თუმცა, ანჩელოტის რეალის მარცხი ბერნაბეუზე, მაინც და მაინც, ვერ ჩაითვლება წაგებად. ეს ის არის, რასაც სტატისტიკა მალავს ხოლმე.

რა ითქვა მატჩის წინ – ანჩელოტი

კარლოს ჰკითხეს გერმანიაში რაიმე თუ გენატრება და კავშირი თუ გაქვს ბაიერნთან შენარჩუნებულიო, პასუხი ასეთი პრესკონფერენციებისთვის მეტად პირდაპირი გამოდგა:

“გერმანული ზედმეტად რთული ენაა იმისათვის, რომ ამდენი ხნის მანძილზე დამემახსოვრებინა. ენა აღარ მახსოვს. ჩემი შვილი გაცილებით კარგად საუბრობს. მიუნხენი კი კარგად მახსენდება, მშვენიერი ქალაქია”.

“რუმინიგესთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს, აქ გატარებული 18 თვე შესანიშნავი იყო, ეს ჩემთვის შურისძიება არ არის”.

“ბაიერნს ბუნდესლიგაში კარგი სეზონი არ აქვს, მაგრამ მათ არსენალის დამარცხება მოახერხეს, რომელიც პრემიერ ლიაგაში მაღალ დონეზე თამაშობს, ჩვენ პატივს ვცემთ მეტოქეს, თუმცა, თავდაჯერება არ გვაკლია”.

“ტუხელი ფანტასტიური მწვრთნელია, ტაქტიკურად ძალიან კარგად განსწავლული, ჯერ კიდევ ახალგაზრდაა და მისი გუნდები ყოველთვის მაღალი ორგანიზებით გამოირჩევიან”.

რა ითქვა მატჩის წინ – ტომას ტუხელი

“კარლო ლეგენდაა. ფეხბურთს ძალიან ბევრი შესძინა როგორც მწვრთნელმა და როგორც ფეხბურთელმა. როგორც მწვრთნელი უმაღლეს საფეხურზეა. ყოველთვის ძალიან თავაზიანია, როცა პირველად შევხვდი ჩემპიონთა ლიგაზე ძალიან მეგობრულად შემხვდა. ამდენი წელია წარმატებას აღწევს, რა თქმა უნდა, რეალის შემთხვევაში ჩვენ ვუპირისპირდებით უდიდეს გამოცდილებას, ლეგენდარულ მწვრთნელს, გერბს, ისტორიას და მითს. რეალს ერთი დღით მეტი აქვს მოსამზადებლად, ამიტომ ტაქტიკაზე ნაადრევად დავიწყეთ მუშაობა”.

ბაიერნი vs რეალი – სად ვუყუროთ?

მიუნხენის ბაიერნისა და მადრიდის რეალის ყურებას სეტანტას არხებსა და Setantasports.com – ის პლატფორმაზე შეძლებთ. მატჩი 23:00 ზე დაიწყება.

ავტორის შესახებ
Picture of არმაზ ახვლედიანი
არმაზ ახვლედიანი
მე ვარ Setanta Sports-ის ჟურნალისტი არმაზ ახვლედიანი. ამჟამად ვწერ ანალიტიკურ სტატიებს ფეხბურთზე, სოციო-ეკონომიკური და პოლიტიკური გავლენების შესახებ. გარდა ამისა, ვწერ ბლოგებსა და მიმოხილვებს. აქამდე პოლიტიკის, ლიტერატურისა და მოგზაურობის შესახებ ვწერდი ჟურნალ ლიბერალში, რადიო თავისუფლებაზე და National Geographic-ზე. ვარ ლიტერატურული ჟურნალის, "დარაჯის" ერთ-ერთი დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. ვარ ფსიქოლოგიისა და ტურიზმის ბაკალავრი და შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის მაგისტრი. ხშირად ვიყენებ ლიტერატურულ თეორიებს ბლოგების სტრუქტურის ასაგებად, ასევე, გამომიყენებია შედარებითი ანალიზი, ფეხბურთელებსა და ლიტერატურულ პერსონაჟებს შორის.

სარჩევი

ჩაყვინთვის სპორტში
ტოპ ლიგები
პრემიერ ლიგა
ბუნდესლიგა
ლა ლიგა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
მიჰყევით SETANTA-ს

მიიღე წვდომა ჩვენს პლატფორმაზე