ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში ყველაზე გამორჩეული დაპირისპირება შედგება. ისტორიით, კულტურით და რაც მთავარია, ტრადიციით, რეალისა და ლივერპულის წყვილი ყველა სხვა შეხვედრას აღემატება.
შიდა ჩემპიონატში კარგად არცერთ გუნდს აქვს საქმე, განსაკუთრებით – ლივერპულს. რეალი ბარსას რვა ქულით ჩამორჩება. გასულია კოპა დელ რეის ნახევარფინალში, სადაც ასევე ბარსელონას შეხვდება.
კარგი ამბავია ის, რომ რეალმა უკვე მოიგო მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი. თუმცა, მიუხედავად ასეთი დასახელებისა, ამ ტურნირმა მაინც ვერ შეიძინა საკმარისი პრესტიჟი.
ლივერპული პრემიერ ლიგაში მერვე ადგილზეა. მეოთხეადგილოსან ტოტენჰემს 7 ქულით ჩამორჩება, თუმცა, ორი მატჩით ნაკლები აქვს.
დრო და ლოკაცია
- დრო – სამშაბათი, 21 თებერვალი, თბილისის დროით 23:55 წუთი;
- ადგილი – ენფილდი;
ურთიერთშეხვედრები
გუნდებმა ცხრაჯერ ითამაშეს ერთმანეთის პირისპირ. აქედან სამი ფინალი იყო. ერთი ჩემპიონთა თასის, 1980/81 წლების სეზონში. მეორე და მესამე ჩემპიონთა ლიგაზე, – 2017/18 და 2021/22 წლების სეზონში.
ჩემპიონთა თასის ფინალი ლივერპულმა მოიგო, ჩემპიონთა ლიგაზე კი მადრიდის რეალი აღმოჩნა უკეთესი. წინა სეზონის ფინალისტებიდან ერთი გუნდი ნაადრევად დატოვებს ტურნირს.
9 შეხვედრიდან 5 რეალმა მოიგო, 3 ლივერპულმა, ერთი შეხვედრა კი ფრედ დასრულდა. აღსანიშნია, რომ საწყისი სამი მატჩი ლივერპულმა მოიგო, ბოლო ექვსიდან კი ხუთჯერ დამარცხდა და ერთი ფრე ითამაშა.
ასეთი ცუდი მაჩვენებელი ბოლო ექვს შეხვედრაში ლივერპულს არცერთ ევროპულ კლუბთან არ აქვს.
რეალმა გაიტანა 11 გოლი, ლივერპულმა – 8.
ურთიერთშეხვედრების საუკეთესო ბომბარდირი ქარიმ ბენზემაა, ოთხი გატანილი გოლით.
როგორ ფორმაშია ლივერპული
ლივერპულმა ბოლო რვა თამაშში 3 მოიგო, 3 წააგო და ორი ფრედ დაასრულა.
რა თქმა უნდა, საუკეთესო პერიოდი არ უდგას გუნდს, თუმცა, ბოლო მატჩი ნიუკასლთან ძალიან კარგი გამოდგა. მაღალი ტემპი, მაღალი ხარისხი, კლოპის საუკეთესო ლივერპული გაახსენდებოდა ადამიანს.
დაბრუნდნენ ტრავმირებულები, დარვინ ნუნიეშმა გოლის გატანაც შეძლო, რაც როგორც მისთვის, ისე გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
გოლი შეაგდო გაკპომაც, ეს კი საუკეთესო ამბავია, რაც ლივერპულის თავს შეიძლებოდა მომხდარიყო. გუნდი კარგ ხასიათზეა და ამაღლებული განწყობით შეხვდება მადრიდის რეალს.
როგორ ფორმაშია მადრიდის რეალი
მადრიდის რეალმა ბოლო რვა მატჩიდან ექვსი მოიგო, ერთი ფრე ითამაშა და ერთიც წააგო მაიორკაზე. ლა ლიგაში ქულების დაგროვება გაცილებით მარტივია, ვიდრე პრემიერ ლიგაში, ამიტომ, ეს სტატისტიკა დიდად არაფერს გვეუბნება.
20 გაიტანეს და ექვსი გაუშვეს. აი, ამ სტატისტიკით შეიძლება უკვე დასკვნების გამოტანა. რეალი ყოველთვის უნდა მიიჩნიო ფავორიტად. ეს ყოველთვის ასე იყო, მაგრამ ჩემპიონთა ლიგის ბოლო სეზონში დატრიალებული ამბების მერე, კიდევ უფრო განმტკიცდა აზრი, რომ ეს ტურნირი მადრიდის რეალის საკუთრებაა.
კომენტარები
პრესკონფერენციაზე იურგენ კლოპმა მადრიდის რეალის მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა, და აღიარა, რომ პარიზის ფინალი გამეორებით მხოლოდ წინა კვირას ნახა, ესეც იმიტომ, რომ ვალდებული იყო ასე მოქცეულიყო.
“უდიდესი კლუბია, ყველაზე წარმატებული ჩემპიონთა ლიგაზე, სათვალავი ამერია რამდენჯერ აქვთ ჩემპიონთა ლიგა მოგებული. მათთან დაპირისპირება ყოველთვის დიდი გამოცდილებაა, პარიზში ფინალი ვითამაშეთ და მას მერე აღარ მინახავს, მხოლოდ წინა კვირას ვნახე ეს თამაში და მივხვდი რატომ აღარ მსურდა ნახვა, მაგრამ ასე იყო საჭირო, ჩემთვის წამებაა ამ თამაშის ყურება, კარგი თამაში გვქონდა, მოგებაც შეგვეძლო, ამ თამაშში ძალიან კარგად ჩანს მათი კლასი და თავდაჯერება, მათ იციან, რომ შანსი ექნებათ და მშვიდად ელიან თავის მომენტს”.
“ახლა სხვა დროა, იგივე კლუბებს ვხედავთ, მაგრამ სხვადახვა გუნდებთან გვაქვს საქმე. ბოლო წლებში რომელიმე ჩვენთაგანი ყოველთვის ფინალშია”.
“ჩვენ ორი სუპერ მატჩი უნდა ვითამაშოთ იმისათვის, რომ შანსი გვქონდეს, რეალს კი მაშინაც შეუძლია წარმატების მიღწევა თუ საუკეთესო თამაში არ ექნება, ეს არის განსხვავება”.
კარლო ანჩელოტი თვითკრიტიკული, თუმცა თავდაჯერებული იყო.
“ლივერპული ყოველთვის ხარისხიან ფეხბურთს თამაშობს, ჩვენ დიდი ზეწოლისა და წნეხის ქვეშ ვიქნებით, ამოსუნთქვის დროც არ გვექნება. ზუსტად ვიცით რასაც უნდა ველოდოთ და ამისთვის მზად ვართ“.
“2014 წლის მატჩიდან კარგი მოგონებები მაქვს, მაგრამ იდენტურ თამაშს არ ველოდები, ეს შეუძლებელია. ლივერპული ახლა უფრო ძლიერია, უკეთესი შემადგენლობით, უფრო მაღალი დონის ფეხბურთს თამაშობს, კარგი იქნებოდა შედეგის გამეორება, მაგრამ ახლა სულ სხვა გუნდთან გვაქვს საქმე“.
“ვინი მთლიანად თამაშზეა ორიენტირებული, რაც უფრო მნიშვნელოვანი მატჩია, მით უფრო მაღალ დონეზე თამაშობს, მისი მოედანზე ხილვა ყველას ახარებს“.