ყველა მეოთხედფინალისტი ცნობილია

გუშინ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალების დარჩენილი ორი შეხვედრა გაიმართა. ნაპოლიმ აინტრახტს უმასპინძლა, მადრიდის რეალმა კი ლივერპულს.

ნაპოლი vs აინტრახტი

ყველაფერი ლოგიკურად დასრულდა, ნაპოლიმ აინტრახტი გაანადგურა – 3:0. მატჩის დაწყებამდე გერმანელმა ქომაგებმა დებოში მოაწყვეს, პოლიციას დაუპირისპირდნენ, რამდენიმე მანქანას ცეცხლი მოუკიდეს და ქალაქი დააზიანეს. ეს დაძაბულობა თან სდევდა შეხვედრის პირველ წუთებს, თუმცა, ტაიმის მიწურულს ოსიმენის გოლმა ყველაფერს წერტილი დაუსვა.

საერთოდ, უნდა ითვქას, რომ ნაპოლი თამაშს ბოლომდე აკონტროლებდა. აქტიურობდა ხვიჩა კვარაცხელია, რომელმაც რამდენიმე სახიფათო მომენტი შექმნა, გატანის კარგი შანსიც მიეცა, მაგრამ ამჯერად უგოლოდ დატოვა მოედანი.

სამაგიეროდ, მეორე გოლის დროს შეტევა სწორედ მან წამოიწყო. ხვიჩა ძალიან ჭკვიანი ფეხბურთელია, ზუსტად იცის, რომ როცა ბურთს მოიგდებს ფეხში მეტოქის მთელი დაცვა მასზეა კონცენტრირებული, შეტევის მიმართულების ცვლილებით კი ნაპოლი ძალიან დიდ უპირატესობას იღებს.

კვარაცხელიამ მისთვის დამახასიათებელი ტექნიკითა და სიზუსტით გადაკიდა ბურთი საჯარიმოში, კარგად გათამაშდა და ოსიმენმა გოლით დაასრულდა.

მესამე კი თერთმეტმეტრიანით გავიდა, მოედანზე იყო ხვიჩა, მოედანზე იყო პოლიტანო, მაგრამ ჟელენსკიმ დაარტყა და გაიტანა.

ნაპოლი ყველასთვის ძალიან უხერხული მეტოქე იქნება.

რეალი vs ლივერპული

სწრაფ გოლს შეეძლო ბევრი რამ შეეცვალა, მაგრამ ლივერპულმა ამის გაკეთება ვერ შეძლო და ნელ-ნელა შეეგუა წაგებას. ლივერპული ის გუნდია, რომელთანაც მოდუნება არაფრით არ შეიძლება, მაგრამ მათი მთავარი იარაღი უკან დარჩა. როცა ენფილდზე განადგურებენ, მერე წარმატებას აღარ უნდა ელოდო.

მადრიდის რეალი კი გვაჩვენებს, რომ სამეფო გუნდია. ეს მათი ტურნირია. ჩემპიონთა ლიგას თავისი მეფე ჰყავს.

ეს მატჩიც მოიგეს, გოლი ქარიმ ბენზემამ გაიტანა.

მეოთხედფინალისტები

მეოთხედფინალი სამი იტალიური კლუბი ითამაშებს – ნაპოლი, ინტერი, მილანი;

ორი ინგლისური – მანჩესტერ სიტი და ჩელსი;

ესპანეთი, გერმანია და პორტუგალია ერთი წარმომადგენლით იქნებიან – მადრიდის რეალი, მიუნხენის ბაიერნი, ბენფიკა;

ჩემპიონთა ლიგის წილისყრა პარასკევს, 17 მარტს გაიმართება.

ავტორის შესახებ
არმაზ ახვლედიანი
არმაზ ახვლედიანი
მე ვარ Setanta Sports-ის ჟურნალისტი არმაზ ახვლედიანი. ამჟამად ვწერ ანალიტიკურ სტატიებს ფეხბურთზე, სოციო-ეკონომიკური და პოლიტიკური გავლენების შესახებ. გარდა ამისა, ვწერ ბლოგებსა და მიმოხილვებს. აქამდე პოლიტიკის, ლიტერატურისა და მოგზაურობის შესახებ ვწერდი ჟურნალ ლიბერალში, რადიო თავისუფლებაზე და National Geographic-ზე. ვარ ლიტერატურული ჟურნალის, "დარაჯის" ერთ-ერთი დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. ვარ ფსიქოლოგიისა და ტურიზმის ბაკალავრი და შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის მაგისტრი. ხშირად ვიყენებ ლიტერატურულ თეორიებს ბლოგების სტრუქტურის ასაგებად, ასევე, გამომიყენებია შედარებითი ანალიზი, ფეხბურთელებსა და ლიტერატურულ პერსონაჟებს შორის.

მიიღე წვდომა ჩვენს პლატფორმაზე