სარჩევი
კვარას გოლი იუვესთან - Napoli 2-1 Juventus | Setanta Sports
2024 მარ 04, 04:13 შ-მდე
3 წუთის საკითხავი

კვარაცხელიას გოლი იუვესთან ნახეთ? ულამაზესი იყო, ჰაერიდან, დაუშვებლად, მცირე ასხლეტაც და კვარამ ანგარიში გახსნა. ნაპოლიმ იუვენტუსს 2:1 მოუგო.

2023 წლის სექტემბრის შემდეგ პირველად, ნაპოლიმ სერია A-ში ზედიზედ ორი მატჩი პირველად მოიგო. თანაც შინ ყველაზე პრინციპული მეტოქე იუვენტუსი დაამარცხა.

ნაპოლი 2:1 იუვენტუსი

მატჩს უფრო დიდი დანაკლისით იუვენტუსი შეხვდა. ბებერ ქალბატონს კიეზა კი დაუბრუნდა, თუმცა სათადარიგო სკამი არც ისე წარმომადგენლობითი ჰყავდა, როგორასც მასიმილიანო ალეგრი ისურვებდა.

პირველ ტაიმში იუვენტუსს მეტი საგოლე შანსი ჰქონდა, თუმცა მერეტის კარი რამდენჯერმე გადარჩა.

კვარაცხელიას გოლი იუვესთან

ტაიმის ერთადერთი გოლი კი ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა. ქართველმა ვოიციეხ შესნის საუცხოო დარტყმით, მიწაზე დაუშვებლად აიღო. სეზონში კი მე-9 გოლი გაიტანა.

მეორე ტაიმში ნაპოლიმ თამაში კიდევ უფრო მეტად სათავისო კალაპოტში გადაიყვანა, თუმცა გოლი იუვემ გაიტანა.

81-ე წუთზე ალკარასის პასით გოლი აქტივში ფედერიკო კიეზამ ჩაიწერა. ეს უმცროსი კიეზასთვის, რომელიც სეზონის ბოლოს იუვეს დატოვებს, მე-7 ბურთი იყო.

გადამწყვეტი კი ოსიმენის გაფუჭებული პენალტის მერე რასპადორის დამატება იყო. 2:1 და ნაპოლიმ ჩამორჩენა ბოლონიასთან, რომასა და ატალანტასთან შესაბამისად, 8, 4 და 1 ქულამდე შეამცირა.

ნაპოლი 2:1 იუვენტუსი მიმოხილვა

ხვიჩა კვარაცხელიას სტატისტიკა იუვენტუსთან

კვარას იუვესთან 4 მატჩში 2 გოლი და 2 საგოლე პასი დაუგროვდა. უშუალოდ მარადონაზე გამართულ შეხვედრაში კი კვარას სტატისტიკა ასეთი იყო:

1 გოლი
38/41 ზუსტი პასი (93%)
8 მოგებული ორთაბრძოლა
5-ჯერ მოპოვებული ჯარიმა
2 წარმატებული დრიბლინგი
2-ჯერ დაბრუნებული ბურთი
შეფასება — 8.3

კალცონა კვარა-ოსიმენის შესახებ

“კვარა და ოსიმენი ნაპოლისთვის ძლიერი და ფუნდამენტური ფეხბურთელები არიან. მათ, რიგი მიზეზების გამო, რთული პერიოდი გამოიარეს. თუმცა ახლა თითქმის, იმავე დონეს დაუბრუნდნენ. მათ საუცხოოდ ითამაშეს და მაქსიმუმი აჩვენეს, თუმცა მე მსურს სხვებზეც ვისაუბრო.

შეცდომებზე, რომელიც დავუშვით, უფრო მეტს ვფიქრობ, ვიდრე გამარჯვების სიამოვნებაზე. ბურთის ფლობა, ჩემი გემოვნებისა და ხედვისთვის, ხშირად სტერილური გვქონდა. მეტი ვერტიკალური თამაში გვჭირდება.

სასიამოვნოა, რომ ცვლილებაზე გამოსასვლელად ყველა მზადაა. პირველი ტაიმის ბოლოს ყველა შორტებში ხურდებოდა და არა სავარჯიშო ამუნიციით, ეს ფაქტი მახარებს.

სასწაულები 10 დღეში არ ხდება, მეტი დრო გვჭირდება, თუმცა ეს დრო არ გვაქვს.”

ფრანჩესკო კალცონა – ნაპოლის მთავარი მწვრთნელი

მომდევნო მატჩს ნაპოლი სერია A-ში, შინ, საბა საზონოვის ტორინოსთან, 8 მარტს გამართავს. 13 მარტს კი ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში ბარსელოანას სტუმრად, კამპ ნოუზე შეხვდება, რომელმაც ბოლო ტურში ბილბაოსთან 0:0 ითამაშა და თან, ფრენკი დე იონგი და პედრი დაუშავდა.