ის რაც ლა ლიგას ახასიათებს – ჩხუბი მოედანზე

ბარსელონამ გასვლაზე ატლეტკო დაამარცხა ანგარიშით 1:0. სანახაობრივი და დაძაბული მატჩი გამოვიდა. სუპერ თასის დაწყების წინ ბარსამ ლა ლიგაში ლიდერობა დაიბრუნა.

ერთადერთი გოლი დემბელემ გაიტანა. კარგი კომბინაცია გამოვიდა, ჰგავდა პედრის დაწყებული დრიბლინგი ინიესტას წამოწყებულ შეტევას არსენალთან. მაშინ ჩავიმ დაასრულა შეტევა, ამჯერად გავის პასით დემბელემ გაიტანა.

თუმცა, განსაკუთრებულ აქცენტს ერთ მომენტზე გავაკეთებთ, მატჩის მიწურულს ფერან ტორესმა და სტეფან სავიჩმა იჭიდავეს, არც იპონი, არც ვაზარი, ყველაფერი წითელი ბარათით დასრულდა.

უცნაური სანახავი იყო, თმაში წავლებული ხელი, საზარდულთან ჩაბჯენილი მკლავი, თითქოს “ბრძოლა წესების გარეშე” ვიხილეთ, თუმცა, სისასტიკით გამორჩეულს მაინც ვერ დავარქმევთ ამ ამბავს.

ლა ლიგას კი ბევრი გაწევ-გამოწევა ახსოვს. სასაცილოც, სასტიკიც და მოულოდნელიც. შევეცდები სია მრავალფეროვნებით იყოს გამორჩეული.

პეპეს წიხლი

დღემდე თამაშობს. უდავოდ დიდი ფეხბურთელი და თავისი თაობის გამორჩეული მცველია. არავის ისე კარგად არ უთამაშია პიკში მყოფი ლიონელ მესის წინააღმდეგ, როგორც პეპეს. მართალია, ხშირად ბინძურ ხერხებს მიმართავდა, მაგრამ მაინც ახერხებდა რაღაცას, მესისთან რაღაცის გახერხება კიდე უკვე დიდი საქმეა.

გვახსოვს, თასის თამაშზე ხელზე ფეხიც დააბიჯა, ამ ამბავს გართულება არ მოჰყოლია. ვერც მსაჯმა შენიშნა რამე, არც მესის გაუცია პასუხი. თუმცა, პეპეს სავიზიტო ბარათად მაინც ხეტაფესთან მომხდარი ინციდენტი იქცა.

რეალისა და ხეტაფეს მატჩში ერთ-ერთი ყველაზე გიჟური ბოლო 10 წუთი ვიხილეთ ლა ლიგის ისტორიაში. 84-ე წუთზე ალბინმა ხეტაფე წინ გაიყვანა, 2:1

86-ე წუთზე გუტიმ საჯარიმო დარტყმით ანგარიში გაათანაბრა.

88-ე წუთზე, პეპემ კასკერო ჯერ საჯარიმოში წააქცია, შემდეგ წიხლით შედგა, ბოლოს შოკში ჩავარდნილსა და ნაცემს თავზე დაადგა, სიმულაციაში დასდო ბრალი და კიდევ ერთი წიხლი დააყოლა.

პეპე გააძევეს.

ნაცემი კასკერო კი თერთმეტმეტრიანის ნიშნულთან მიუშვეს. ამ გათელილმა კაცმა პანენკას შესრულება გადაწყვიტა და კასილიასმა მოიგერია. ფეხბურთის ქომაგს ყველაფერი უნახავს ქვეყანაზე, მაგრამ გაწიხლული კაცის პანენკა ძალიან უცნაური ამბავია.

მესამე დამატებულ წუთზე იგუაინმა შორეული დარტყმით გაიტანა და რეალს მოაგებინა.

ცეკვავენ ვარსკვლავები

2007 წელს სამხრეთ ამერიკული ჩხუბი, ან ცეკვა, ან ორივე ერთად ვიხილეთ. სარაგოსამ სევილიას უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა. მატჩის მიწურულს გოლების ავტორებმა იჩხუბეს, – ურუგვაელმა დიოგომ და ბრაზილიელმა ფაბიანომ.

დიოგოს დრო გაჰყავდა, ფაბიანო აჩქარებდა, დაიწყო კამათით, გაგრძელდა შუბლის მიდებით და უნდა დასრულებულიყო დიოგოს მარჯვენა ჰუკით, მაგრამ არ დასრულდა. ვერ გამოდგა ტაისონივით მაგარი, აი, შემდეგ დაიწყო, რაც დაიწყო. ფაბიანო და დიოგო საოცარ სინქრონში იქნევდნენ ხელებს, მაგრამ არც დიოგოს ხვდებოდა მოქნეული და არც ფაბიანოს. ასე დაემსგავსა ეს ყველაფერი ცეკვას, ესპანური ფეხბურთის ვარსკვლავების ცეკვას.

რა თქმა უნდა, ორივე გააძევეს მოედნიდან. ფეხბურთელები დღემდე არ ელაპარაკებიან ერთმანეთს.

ზიდანი გაბრაზდა

გასაბრაზებელი ამბავი იყო. პერესი აგრძელებდა ვარსკვლავების მოყვანას, ზიდანს რონალდოც დაამატა და რეალი დაუმარცხებელი ჩანდა. ბარსელონა კი პირიქით, კრიზისში ჩავარდა, ვან გაალმა ძალიან ცუდი გზით წაიყვანა გუნდი, მერე გადადგა კიდეც და ბერნაბეუზე ახალდანიშნულმა ანტიჩმა გაიყვანა გუნდი.

მიუხედავად ამ ცუდი პერიოდისა, მადრიდის რეალმა ვერცერთი მატჩი ვერ მოუგო ბარსელონას. ვერც ვან გაალის გუნდი დაამარცხა კამპ ნოუზე, ვერც ანტიჩის გუნდი ბერნაბეუზე.

ზიდანს პუიოლი აქტიურად ეთამაშებოდა, თავის სტილში, მჭიდროდ, ხისტად, ამ დროს ზიდანის ხელი მოხვდა სახეში და დავარდა, ლუის ენრიკემ ფრანგის გაფრთხილება მოითხოვა, ამაზე ზიზუ გაბრაზდა და დაეტაკა. ვისაც ხელით მისწვდა ყველას თავში წაარტყა.

ენრიკე მშვიდი იყო, უკვე ჰქონდა ყვითელი ბარათი, ამიტომ, სიტუაცია არ გამწვავებულა. ზიდანიც გააფრთხილეს, მატჩი კი 1:1 დასრულდა.

ომი ბასკებთან

რა თქმა უნდა, ყველაზე დასამახსოვრებელი ჩხუბი კოპა დელ რეის ფინალში შედგა. კატალონიელები და ბასკები ბერნაბეუზე! არავინ გრძნობდა თავს კომფორტულად.

დაძაბულობას ზრდიდა ბარსელონასა და ბილბაოს შორის დაპირისპირება. 80-იანებში ბასკური კლუბების ზეობის ხანა იდგა, როგორც ბილბაოს, ისე, რეალ სოსიედადის. დიეგო მარადონაზე კი ნადირობდნენ, ერთ-ერთი ასეთი ნადირობისას გოიკოეჩეამ დიეგოს კოჭი მოტეხა. განზრახ, შეგნებულად, – მსოფლიო ფეხბურთს მთავარ მოვლენას ართმევდა. აქედან მოყოლებული ბარსელონასა და ბილბაოს შორის ყველა მატჩი ომს ჰგავდა.

ფინალში დაძაბულობამ პიკს მიაღწია და მერე რაც დაიწყო ამას ახსნა არ აქვს. თუმცა, უნდა ითქვას, რომ მარადონა აქაც გრაციოზულია. მისი მოქნეული მუხლიც კი სიქსთის კაპელას წააგავს.

ასე რომ, ლა ლიგაში ჩხუბი და გაწევ-გამოწევა არავის უკვირს. ყოფილა შემთხვევა, რომ მსაჯებიც არ დაუნდიათ. მაგალითად, ხრისტო სტოიჩკოვს თუ გავიხსენებთ. თითქოს უნდა შემცირებულიყო ასეთი ამბები VAR-ის გამოჩენის შემდეგ, მაგრამ თამაშის დროს VAR-ზე არავინ ფიქრობს, ყველაფერს ემოცია წარმართავს.

ჯერჯერობით ვერდიქტი არ გამოუტანიათ. ვარაუდობენ, რომ ფერანსა და სავიჩს სამმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასჯიან.

ავტორის შესახებ
არმაზ ახვლედიანი
არმაზ ახვლედიანი
მე ვარ Setanta Sports-ის ჟურნალისტი არმაზ ახვლედიანი. ამჟამად ვწერ ანალიტიკურ სტატიებს ფეხბურთზე, სოციო-ეკონომიკური და პოლიტიკური გავლენების შესახებ. გარდა ამისა, ვწერ ბლოგებსა და მიმოხილვებს. აქამდე პოლიტიკის, ლიტერატურისა და მოგზაურობის შესახებ ვწერდი ჟურნალ ლიბერალში, რადიო თავისუფლებაზე და National Geographic-ზე. ვარ ლიტერატურული ჟურნალის, "დარაჯის" ერთ-ერთი დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. ვარ ფსიქოლოგიისა და ტურიზმის ბაკალავრი და შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის მაგისტრი. ხშირად ვიყენებ ლიტერატურულ თეორიებს ბლოგების სტრუქტურის ასაგებად, ასევე, გამომიყენებია შედარებითი ანალიზი, ფეხბურთელებსა და ლიტერატურულ პერსონაჟებს შორის.

მიიღე წვდომა ჩვენს პლატფორმაზე