ინტერი vs ნაპოლი – წინათქმა

ერთი ტურიც და სანაკრებო შესვენებაზე გავალთ, იმ შესვენების მერე კიდე ყველაფერი სხვაგვარად მოგვეჩვენება, არ აქვს მნიშვნელობა როგორ დასრულდება ყველაფერი, ამ ქვეყნის დღის წესრიგი ნამდვილად შეიცვლება.

ამ ბოლო ტურში კიდე კვარაცხელიას ნაპოლი სერია ა-ს ლიდერს ესტუმრება და ქულების აღებასაც ეცდება. ხასიათი კი ვერ ექნებათ კარგ დღეში, ვერც ერთსა და ვერც მეორეს, ორივე იტალიური კლუბი ესპანელებმა გამოაგდეს ჩემპიონთა ლიგიდან.

გავარდნილი ჩემპიონები

ინტერს 16 ქულიანი უპირატესობა აქვს თანაქალაქელ მილანთან. ფაქტობრივად ჩემპიონია, სიმონე ინძაგიც ის კაცია, რომელიც კონცენტრირებული დარჩება და მშვიდად მიიყვანს საქმეს ბოლომდე. მართალია, ატლეტიკოსთან მარცხის გამო ისიც მწარედ გააკრიტიკეს, მაგრამ არა მგონია სადავეები გაექცეს ხელიდან.

ასე რომ, მოქმედი ჩემპიონი მომავალ ჩემპიონს შეხვდება.

თავის მხრივ, ნაპოლიც გამოეთიშა ლიგას, ბარსელონამ სეზონის საუკეთესო შეხვედრა ჩაატარა და მომდევნო ეტაპზე გავიდა. ნაპოლი ამ სეზონში ტიტულის გარეშე რჩება, მათი მთავარი საზრუნავი ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოხვედრა იქნება, რაც ძალიან რთული საქმეა.

სეზონის მიწურულს ისევ გახშირდება საუბრები კვარაცხელიასა და ოსიმენის თაობაზე, ამჟამად იწერება, რომ ოსიმენი აუცილებლად წავა, კვარას კი ასე მარტივად არ გაუშვებენ. ეს უკვე საზაფხულო ქარიშხალია და განხილვაც ზაფხულისთვის იყოს. თანაც, ვინ იცის როგორი ზაფხული იქნება საქართველოსთვის?!

პირველი მატჩი და დანაკლისი

ინტერს ხუან კუადრადო, სტეფანო სენსი, კარლოს აუგუსტო და მარკო არნაუტოვიჩი დააკლდება.

ნაპოლის კი ყველაფერი რიგზე აქვს, ტრავმები სეზონის პირველ ნახევარში მოილიეს.

რაც შეეხება მიმდინარე სეზონის პირველ შეხვედრას, ინტერმა ნაპოლი 3:0 გაანადგურა. გოლები ჩალხანოღლუმ, ბარელამ და ტურამმა გაიტანეს. ამ დროს ნაპოლის უკვე ვალტერ მაძარი წვრთნიდა.

ამის შემდეგ ნაპოლისა და ინტერის გზები იტალიის სუპერ თასის ფინალში გადაიკვეთა. იქ შედარებით თანაბარი თამაში გამოვიდა და ნაპოლი ყველაზე ახლოს იყო მიმდინარე სეზონში ტიტულთან, მაგრამ გამარჯვება მაინც ინტერმა მოიპოვა. ნაპოლი მესამოცე წუთისთვის კაცნაკლული დარჩა, მოედნიდან სიმეონე გააძევეს, 90-ე წუთზე კი ლაუტარო მარტინესმა გამარჯვების გოლი გაიტანა.

ურთიერთშეხვედრების ისტორია

  • გუნდები 175-ჯერ შეხვდნენ ერთმანეთს. ინტერს 81 მოგება აქვს, ნაპოლის 52. 42 შეხვედრა კი ფრედ დასრულდა.

  • ინტერს 269 გოლი აქვს ნაპოლისთვის შეგდებული.
    ნაპოლიმ 199-ჯერ გაუტანა ინტერს და დღეს მეორასედ შეეცდებიან მეტოქის ბადის შერხევას.

  • საუკეთესო ბომბარდირი ჯუზეპე მეაცაა – 15 გატანილი გოლით.

  • ყველაზე დიდი სხვაობით გამარჯვება 1926/27 და 1927/28 წლების სეზონებში ფიქსირდება.
  • 1926 წელს ინტერმა ნაპოლი 9:2 დაამარცხა. ჰეთთრიქი შეასრულა ლუიჯი კევენინიმ, ხოლო, ანტონ პოვოლნიმ პოკერი მიითვალა. ავსტრიელმა პოვოლნიმ მხოლოდ ერთი სეზონი გაატარა სერია ა-ში, და იმ ერთ სეზონშიც ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გახდა 22 გატანილი გოლით.
  • მომდევნო სეზონში ინტერმა 8:1 დაამარცხა ნაპოლი, ოღონდ, ამ დროს კლუბს ამბროსიანა ერქვა. ამჯერად ჰეთთრიქი ლეგენდარულმა ჯუზეპე მეაცამ შეასრულა.

სად ვუყუროთ? – ინტერი vs ნაპოლი

მატჩის ყურებას Setantasports.com-ის პლატფორმასა და სატელევიზიო არხებზე შეძლებთ.

ავტორის შესახებ
არმაზ ახვლედიანი
არმაზ ახვლედიანი
მე ვარ Setanta Sports-ის ჟურნალისტი არმაზ ახვლედიანი. ამჟამად ვწერ ანალიტიკურ სტატიებს ფეხბურთზე, სოციო-ეკონომიკური და პოლიტიკური გავლენების შესახებ. გარდა ამისა, ვწერ ბლოგებსა და მიმოხილვებს. აქამდე პოლიტიკის, ლიტერატურისა და მოგზაურობის შესახებ ვწერდი ჟურნალ ლიბერალში, რადიო თავისუფლებაზე და National Geographic-ზე. ვარ ლიტერატურული ჟურნალის, "დარაჯის" ერთ-ერთი დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. ვარ ფსიქოლოგიისა და ტურიზმის ბაკალავრი და შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის მაგისტრი. ხშირად ვიყენებ ლიტერატურულ თეორიებს ბლოგების სტრუქტურის ასაგებად, ასევე, გამომიყენებია შედარებითი ანალიზი, ფეხბურთელებსა და ლიტერატურულ პერსონაჟებს შორის.

სარჩევი

ჩაყვინთვის სპორტში
ტოპ ლიგები
პრემიერ ლიგა
ბუნდესლიგა
ლა ლიგა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
მიჰყევით SETANTA-ს

მიიღე წვდომა ჩვენს პლატფორმაზე