ინგუში ფეხბურთელის ამბავი ბრიუგედან

ინგუში ფეხბურთელის ამბავი ბრიუგედან საქართველოში | Setanta Sports

ინგუში ფეხბურთელი ბრიუგედან საქართველოს სახელით რომ ითამაშებს setantasports.com-ის მკითხველმა უკვე იცის. დამატებითი დეტალების გასაგებად ჰალიდ დოლტმურზიევის მენეჯერს ვესაუბრეთ.

ბრიუგეს U16-ის ლიდერისა და ბომბარდირის საქართველოს სახელით თამაშის სურვილის ამბავი ელვის სისწრაფით გავრცელდა. მიზეზი რამდენიმეა:

  • ჰალიდის ნიჭი და პერსპექტივა
  • მისი ცენტრფორვარდობა
  • ინგუშური წარმომავლობა

ერთობლიობაში ამ და სხვა მომყოლმა დეტალებმა ფეხბურთის ქართველ გულშემატკივრებში მხოლოდ დადებითი რეზონანსი წარმოქმნა.

საინტერესო ამბის კიდევ უფრო დეტალურად გასაგებად ფეხბურთელის მენეჯერს სანდრო ჭელიძეს დავეკონტაქტეთ. საფეხბურთო აგენტი სააგენტო S & P Sportsagency-ის წარმოადგენს და ჰალიდის საფეხბურთო კარიერის პროცესებში აქტიურადაა ჩართული.

ჰალიდ დოლტმურზიევი საქართველოს სახელით – ინიციატივა

ვის ეკუთვნის გადაწყვეტილება. კითხვამ აქტუალობა საკითხის გაცხადების თანავე შეიძინა. მიზეზი რუსეთისთვის დაწესებული სანქციებია.

შიში, სიფრთხილე, ქომაგებს შორის, ამ მხრივ ლეგიტიმური იყო, თუმცა ეს მოსაზრება მალევე გაქარწყლდა. გადაწყვეტილება თავად ფეხბურთელსა და მის ოჯახს ეკუთვნის.

“ეს ინიციატივა თავად ფეხბურთელსა და მის მშობლებს ეკუთვნის. მანამდე ამაზე მეც ვფიქრობდი, თუმცა შეთავაზებას ვერ ვბედავდი. თუმცა მოგვიანებით, სურვილი თავად გამოთქვეს.

თავიდან, კომუნიკაცია გიორგი ხიზანიშვილთან (U16-ის მწვრთნელი) დავიწყეთ. მან ფეხბურთელი გაანალიზა და ძალიან მოეწონა. მან ფეხბურთელის შესაძლებლობების ბოლომდე ირწმუნა და შემდეგ უკვე გიორგი ჩიტაურს (U17-ის მწვრთნელი) გადასცა. ერთ-ერთი საკვანძო სწორედ ეს მონაკვეთი და ცხადია, გიორგის გადაწყვეტილება იყო.

ასევე, მსურს მადლობა გადავუხადო სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტს, ალექსანდრე იაშვილს გამოცხადებული ნდობისთვის. რომელმაც აიტაცა და ბოლომდე მიიყვანა ეს საქმე”.

სანდრო ჭელიძე – ჰალიდ დოლტმურზიევის მენეჯერი

როგორია თავად ჰალიდ დოლტმურზიევის დამოკიდებულება?

გიორგი ჩიტაურის 17-წლამდელთა ნაკრები საკვალიფიკაციო რაუნდში დანიას, ავსტრიასა და ლიეტუვას დაუპირისპირდება. მატჩებს 11-დან, 17 ოქტომბრის ჩათვლით საქართველო უმასპინძლებს.

მანამდე ასაკობრივ ნაკრებს უახლოესი შეკრება აზერბაიჯანში ელის. დიდი ალბათობით, სწორედ იქ შედგება საქართველოს მაისურით ჰალიდ დოლტმურზიევის დებიუტი.

“თავად ფეხბურთელს საოცრად კარგი განწყობა და დამოკიდებულება აქვს. ერთი სული აქვს, როდის ჩამოვა და გუნდს შეუერთდება და უკვე მოგვიანებით, ოფიციალურ შეხვედრებში დაიცავს საქართველოს ღირსებას”.

რატომ აირჩია ინგუშმა ფეხბურთელმა საქართველო?

ინგუში და ქართველი ხალხების მეგობრობა ორივეს კოლექტიური მეხსიერების ნაწილია. ამ ფაქტორმა ბრიუგეს ინგუში ფეხბურთელის საქართველოს მიმართ ინტერესის ამბავს განსაკუთრებული ელფერი შესძინა.

საინტერესოა, რომ ბელგიის ჩრდილოეთ ნაწილში დაბადებულ ფეხბურთელს, ბელგიისა და რუსეთის სახელით თამაში თავისუფლად შეეძლო. შესაბამისად, საქართველოს სასარგებლოდ გაკეთებული არჩევნის განმარტება კიდევ უფრო საინტერესოა.

“იყო ინტერესი როგორც რუსეთიდან, რა თქმა უნდა, ბელგიიდან. ეს კი მისი სტატისტიკითა და თამაშის ხარისხითაა ნაკარნახები. ის ერთ-ერთი საუკეთესო ბომბარდირია და ბრიუგეს U16-ის გოლების დაახლოებით 70 %-ში (23 გოლი + 5 საგოლე პასი) მონაწილეობა აქვს მიღებული.

პირველ რიგში, ის კავკასიელია. მათ ძალიან უყვართ საქართველო და ბევრი რამ აერთიანებთ ჩვენს ქვეყანასთან. ინგუშები ჩვენი მეზობელი, მოძმე ხალხია.

ამას გარდა, მთელი მსოფლიო ხედავს, რომ ვითარდება ქართული ფეხბურთი, და ერთ-ერთ მიზეზი ესეც იყო.”

ინტერესი ინგუში ფეხბურთელის მიმართ

ჰალიდი სერკლ ბრიუგეს აღზრდილია. ის 1 წელია რაც ბრიუგეში თამაშობს და 16 წლის 22 მაისს გახდება.

მიმდინარე სეზონში ბრიუგეს U16-ში მის ანგარიშზე 23 გოლი და 5 საგოლე პასია. ასეთი ეფექტური სეზონის შემდეგ მის მიმართ სხვადასხვა კლუბის ინტერესიც ლოგიკურია.

“კონკრეტულად კლუბებს არ დავასახელებ, თუმცა სერიოზული ინტერესი არსებობს პორტუგალიური და იტალიური გუნდებისგან.

მსურს ხაზი გავუსვა, რომ ამ ეტაპზე, ფეხბურთელი ბრიუგეში ბედნიერია, საგრძნობი პროგრესი აქვს და არ იგეგმება ბრიუგეს დატოვებაზე ფიქრი”.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს – ფეხბურთელი ახლა მხოლოდ ორ გუნდზე ფიქრობს, ეს არის ბრიუგე და საქართველოს ასაკობრივი ნაკრები.

კლუბში მაისის ბოლოსკენ დაგეგმილია რამდენიმედღიანი ტურნირი საფრანგეთში. შემდეგ ჰალიდი ჩამოდის საქართველოს U17-ის შეკრებაზე.

1-ელიდან 12 ივნისამდე საქართველოს შეკრებაზე იქნება. შემდეგ, ჰალიდი ბრუნდება ბრიუგეში და იცვლის ასაკობრივ გუნდს და U16-დან გადადის U18-ში.

რაც შეეხება ნაკრების ნაწილს, უდიდესი იმედი გვაქვს, რომ ჰალიდი შეძლებს დაეხმაროს საქართველოს ბევრი გამარჯვების მოპოვებაში”.

შეჯამებისთვის, ინგუში ფეხბურთელი ბრიუგედან – ეს ამბავი ქართული ფეხბურთისთვის მხოლოდ სასიკეთო უნდა იყოს. თუმცა, ცხადია, გადაჭარბებული ეიფორია და აურზაური არ ივარგებს. სავარაუდოდ, ჯერჯერობით, ფეხბურთელი და ოჯახი კომენტარს, სწორედ ამიტომ არ აკეთებს.

დაკავშირებული სტატიები
ავტორის შესახებ
ირაკლი იმედაძე
ირაკლი იმედაძე
მე სპორტული ჟურნალისტი, სცენარისტი და ფეხბურთის კომენტატორი ვარ. ხუთი წელია, Setanta Sports-ისა და ჩემი გზები დაკავშირებულია. შეხედულება, უფრო მეტიც, აქსიომა, რომ სპორტი უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ ფიზიკური აქტივობა ან მსგავსი რამ, თავიდან ბოლომდე მრთავს ამ ინდუსტრიაში და ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი ხდება. ვარ საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, ახლო აღმოსავლეთის კონცენტრაციით. ვფიქრობ, ორიენტალისტიკა სპორტის ლაბირინთებში ორიენტირებაში ძალიან მეხმარება.

სარჩევი

ჩაყვინთვის სპორტში
ტოპ ლიგები
პრემიერ ლიგა
ბუნდესლიგა
ლა ლიგა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
მიჰყევით SETANTA-ს

მიიღე წვდომა ჩვენს პლატფორმაზე