სარჩევი
ჰარი კეინი კატარის მუნდიალზე | Setanta Sports
2022 დეკ 12, 04:50 შ-მდე
4 წუთის საკითხავი

რამდენჯერ დაარტყამს ჰარი კეინი იმავე პენალტს საკუთარ წარმოსახვაში? რამდენჯერ დაურტყამს რობერტო ბაჯოს? ალბათ, პასუხი იმ რიცხვს უტოლდება, რამდენჯერაც ინგლისის კაპიტანი ამ მომენტს გონებაში დაატრიალებს. ყველას გაიტანს, ოღონდ ეგ უკვე სულ სხვა ისტორიაა.

რამდენადაც დიდებულია გამარჯვებულის ხვედრი, იმდენად ულმობელია ზოგჯერ ტურნირი იმ ფავორიტის მიმართ, რომლისგანაც მხოლოდ გამარჯვებას ელიან, ის კი შინ ხელცარიელი, თანაც დროზე ადრე ბრუნდება, ან უარესი – უკვე საკუთარ მიწაზეა და გათამაშებას ეთიშება.

კატარის მუნდიალის ჩათვლით მსოფლიო ჩემპიონატებზე 80 ნაკრებს უთამაშია. აქედან, ჩემპიონი რომ სულ 8 გამხდარა, აბა რა ბევრი შეხსენებაა საჭირო. ბრაზილიას 22-დან ყველა ტურნირზე უთამაშია. პენტაკამეონებსაც კი, რომელთაც ყველაზე მეტი 5 ტიტული აქვთ მოგებული, 17 ისეთი ფორმაციის ნაკრები ჰყოლიათ, რომელთაც თასი თავს ზემოთ ვერ აღუმართავთ.

მათგან ყველაზე მტკივნეული ცხადია, შინ განცდილი მარცხებია: 1950 და 2014 წელს. პირველში ბრაზილიამ ფინალი ურუგვაისთან დათმო, მეორეში კი გერმანიასთან ნახევარფინალში 1-7 განადგურდა. ბევრი ასეთი მოულოდნელობის გახსენება შეიძლება მუნდიალის კოლექტიური მეხსიერებიდან, თუმცა ეს სტატია სხვა თემაზეა.

გუნდური პასუხისმგებლობა vs ტვირთის ინდივიდუალურად ზიდვა

იმედგაცრუება ერთია, თანაც, როდესაც ის გუნდური პასუხისმგებლობის სახეს იღებს, ხოლო პერსონალური ტრაგედია – მეორე. ზოგჯერ დგება დრო, როდესაც მსოფლიო ფეხბურთის ისრები ერთს ამოირჩევენ ხოლმე, თანაც მთელი თავისი წრფივი სასტიკი ბრწყინვალებით და მისკენ მიმართულებს, საერთოდაც არ ადარდებთ – შეძლებს კი ესა თუ ის ადამიანი, პასუხისგების ამხელა ტვირთის მარტო ტარებას?! ეს სტატია ანტიგმირებზეა.

ქართულ ენაში ასეთი იდიომა გვაქვს – ვირზე შესვეს და ტალახი ესროლესო. იდიომა ტრადიციიდან მომდინარეობს. ასე სჯიდნენ ხოლმე დაბლობში თემის ადათისა და ტრადიციის დამრღვევს, თანაც წესის დამრღვევი სახედარზე უკუღმა იჯდა და ხელში ცხოველის კუდი ეკავა. ცხადია, არც კეინია მარიტა და არც გიორგი ლეონიძეს დაუწერია ინგლისი-საფრანგეთის მატჩის სცენარი, თუმცა ორივე პერსონაჟს, აგერ უკვე ორი დღეა, რაც ტრაგიზმი აერთიანებს.

„ეს არის რაღაც რასთან ერთადაც ცხოვრება მომიწევს, ყბაში ეს დარტყმა უნდა მივიღო“ – უთხრა კეინმა BBC Sports. შემდეგ კი თვითერში გულშემატკივრებს მიმართა და პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო.

ანტიგმირები და მოჩვენებებზე მონადირენი

რობერტო ბაჯო, კევინ კიგანი, სტიუარტ პირსი, კრის უოდლი, კრისტიან ვიერი, დევიდ ბატი, ასამოა გიანი, გონსალო იგუაინი, იაკუბუ აიგბენი და ბევრი სხვა დროის მანქანაზე უარს ნამდვილად არ იტყოდა.

ბაჯო 1994-ში აშშ-ში გაემგზავრებოდა. პასადენაში, კალიფორნიაში 38 გრადუს სიცხეში, დადგებოდა 94 000 გულშემატკივრის წინაშე, დაელოდებოდა შანდორ პულის სასტვენს თავიდან და მთელ თავის ცხოვრებას შეცვლიდა.

ამას ჩაიდენდა კევინ კიგანი. 1982 წელს მასპინძელს ესპანეთს გაუტანდა თავით და მის გუნდს ნახევარფინალში გაიყვანდა.

აკი თავად აქვს ნათქვამი სტიუარტ პირსს, – ჩემი სამყარო დაინგრაო. 1990-ში psycho ფსიქოს მეტსახელით ცნობილ ფლანგელს ბოდო ილგნერის მოგერიებული დაარტყმა არასდროს დაავიწყდება.

სხვებიც ასე არიან, ისინი ვინც ამ სიაში არიან და ისინი, ვინც თავისუფლად შეიძლებოდა აქ ყოფილიყო. სახუმაროდ მათ საქმე მუნდიალების გადამწყვეტ მომენტებში ნამდვილად არ ჰქონიათ, თუმცა მათი ბედი იმ კომედიურმა ფილმმა გააერთიანა 1994 წელს, აშშ-ში რომ გამოვიდა. Ghostbusters კომედიაა, თუმცა ეს და მათი ბედის მსგავსი ჯენტლმენები წლებია აჩრდილებს ებძრძვიან.

ან და ღმერთების მიერ მრავალგზის დასჯილი სიზიფესავით ლოდს მთაზე მიათრევენ და ის ისაა მიზანს უნდა მიაღწიონ, წარმოსახვიდან პენალტგატანილები, რეალობაში ბრუნდებიან და სიზიფესი არ იყოს მიწაზე დაგორებული ლოდის ქიმისკენ თრევა ახლიდან უწევთ.

ძნელია, ძალიან ძნელი. ამის გააზრება მარტივი რომ იყოს, არც ის სახუმარო მიმები შეიქმნებოდა ჯონი უილკინსონსა და ჰარი კეინს, რომ აერთიანებს.

ჰეროსტრატე და მოგონების დავიწყების ტრადიცია

ჩვ. წ.-მდე მე-4 საუკუნეში ჰეროსტრატემ მსოფლიოს 7 საოცრებიდან ერთ-ერთი გაანადგურა. ცნობადობის გამო დანაშაულის ჩამდენმა პირველმა ეპონიმმა, როდესაც ეფესოს ტაძრის დაწვის ნამდვილი მოტივი გაამხილა, მან სათავე მოგონების დავიწყების ტრადიციას – damnatio memoriae-ს დაუდო.

ცხადია, ეს ურთულესი იქნება, თუმცა კეინის ფსიქიკისთვის ამ ცნობილი ხერხის გამოყენება უმნიშვნელოვანესი იქნება. ორი კვირის შემდეგ მას უკვე ტოტენჰემის მაისურით ვნახავთ მინდორზე.

სამი ლომის კაპიტანს ინგლისური ფეხბურთის ოჯახიდან, და არა მხოლოდ, მხარდაჭერა არ აკლია. უეინ რუნის 53-გოლიან რეკორდთან გამთანარებელ ფორვარდს სოლიდარობა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმაც გამოუცხადა.

რიში სუნაკმა, ნაკრების ფეხბურთელებს თავის მაღლა აწევისკენ მოუწოდა და შემდეგ სიტყვაც შეასრულა და საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს გამარჯვების მილოცვასთან ერთად ნახევარფინალში წარმატებაც უსურვა.

გარი ლინეკერმა კეინს შეახსენა, რომ მას არაფრის უნდა რცხვენოდეს და, რომ პენალტი მან შეიძლება გააცუდოს, ვისაც მისი შესრულების სიმამაცე ეყოფა.

საგულისხმოა, რომ, მართალია, არა მსოფლიო ჩემპიონატზე, თუმცა ასევე მნიშვნელოვან მატჩებსა და ფორუმებზე, პენალტები სხვადასხვა დროს, თავად ლინეკერს, მთავარ მწვრთნელ გარეთ საუთგეიტს, ბობი ჩარლტონს, ტომ ფინის, ალან შირერს და დევიდ ბექჰემსაც კი გაუცუდებიათ.

Three Lions – It has been coming home

მართალია, სამი ლომის ჰიმნმა და მისმა ტექსტმა დრო ორივე გაგებით კიდევ ერთხელ შეიცვალა – it is coming home-ის ნაცვლად, ახლა it has coming home გამოდის, თუმცა ეს ერთი კონკრეტული ინდივიდის ბრალი არ არის და არც უნდა იყოს. ფეხბურთის მთავარი პრინციპი ხშირად ემოციებში იკარგება ხოლმე, თუმცა უნდა გვახსოვდეს, რომ გუნდი იგებს და გუნდი აგებს. ასე, რომ Go Well, Harry!