სარჩევი
გიორგი მიქაუტაძე გალათასარაი, გრიპი და ლიგა 1-ის სიმბოლური | Setanta Sports

გიორგი მიქაუტაძე ვირუსის გამო ვერ ვარჯიშობს. ქართველის მიმართ არის გალას ინტერესიც, რაზეც თურქულ მედიაში აქტიურად იწერება.

ლიონი კალენდარული წლის ბოლო შეხვედრას საფრანგეთის თასზე გამართავს. მეტოქე ონტონტ ფინი ულნუა იქნება. კლუბი საფრანგეთის 14 დივიზიონიდან რანგით მე-8-ში გამოდის.

ფავორიტი ცხადია, ლიონია, თუმცა შესაძლოა ჟორჟმა ეს მატჩი გამოტოვოს. მიზეზი გაციებაა. გრიპის გამო მიქაუტაძემ დღევანდელ ვარჯიშშიც ვერ მიიღო მონაწილეობა. თუკი ხვალისთვის საქართველოს ნაკრების ფორვარდი მომჯობინდება, 2024 წლის ბოლო მატჩში მისი მონაწილეობის შანსები გაიზრდება.

გრიპის გამო მიქაუტაძემ საქველმოქმედო ღონისძიბაში ვერ მიიღო მონაწილეობა. ევროპის ჩემპიონატის საუკეთესო თანაბომბარდირს ბრონში, Femme Mère Enfant ჰოსპიტალის ბავშვებისთვის სათამაშოები და ტკბილეული უნდა გადაეცა.

ჟორჟმა იმედი გამოთქვა, რომ მომჯობინების შემდეგ ის საავადმყოფოს მაინც ეწვევა, რადგან ეს ღონისძიება მისთვის მნიშვნელოვანია.

მიქაუტაძემ ლიგა 1-ის წინა ტურში პსჟ-ს ბრწყინვალე გოლი გაუტანა. მარცხის მიუხედავად ლიონის 69-ე ნომერი ტურის სიმბოლურში მოხვდა.

გიორგი მიქაუტაძე – გალათასარაი

ჟორჟის მიმართ იუვენტუსის მხრიდან ინტერესზე ამ სეზონში აქტიურად იწერებოდა. თანაც წყარო არაერთი ავტორიტეტული გამოცემა თუ ჟურნალისტი იყო.

ამჯერად კიდევ უფრო აქტიურად გალათასარაის ინტერესზე იწერება. თურქებს მიქაუტაძისა და გიფტ ორბანის დამატება სურთ.

მიზეზი ვიქტორ ოსიმენის კლუბიდან წასვლა იქნება. ნიგერიელის მიმართ პოტენციურ ინტერესზე მანჩესტერ იუნაიტედისგან სულ უფრო და უფრო მეტი იწერება.

გალა კი ვალდებული იქნება ის გაუშვას, თუკი რომელიმე კლუბი ნაპოლის ნიგერიელის გამოსასყიდს გადაუხდის.

ლიონს კი ზამთარში აქტიურად მოუწევს ფეხბურთელების გასხვისება. მიზეზი ფინანსური ბალანსია, რომელიც მიქაუტაძის კლუბს პოზიტიური ნამდვილად არ აქვს.

ამის მიუხედავად, ტრანსფერის ალბათობა მაინც მცირეა, რადგან როგორც კლუბი, ასევე ფეხბურთელი, თანამშრომლობით კმაყოფილები არიან.

თუ ვინმეს უნდა შეელიოს ლიონი, ჟორჟი ამ ფეხბურთელთა ნუსხაში ბოლო ან ერთ-ერთი ბოლო იქნება.

როგორც ფრანგები წერენ, ლიონი ეცდება 6 ფეხბურთელს შეელიოს. მათ რიგებში კი მიქაუტაძე არ მოიაზრება.

რაც შეეხება ჟორჟს – ამ სეზონში ქართველმა ლიონის მაისურით ყველა ტურნირზე ჩატარებულ 20 მატჩში 6 გოლი შეყარა. ორბანმა კი 5 მატჩში – 2 გოლი გაიტანა.