სარჩევი
შიმონ მარჩინიაკი ფინალს იმსაჯებს | Setanta Sports
2022 დეკ 15, 20:09 შშ
1 წუთის საკითხავი

საფრანგეთი და არგენტინა მსოფლიო ჩემპიონატის ტიტულთან ერთი ხელის გაწვდენაში არიან. ლუსაილის სტადიონზე გადამწყვეტ შეხვედრას შიმონ მარჩინიაკი გაუძღვება.

კატარში, პოლონელმა არბიტრმა ორი შეხვედრა განსაჯა. ორივე შემთხვევაში ის მოედანზე მომავალ ფინალისტთან ერთად იყო.

პირველი – საფრანგეთი 2-1 დანია იყო, ხოლო მეორე – არგენტინა 2-1 ავსტრალია.

პიერ ლუიჯი კოლინა და შიმონ მარჩინიაკი | Setanta Sports
პიერ ლუიჯი კოლინა და შიმონ მარჩინიაკი

პიერ ლუიჯი კოლინას გადაწყვეტილებით, მარჩინიაკს ასისტენტობას თანამემამულეები გაუწევენ. გვერდითი მსაჯები პაველ სოკოლნიჩკი და ტომაშ ლისტკიევიჩი იქნებიან. მეოთხე მსაჯად, ტექნიკურ ზონებს შორის ამერიკელი ისმაილ ელფათი იქნება.

გულშემატკივარს, შესაძლოა მარჩინიაკის ის თამაშები ახსოვდეს, რომელთაც დიდი რეზონანსი მოჰყვა.

ჩემპიონთა ლიგაზე 41 წლის პოლონელი ბარსელონა 3-3 ინტერს და ატლეტიკო 2-1 პორტუს გაუძღვა. ორივე მატჩს საკმაოდ დიდი და ორაზროვანი რეზონანსი ჰქონდა. არბიტრის კრიტიკას იმ მატჩების შემდეგ არც მწვრთნელები მორიდებიან.

განსხვავებული იყო მარჩინიაკის შეფასება მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე. პოლონელი არბიტრის მიერ განსჯილ მატჩებში, საკამათო და ორაზროვანი გადაწყვეტილებები არ ყოფილა.