დინამო თბილისის აკადემიის მიღწევა ევროპაში

დინამოს აკადემიის ფეხბურთელები საქართველოს ნაკრებში | Setanta Sports

დინამო თბილისი – ყველაზე დაუფასებელი აკადემია ევროპაში. ამგვარი შეფასება ფეხბურთის ბევრ გულშემატკივარს მოუვა თავში, როდესაც ერთ საინტერესო სტატისტიკას ნახავს. ევროპულ ნაკრებებს შორის, ქვეყნის პირველ ნაკრებში თბილისური გუნდის აკადემიას ყველაზე მეტი ფეხბურთელი ჰყავს.

ჯერ კიდევ 1990-იანი წლებიდან მოყოლებული საქართველოს ნაკრებში დინამო თბილისის ფეხბურთელთა სიმრავლე შეუმჩნეველი არავის დარჩებოდა. ამის მიზეზი კი ქვეყნის სოციო-ეკონომიკური მდგომარეობა და მისი სარკისებურად ამსახველი ჩემპიონატი იყო.

წლების განმავლობაში დინამო თბილისი საქართველოში უალტერნატივო იყო. ამის გამო კი ხშირად ჩვენი ეროვნული ჩემპიონატი ე.წ. თავკომბალა ლიგად აღიქმებოდა. ეს კი წლების განმავლობაში, გამოკვეთილი ჰეგემონის მქონე ჩემპიონატს გულისხმობს.

ასეთად, მაგალითად, ბუნდესლიგასაც მიიჩნევენ. სხვათა შორის, მიუნხენის ბაიერნი გასულ წელს აღმართული ვერცხლის სინით, მიჯრით მოგებული ჩემპიონატებით დინამო თბილისს გაუთანაბრდა. ორივე მათგანს თავ-თავისი ჩემპიონატი ზედიზედ 10-ჯერ აქვს მოგებული.

ამგვარი ჩემპიონატები უფრო მეტად განვითარებად ქვეყნებს ახასიათებთ. მიზეზი მარტივია – არათანაბრად განვითარებული კლუბები, მათი რესურსებიდან გამომდინარე. ნაკლები ინტერესი კერძო სექტორისგან და შედეგად ერთ გუნდში, საგრძნობლად თავმოყრილ რესურსს ვიღებთ.

ისევ ნაკრებებს რომ დავუბრუნდეთ. როგორც წესი, ასეთ ტიპის ჩემპიონატებში, ნაკრების მთავარი მიმწოდებლები, სწორედ ჰეგემონი კლუბები არიან ხოლმე. თუმცა დღეს საქართველოს ჩემპიონატი ერთი გუნდის ლიგად აღარ აღიქმება. კონკურენცია გაიზარდა, მათ შორის აკადემიების დონეზეც. თუმცა დინამო თბილისის აკადემია მასში ინვესტირებული რესურსით მაინც გამორჩეული, რაც შესაბამის შედეგსაც დებს.

დინამო თბილისის აკადემიის წარმატება ნაკრებში წარდგენილი ფეხბურთელებით | Setanta Sports

დინამო თბილისის აკადემია – 54 %

ეს სტატისტიკა კონკრეტულად დინამო თბილისის აკადემიას შეეხება. 12 წლის წინ შექმნილმა აკადემიამ შედეგის მოტანა წლებია დაიწყო. სისტემურობამ, ინფრასტრუქტურის გარდა, ადამიანურ რესურსში ინვესტირებამ დადო ის ზრდადი შედეგი, რაც ემოციურად გაზომვადი წარმატების გარდა რიცხვებშიც ნათლად ჩანს.

ცხადია, სხვა საქმეა, რომ ამ ფეხბურთელების დიდ ნაწილს დინამოს პირველ გუნდში თამაშის დიდი გამოცდილება არ მიეცა. მიზეზთა წყება კომპლექსურია, თუმცა ეს საუბრის სხვა თემაა.

სტატისტიკა დინამო თბილისის ანალიტიკოსმა მიხა გაბეჩავამ დათვალა. როგორც თბილისური გუნდის ანალიტიკოსმა setantasports.com-ს უთხრა, სტატისტიკა ამ საკვალიფიკაციო ციკლის სასტარტო ორ ტურს შეეხება.

დინამო თბილისის აკადემიამ 55 ევროპულ ნაკრებს შორის, საკუთარი ქვეყნის გუნდში ყველაზე მეტი ფეხბურთელი მიავლინა. მეორე ადგილზე დონეცკის შახტარია, ხოლო მესამე მონტენეგროული ბუდუჩნოსწი. რეიტინგის ტოპ 10 ნაკრებიდან ამ ათეულში აიაქსი და ანდერლეხტი მოხვდნენ.

აკადემიის პროდუქტად ითვლება ფეხბურთელი, რომელსაც გუნდის სტრუქტურაში და ასაკობრივებში 3 და მეტი წელი აქვს გატარებული.

ამას გარდა, სტატისტიკაში არ ფიგურირებს ისეთი ქვეყნები, რომელთა მოსახლეობა 100 000-ს არ აღემატება. ასეთი ქვეყნების ნაკრებთა ბაზას უმეტესად ერთი კლუბი წარმოადგენს. ამ კომპონენტის გამოკლება კი სტატისტიკას უფრო მართებულს ხდის.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა

მეკარე: გიორგი ლორია („ანორთოსისი“, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მამარდაშვილი („ვალენსია“, ესპანეთი), ლუკა გუგეშაშვილი („ყარაბაღი”, აზერბაიჯანი)

დაცვა: გურამ კაშია („სლოვანი“, ბრატისლავა, სლოვაკეთი), ოთარ კაკაბაძე („კრაკოვია“, კრაკოვი, პოლონეთი), მამუკა კობახიძე („დინამო“, ბათუმი, საქართველო), სოლომონ კვერკველია („ნეფთჩი“, ბაქო, აზერბაიჯანი), ირაკლი აზაროვი („ცრვენა ზვეზდა“, ბელგრადი, სერბეთი), გიორგი გოჩოლეიშვილი (“შახტარი”, დონეცკი, უკრაინა), ჯიმი ტაბიძე („დინამო“, თბილისი, საქართველო), საბა საზონოვი (“დინამო”, მოსკოვი, რუსეთი), ლაშა დვალი (“აპოელი”, ნიქოზია, კვიპროსი), გიორგი წიტაიშვილი („ლეხი“, პოზნანი, პოლონეთი)

ნახევარდაცვა/თავდასხმა: ნიკა კვეკვესკირი („ლეხი“, პოზნანი, პოლონეთი), ლუკა გაგნიძე (“დინამო” მოსკოვი, რუსეთი), გაბრიელ სიგუა („დინამო“, თბილისი, საქართველო) გიორგი აბურჯანია („ჟილ ვისენტე“, ბარსელუში, პორტუგალია), გიორგი ჩაკვეტაძე („სლოვანი“, ბრატისლავა, სლოვაკეთი), საბა ლობჟანიძე („კარაგუმრუკი”, სტამბოლი, თურქეთი), ზურიკო დავითაშვილი („ბორდო“, საფრანგეთი), ხვიჩა კვარაცხელია („ნაპოლი“, ნეაპოლი, იტალია), გიორგი მიქაუტაძე („მეცი“, საფრანგეთი), დავით ვოლკოვი („საბაჰი“, მასაზირი, აზერბაიჯანი), გიორგი ბერიძე (“ანკარაგუჯუ”, ანკარა, თურქეთი), ბუდუ ზივზივაძე („კარლსრუე“, გერმანია)

ანზორ მექვაბიშვილი ნაკრებს ტრავმის გამო ვერ დაეხმარა. საბოლოო ჯამში კი გამოძახებული 26 ფეხბურთელიდან 14-ს დინამოს აკადემიაში სხვადასხვა დროს მინიმუმ 3 წელი გაუტარებია.

  • გიორგი ლორია
  • გიორგი მამარდაშვილი
  • ლუკა გუგეშაშვილი
  • გურამ კაშია
  • ოთარ კაკაბაძე
  • ირაკლი აზაროვი
  • ანზორ მექვაბიშვილი
  • ლუკა გაგნიძე
  • გაბრიელ სიგუა
  • გიორგი ჩაკვეტაძე
  • საბა ლობჟანიძე
  • ზურიკო დავითაშვილი
  • ხვიჩა კვარაცხელია
  • ბუდუ ზივზივაძე

ამჟამად დინამო თბილისის აკადემიაში ვიტალი დარასელიას სახელობის ტრადიციული ტურნირი მიმდინარეობს.

ავტორის შესახებ
ირაკლი იმედაძე
ირაკლი იმედაძე
მე სპორტული ჟურნალისტი, სცენარისტი და ფეხბურთის კომენტატორი ვარ. ხუთი წელია, Setanta Sports-ისა და ჩემი გზები დაკავშირებულია. შეხედულება, უფრო მეტიც, აქსიომა, რომ სპორტი უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ ფიზიკური აქტივობა ან მსგავსი რამ, თავიდან ბოლომდე მრთავს ამ ინდუსტრიაში და ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი ხდება. ვარ საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, ახლო აღმოსავლეთის კონცენტრაციით. ვფიქრობ, ორიენტალისტიკა სპორტის ლაბირინთებში ორიენტირებაში ძალიან მეხმარება.

სარჩევი

ჩაყვინთვის სპორტში
ტოპ ლიგები
პრემიერ ლიგა
ბუნდესლიგა
ლა ლიგა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
მიჰყევით SETANTA-ს

მიიღე წვდომა ჩვენს პლატფორმაზე